კრემლში კომენტარი გაუკეთეს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებებს, რომ ის გეგმავს „მიმართოს ქვეყნის ხელმძღვანელობას“ იმ ჩავარდნების გამო, რომლებსაც რუსეთის არმია უკრაინასთან ომში განიცდის.
„ისინი ხშირად მოგვმართავენ სხვადასხვა საკითხზე. ჯერჯერობით გრაფიკში არ არის რაიმე სახის კავშირი“- თქვა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ამ თემაზე ჟურნალისტების პასუხად, მის სიტყვებს ავრცელებს სახელმწიფო სააგენტო რია-ნოვოსტი.
კადიროვმა 10 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან 10 სექტემბერს მოითხოვა სტრატეგიის შეცვლა, მას მერე, რაც ხარკოვის რეგიონში უკრაინის არმიამ ოკუპირებული ქალაქები გაათავისუფლა.
კადიროვის თქმით, რუსეთის სარდლობამ "შეცდომები დაუშვა". კადიროვი ასევე გამოვიდა მუქარით, რომ თუკი უახლოეს დღეებში საომარი მოქმედებების წარმართვის სტრატეგია არ შეიცვლება, ის "იძულებული იქნება მიმართოს ქვეყნის და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს" ხელმძღვანელობას, საიმისოდ, რომ "აიხსნას სიტუაცია, რომელიც იქ რეალურად ხდება".
ასევე ნახეთკადიროვის მუქარა სასაცილოდ ჟღერს რუსეთის არმიის წარუმატებლობის ფონზე
7 სექტემბერს რამზან კადიროვი გამოვიდა განცხადებებით უკრაინის ომში რუსეთის გვარდიის ორი ჩეჩნური ქვედანაყოფის, პოლკის "სევერი" და ბატალიონის "იუგი" მეომრების გაგზავნაზე უკრაინის ომში მონაწილეობისთვის.
ჩეჩნეთში დისლოცირებული რუსეთს გვარდიის ქვედანაყოფები ფორმალურად ფედერალური სტრუქტურის ნაწილია, მაგრამ ფაქტობრივად ისინი პირადად რამზან კადიროვს ემორჩილებიან. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, პოლკ "სევერის" წევრებს კავშირი ჰქონდათ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვასთან ქალაქებში ბუჩა, ირპინი და გოსტომელი.