თურქეთში მომხდარ ორმაგ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რამდენიმე დღის წინ არჰავის რაიონში 23 წლის რიტა ეგნატაშვილი მეუღლემ, შაქრო აბესლამიძემ მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ასევე მოკლულია ბრალდებულის მეგობარი ხვიჩა ოსანაძეც.
თავდაპირველად თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რასაც მოკლული ქალის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს.
როგორც Ambebi.ge-ს რიტა ეგნატაშვილის ახლობელი უყვება, გოგონა შინ მარტო იყო, როდესაც ქმარი მივიდა, ჯერ სცემა და შემდეგ წამებით მოკლა. მოკლულის ოჯახის ახლობლები ფიქრობენ, რომ მამაკაცმა მკვლელობა წინასწარ დაგეგმა და სწორედ ამ მიზნით წაიყვანა რიტა ეგნატაშვილი თურქეთში.
“თურქეთში ჩაიყვანა, რომ მოეკლა, ის იყო მანიაკი, ნარკომანი… თურქულმა მედიამ ყველაფერი არასწორად გაავრცელა. სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ეს ადამიანი (მკვლელობაში ბრალდებული) თურქეთში ჯერ თვითონ წავიდა და 10 დღის შემდეგ წაიყვანა რიტა. იმ არაკაცმა სახელი და გვარი შეიცვალა თურქეთში გადასვლისას. დაგეგმილი ჰქონდა რიტას მკვლელობა, უნდოდა ჩაეყვანა და მოეკლა. მანამდეც სულ ძალადობდა ცოლზე. რიტას მშობლების ოჯახში იყვნენ, როცა მაკრატელი ჩაარტყა. მაშინ გააგდეს, მაგრამ შემდეგ ისევ შერიგდნენ. ბათუმშიც თურმე ხშირად სცემდა. მკვლელის ბიცოლა იყო ჩამოსული და დაატირა რიტას, რამდენჯერ დაგმალე და გადაგარჩინეო. ვუსაყვედურეთ, რომ არაფერი გაგვაგებინეს.
თურქულმა მედიამ არასწორი და ძალიან ცუდი ინფორმაცია გაავრცელა. რიტა შინ მარტო იყო, როცა იმ მკვლელმა სცემა, აწამა, ხელები დაუსერა და შემდეგ ყელი გამოჭრა. ხვიჩა რომელიც მკვლელის მეგობარი იყო, იმავე სადარბაზოში ცხოვრობდა და ხმაურზე შესულა რიტასთან, რომ დაუნახია, მკვლელს მისთვისაც უსვრია. ის ოჯახიც გაამწარა. ხვიჩას 4 შვილი დარჩა”, – ამბობს მოკლულის ახლობელი.
წყარო: AMBEBI.GE