დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევისას გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
კახა კალაძემ გარდაცვლილი ახალგაზრდას ხსოვნის პატივსაცემად თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო.
მან უბედურ შემთხვევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის ნებისმიერი თვითნებური და კუსტარული დაერთება კანონდარღვევაა.
“ძალიან მძიმე ტრაგედია და დიდი უბედურება მოხდა, მთელი გულით ვუსამძიმრებ მოზარდის ოჯახს, რომელიც ორი დღის წინ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ძალიან მძიმე და რთულია ამ ყველაფერზე საუბარი, სიტყვების მოძებნაც კი. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, მართლაც ძალიან მძიმე შემთხვევაა და კიდევ ერთხელ თანავუგრძნობ ოჯახს. მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დათუნა ჟღენტის ოჯახს!
პირველადი მონაცემებით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზად სახელდება ფანჩატურში თვითნებურად, კუსტარულად დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი კუსტარული დაერთება, თვითნებობა, არის უკანონო. არავის აქვს უფლება, შესაბამისი ნებართვისა და სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, აწარმოოს მსგავსი ტიპის სამუშაო. მე არ მინდა წინასწარ რაიმე განცხადებები გავაკეთო, რა საკვირველია, გამოძიება მუშაობს და კითხვას გაეცემა პასუხი. მინდა გითხრათ ერთი რამ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნულ დასასვენებელ პავილიონში, ე.წ. ფანჩატურში ელექტრო ხაზის დაერთებაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა და მისი დაერთება მოხდა თვითნებურად. ასევე, ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ მერიის მიერ მოწყობილ ფანჩატურებში, არც ერთ სივრცეში, აღნიშნულ პავილიონებს და ფანჩატურებს არ აქვს ელექტროენერგიის წყარო. არის რამდენიმე საქალაქო მნიშვნელობის პარკი, სადაც საჭადრაკო სივრცეებია და ამ სივრცეებში არის დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობები. დანარჩენ შემთხვევაში, ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ფანჩატურებში ელექტრო გაყვანილობა არ იყოს გაკეთებული“,- განაცხადა კალაძემ.