წალენჯიხის მერიამ მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრებლებს, უსაფრთხოების მიზნით, ამაღამ სახლების დატოვება ურჩია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მდინარის ნაკადის შემცირებას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებს.
ადგილზე სიტუაციის გასაცნობად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ უფროსთან და წალენჯიხის მერთან ერთად იმყოფებოდა.
ამ ეტაპზე მოხდა ხეობის აეროგადაღების კამერით დათვალიერება, თუმცა ხოკოს ხეობის ზედა ნაწილის დათვალიერება დაღამების გამო ვერ მოხერხდა, შესაბამისად ხვალიდან ტერიტორიის შესწავლაში სპეციალისტები ჩაერთვებიან.
წალენჯიხის მერიამ მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის გაფრთხილება მოახდინა, რათა საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, მდინარის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა ამაღამ საცხოვრებელ სახლებს გაერიდოს.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ავრცელებს