ცნობილი ხდება, რომ ანა ტყებუჩავა ისევ ტელეწამყვანის ამპლუას მიუბრუნდა. მსახიობს "ფორმულას" დილის ეთერში თავის მოვლასთან დაკავშირებით რუბრიკა აქვს და ქალბატონებს სასარგებლო რჩევებს კანთან და თმასთან დაკავშირებით აწვდის.
ანა ამბობს, რომ კანის მოვლის რვა წუთიანი რუტინა ყველა ქალმა დღის წესრიგად უნდა აქციოს, რომ შემდეგ სარკეში ჩახედვისას, სინანულის გრძნობა არ გაუჩნდეს.
"უახლოესი ორი თვის მანძილზე კანის და თმის მოვლასთან დაკავშირებით მექნება რჩევები. მაკიაჟზე ცოტა მოგვიანებით გადავალ. კონსულტაციებს კარგ კოსმეტოლოგებთან გავდივართ. ამ რუბრიკის დანიშნულებაა რჩევის მიცემაა. აი, მაგალითად შეიძლება იკითხონ, ტონერი რად მინდა, სახეს ხომ ვიბან, ან შრატი რაღა საჭიროა, ღმერთო ჩემო, მკვებავს ხომ ვისვამო. როცა იცი რისთვისაა, მოტივაციაც ამაღლებულია და აზარტშიც შედიხარ.
ჯერ სახის დასაბანი საშუალებით დავიწყე. მერე საცხით. მერე ჩემი კანი მომეწონა, მომინდა რაღაცებში გარკვევა. ამას მოჰყვა ნიღბები, პაჩები და ასე შემდეგ. რაზედაც რუბრიკაში ვლაპარაკობ, ჯერ ვტესტავ და შემდგომ შედეგზე ვსაუბრობ.
დაინტერესებული ვარ კანის მოვლით, რათა ინექციები რაც შეიძლება შორეული მომავლისთვის გადავდო. კორექციის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ რაც უფრო გვიან მოხდება, მით კარგია.
კანს მოვლა უნდა, სარკეში რომ ჩაიხედავ და მერე რაღაცებზე გული გწყდება, ცუდია. ქალებს ამის პრევენცია შეგვიძლია. ინექციებით ჩვენს გარშემო ბევრი ლამაზი ქალია, მაგრამ ბუნებრივი არ არის. არ უხდებათ. დოზირების დაცვა ძნელია. ამიტომ ინდივიდუალურობას გაკარგვინებს.
ქალისთვის მიმზიდველობის ერთ-ერთი ფაქტორი თმა და კანია. კანი ნიკაპთან არ მთავრდება, კანი ხომ ტანზეც გვაქვს... მის მოვლას დიდი დრო არ სჭირდება. დილით და საღამოს ყოველდღე სახის დაბანა, ტონერი, მკვებავი ან დამატენიანებელი. თუ დრო მაქვს, შრატს გადავისვამ. საღამოს, რა თქმა უნდა, ვიშორებ მაკიაჟს. ერთი სული მაქვს როდის ჩამოვიბან. ვოცნებობ, ისეთი რამ არსებობდეს, შედიოდე და მაკიაჟს გაშორებდეს. მოსაშორებლად საჭიროა მიცერალური წყალი, რძე. შემდეგ ღამის კრემი უნდა წაისვათ.
ეს ელემენტარული კულტურაა. 7-8 წუთი სარკესთან როგორ ვერ უნდა გავატაროთ? ქალად ხომ უნდა ვიგრძნოთ თავი? ამას განწყობა უნდა, შესაძლებლობა უნდა. ყოველთვის შეიძლება რაღაც ერთით დაიწყო, დაელოდო აქციებს და ასე ნელ-ნელა მოუარო კანს. დიდ დროს ვუთმობთ სამსახურს, შვილებს. მაგრამ თავიც არ უნდა დავჩაგროთ. ქალი თუ არ არის ბედნიერი, მის გარშემომყოფებს ძალიან გაუჭირდებათ თავი კარგად იგრძნონ. დიდხანს რომ ვიყოთ ლამაზები, მოვუაროთ თავს."- ანა ტყებუჩავა