კვირა, მაისი 28, 2023
ფრენები
მთავარისხვადასხვარას დაკარგავენ სტუდენტები და უნივერსიტეტები - ნახეთ ვრცლად

რას დაკარგავენ სტუდენტები და უნივერსიტეტები – ნახეთ ვრცლად

wizz airis aviabiletebiwizz airis aviabiletebi

რას დაკარგავენ სტუდენტები და უნივერსიტეტები თუ ქვეყანა რუსულ კურსს აირჩევს

ყოველ წელს საქართველოდან ასობით სტუდენტი სასტიპენდიო პროგრამებით საზღვარგარეთ მიდის სასწავლებლად, ძირითადად კი დასავლეთის ქვეყნებში.

უმეტესობისთვის ეს პროგრამები ერთადერთი შანსია პროფესიული კვალიფიკაცია უცხოეთში აიმაღლოს, რადგან ფინანსური თუ სოციალური ბარიერების გამო მისთვის დასავლური განათლება უბრალოდ ხელმიუწვდომელია.

ასეთ საგრანტო პროგრამებს შორის, საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სამაგისტრო პროგრამები, როგორიცაა მაგალითად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus, გერმანიის DAAD-ისა და შვედეთის SISGP-ს საგრანტო პროექტები და სხვა.

ეს ორგანიზაციები, გარდა იმისა, რომ აფინანსებენ სტუდენტების განათლებას, ასევ აქტიურად ეხმარებიან და რიგ შემთხვევაში, ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ კიდეც უშუალოდ საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებსა თუ აკადემიურ აქტივობებს.

მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, ყველა ეს შესაძლებლობა რუსი სტუდენტებისთვისაც იყო ხელმისაწვდომი. თუმცა, ომის დაწყების შემდეგ მათი ნაწილი ან დაიხურა, ან შეიზღუდა.

რუსეთი თავადაა დაინტერესებული, რომ მისი ახალგაზრდები ევროპაში სასწავლებლად არ წავიდნენ, შესაბამისად, არაერთ დასავლურ საგანმანათლებლო ფონდს რეგისტრაცია გაუუქმეს, ხოლო ინდივიდუალურ დონეზე სტუდენტებს მოუწოდეს, რომ დასავლეთში სასწავლებლად არ წავიდნენ.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, რა შეიძლება დაკარგოს საქართველომ ამ კუთხით თუ პროევროპული კურსიდან რუსული გავლენისკენ გადაუხვევს.

სტიპენდიები და პროგრამები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებისთვის შეიზღუდა
„შვედეთის ინსტიტუტის სტიპენდია საერთაშორისო პროფესიონალებისთვის“ [SISGP] საგრანტო პროგრამაა, რომელიც სამაგისტრო სწავლებასა და სტუდენტების შვედეთში ცხოვრების ხარჯს აფინანსებს.

ყოველწლიურად მასზე არაერთ სტუდენტს შეაქვს განაცხადი, მათ შორის საქართველოდან.

SISGP-მ წელს, აპლიკაციების მიღებამდე განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებს წელს განაცხადის შეტანის შესაძლებლობა არ ექნებათ. ამ გადაწყვეტილებას SISGP-ში 2024-2025 სასწავლო წლისთვის გადახედავენ.

რუსეთიდან აპლიკანტების შეზღუდვის შესახებ 2022 წლის 25 თებერვალს განცხადება გამოაქვეყნა „გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურმაც“ [DAAD]. ეს პროგრამა ომის დაწყებიდანვე ღიად უჭერს მხარს უკრაინასა და უკრაინელ სტუდენტებს დამატებით სერვისებს სთავაზობს.

„DAAD-ს მოლოდინი აქვს, რომ გერმანული უნივერსიტეტები შეაჩერებენ DAAD-ის მიერ დაფინანსებულ ყველა საპროექტო აქტივობას პარტნიორ ინსტიტუციებში რუსეთსა და ბელარუსში,“ – ნათქვამი იყო DAAD-ის განცხადებაში.

ამ გადაწყვეტილებიდან მალევე, DAAD-მა ახალი განცხადება გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რუს სტუდენტებს სტიპენდიებს არ შეუჩერებს და მათ არ სურთ რუსი სტუდენტების დასჯა, არამედ უნდათ რუსეთისა და მისი ხელისუფლების სანქცირება – „ჩვენი მთავარი ფიქრი ახლა უკრაინელ ხალხთანაა“.

2022 წელს სტიპენდიაზე წვდომა რუს სტუდენტებს ასევე შეეზღუდათ გაერთიანებული სამეფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამაზე – Chevening Scholarship, რომლის განახლებასაც რუსი სტუდენტები პეტიციითაც ითხოვდნენ. ამჟამად, 2023-2024 აკადემიური წლისთვის Chevening-ის აპლიკაციების მიღების დედლაინი გასულია, თუმცა, თუ სხვა ქვეყნების პორტალზე ნათქვამია, რომ მომდევნო აკადემიური წლისთვის სააპლიკაციო პერიოდი 2023 წლის აგვისტოში გაიხსნება, რუსეთისთვის იგივე ჩანაწერი ოფიციალურ საიტზე არ იძებნება.

უცნობია, რა ბედი ეწევა აშშ-ს საგრანტო კონკურს Fulbright-ს. ოფიციალურ საიტზე წერია, რომ აპლიკაციების მიღება რუსეთიდან მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება. თუმცა, თავად კრემლმა გაუუქმა რეგისტრაცია ორგანიზაციას „საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი“. ეს უკანასკნელი ორგანიზებას უწევდა Fulbright-ის პროგრამას რუსეთში.

რა შეიძლება დაკარგოს საქართველომ თუ რუსეთის ბანაკში აღმოჩნდება? – Erasmus-ის მაგალითი
ლიკა ღლონტი “ერაზმუს+”-ის საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი იყო 13 წლის განმავლობაში, დღეს ის EU4Dialogue პროექტის კოორდინატორია.

ნეტგაზეთთან ინტერვიუში ის დასძენს, რომ „ერაზმუსი“ თავის მხრივ უამრავ აქტივობასა და საგანმანათლებლო პროექტს მოიცავს. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ თუ რა დაკარგა ომის დაწყების გამო რუსეთმა აკადემიური თვალსაზრისით, საუბარი მხოლოდ სასტიპენდიო პროგრამებზე როდია.

„გარკვეული სახის პროექტები საბოლოოდ დაიხურა რუსეთისთვის და ინდივიდუალური სასტიპენდიო პროგრამები შეინარჩუნეს. უკეთ რომ ავხსნათ: არსებობს პროგრამები, რომლებიც მოიცავს ევროპულ და რუსულ უნივერსიტეტებს შორის ორმხრივ თანამშრომლობას. ეს პროექტები ყველა დაიხურა. იყო პროექტები, რომლებიც ხელს უწყობდა რუსეთში ევროკავშირის შესახებ კვლევებს – რაც ამ გადმოსახედიდან ცინიკურიც კია – ეს ყველაფერი დახურა, რასაკვირველია. იყო პროექტები, რომლებიც ხელს უწყობდა რუსული უნივერსიტეტების ინსტიტუციურ განვითარებას – ისინიც დაიხურა.

ამ პროექტების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ომის დაწყებიდან მყისიერადვე მიიღეს, დაახლოებით, 1-2 კვირაში. მაგრამ შემდგომ იყო ძალიან დიდი კამათი თვითონ ევროკავშირის შიგნით და სტუდენტებისთვის ინდივიდუალური პროგრამა შეინარჩუნეს.

იმ რუს სტუდენტებს, ვისაც სურთ „ერაზმუს მუნდუსის“ პროგრამით ევროკავშირის ქვეყნებში ისწავლონ სამაგისტრო პროგრამებზე, მათ ეს სასტიპენდიო პროგრამა დაუტოვეს. ამის დასაბუთება იყო ის, რომ ინდივიდებს არ ებრძვიან და სტუდენტებს, ვისაც უნდათ ევროპაში სწავლა, ამის საშუალება უნდა ჰქონდეთ. იგივე მიდგომა გაიმეორა „გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურმა“ [DAAD] და სხვა ბევრმა, ევროპული ქვეყნების სასტიპენდიო პროგრამამ. მათ, თქვეს, რომ ეს ასევე იქნება ლეგალური ემიგრაციის საშუალება, იმ რუსი ახალგაზრდებისთვის, ვისაც არ უნდათ ქვეყანაში დარჩენა და სურთ ქვეყნიდან გასვლა. ანუ გარკვეული ჰუმანიტარული ასპექტი იყო ამაში შენარჩუნებული,“ – დასძენს ის.

თუმცა, ღლონტის თქმით, ამ წელს სასტიპენდიო პროგრამებზე იკლო რუსი სტუდენტების რაოდენობამ. ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმითაც, რომ ევროკავშირში სასწავლებლად წასვლა რუსეთში ავტომატურად ნიშნავს „უცხოელი აგენტის“ იარლიყს. ამით კი სტუდენტები უკან დასაბრუნებელ გზას იჭრიან და რისკის ქვეშ აყენებენ ოჯახის წევრებსაც.

თავად „ერაზმუსის“ ინფორმაციით, 2022 წლის აგვიტოსში სასტიპენდიო პროგრამით 66 რუსი სტუდენტი წავიდა სასწავლებლად. ლიკა ღლონტი ამბობს, რომ მანამდე, წინა წლებში მათი რიცხვი დაახლოებით, 100-110 იყო. სტუდენტების რაოდენობის შემცირებაზე მსჯელობისას საგულისხმოა ისიც, რომ თავად რუსეთის განათლების სამინისტრომ მოუწოდა ახალგაზრდებს არ მიეღოთ „ერაზმუსის“ პროგრამებში მონაწილეობა.

„მართალია, ეს იყო ერთგვარი რეკომენდაცია [რუსეთის განათლების სამინისტროს მხრიდან], მაგრამ ამასთან ერთად, განაცხადი გააკეთეს იმაზე, რომ რუსეთი უნდა გამოეყოს „ბოლონიის პროცესს“ [ავტორისგან: „ბოლონიის პროცესი“ ევროპული უმაღლესი განათლების ერთიან სისტემას გულისხმობს, მასში საქართველო 2005 წელს ჩაერთო], რათა განათლების სისტემა „მათეულ ვერსიას“ დაუბრუნდეს. ეს ყველაფერი ირიბად, რა თქმა უნდა, გაართულებს საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარებას რუსეთში და ქმნის ბარიერს. ეს პირველ რიგში პოლიტიკური ბარიერია, რადგან ინდივიდუალურ დონეზე ხდება [უცხოეთში განათლება მიღებული] სტუდენტების გამორჩევა, აღრიცხვაზე დაყენება და ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი ბერკეტი ექნებათ მათზე ზემოქმედებისთვის?“ – დასძენს ღლონტი.

ის ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უკვე დაბრუნდა ე.წ. პოლიტინფორმაციის ვალდებულებაც. „პოლიტინფორმაციას“ საბჭოთა პერიოდის დროს ეძახდნენ პროცესს, რა დროსაც, ლექციების დაწყების წინ ლექტორები სტუდენტებს პროპაგანდისტულ გზავნილებს უზიარებდნენ საბჭოთა კავშირის “წინსვლისა თუ წარმატებების” შესახებ.

როგორც ღლონტი განმარტავს, „ერაზმუსის“ პროგრამისთვის მსოფლიო რეგიონებადაა დაყოფილი: საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში შედის – მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბელარუსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად. ხოლო რუსეთი – მისი ზომის გათვალისწინებით ერთი ქვეყნის რეგიონად მიიჩნევა.

შესაბამისად, ერაზმუსის თანხების ყველაზე დიდი რესურსი რუსეთში მიდიოდა. თუმცა, ფინანსური მხარდაჭერის ყველაზე დიდი წილი იხარჯებოდა არა სასტიპენდიო პროგრამებზე, არამედ – აკადემიურ საქმიანობაზე ადგილზე.

„გაცვლითი პროგრამით სტუდენტების რაოდენობა რომ გენახათ, საქართველო იყო მე-6 ადგილზე, რუსეთი იყო პირველზე, ხოლო უკრაინა მეორე ადგილზე. მაგრამ, რუსეთს თუ ჰყავდა 3 ათასი სტუდენტი, ჩვენ გვყავდა 2 ათასი სტუდენტი. ასე რომ, ერთ სულ მოსახლეზე რომ გადავთვალოთ [გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი საქართველოზე ბევრად დიდი ქვეყანაა], სასტიპენდიო თუ გაცვლითი პროგრამების მხრივ, მე ვერ ვიტყვი, რომ ევროკავშირს ჰქონდა დიდი ინვესტიცია ჩადებული რუსეთში.

აი, სადაც ჰქონდათ ჩადებული და რაც არის ყველაზე ცინიკური – ეს არის ერაზმუსის ერთ-ერთი ქვეპროგრამა, მას ჰქვია „ჟან მონე“ – ევროკავშირის იდეის შემქმნელის პატივსაცემად. ამ პროგრამის ამოცანაა, ხელი შეუწყოს ევროკავშირის შესახებ კვლევებსა და ევროკავშირის შესახებ სასწავლო კურსების განვითარებას ანუ – ევროკავშირისმცოდნეობას. „ჟან მონეს“ კონტექსტში რუსეთს მიჰქონდა უამრავი პროექტი. ჩვენ თუ ვიღებდით, მაგალითად 2 პროექტს და ძალიან გვიხაროდა, რუსეთს მიჰქონდა 40 და მეტი პროექტი ყოველ წელს,”

ღლონტის შეფასებითვე, ამჟამად ეს ინვესტიცია რუსეთში სრულიად დაიკარგა, რისი ინდიკატორიცაა ის, რომ ქვეყნის 800-მდე უნივერსიტეტიდან, დაახლოებით 700-ის რექტორმა მოაწერა ხელი წერილს და ღია მხარდაჭერა გამოუცხადა პუტინს.

„ვერანაირი დასავლური ინტერვენცია იქ ფეხს ვერ მოიკიდებს, როდესაც სახელმწიფო პროპაგანდა ასე ძლიერად მუშაობს. და თვითონ აკადემიურ სამყაროში არის უამრავი მეცნიერი, რომელიც პირწავარდნილი ნაციონალი და ფაშისტია,“ – დასძენს ის და ამატებს, რომ ევროკავშირის პროგრამები გაცილებით უფრო ეფექტურია საქართველოს ტიპის ქვეყნებში, რომელსაც ევროპული კურსი გაცხადებული აქვს და ქვეყნის კულტურული თუ იდეოლოგიური კონტექსტი ევროკავშირსას ემთხვევა.

წყარო: netgazeti.ge

kompensacia frenebzekompensacia frenebze
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!

aviabiletebi avia.ge