პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. დაკავებული ავტობუსის მძღოლია.
მედიის ცნობით, ინციდენტი სასაზღვრო პუნქტთან მოხდა.
„სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებმა ავტობუსის მძღოლს შემოწმების მიზნით გაჩერება მოსთხოვეს, თუმცა მძღოლი არ დაემორჩილა და სიჩქარის მომატების შედეგად პოლიციის მანქანას დაეჯახა. არავინ დაშავებულა, თუმცა შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ავტობუსში, რომელსაც ქართველი მძღოლი მართავდა, 23 სირიელი ლტოლვილი იმყოფებოდა“, - წერს გამოცემა.
დაკავებულები ზაკოპანეში სასაზღვრო დაცვის პუნქტში გადაიყვანეს.
„ისინი პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არალეგალურად შემოვიდნენ. გარდა ამისა, მათ უკანონოდ გადაკვეთეს საზღვარი სლოვაკეთიდან პოლონეთამდე“, - აცხადებენ პოლონეთის სასაზღვრო დაცვის განყოფილებაში.
პოლიციის განცხადებით, ასევე, დააკავეს საქართველოს 32 წლის მოქალაქეც. სირიელ ლტოლვილებს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზებაში, სავარაუდოდ, სწორედ ის დაეხმარა.
დადგინდა, რომ არალეგალები შენგენის ზონაში ფეხით ჩავიდნენ სერბეთიდან, შემდეგ უნგრეთის და სლოვაკეთის გავლით მანქანით პოლონეთში, სადაც ისინი 6 დეკემბერს დააკავეს.
ამავე ცნობით, 23 დაკავებულიდან პასპორტი 22-ს არ ჰქონდა.