გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი 90 წუთი გრძელდებოდა და მთავარი თემა უკრაინა იყო.
„როიტერის“ ინფორმაციით, ოლაფ შოლცმა პუტინს უკრაინის კონფლიქტში დიპლომატიური გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდა, რომელიც დაფუძნებული იქნება ცეცხლის შეწყვეტასა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანაზე.
90-წუთიან სატელეფონო საუბარში ოლაფ შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მოუწოდა პუტინს, სრულად შეასრულოს გაერო-ს ეგიდით მიღწეული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება.