ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში მამა-შვილს შორის კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა.
50 წლამდე შვილის მკვლელობისთვის, 82 წლის კაცია დაკავებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მამამ შვილს რამდენიმე ტყვია ესროლა.
მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109 და 236 -ე მუხლებით დაიწყო.
გუშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარუჯაში, მკვლელობა მოხდა. 80 წლის რეზო ფუტკარაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით საკუთარი შვილი, 48 წლის ზაურ ფუტკარაძე მოკლა. მიყენებული ჭრილობებით მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. ამ ფაქტს თვითმხილველი ჰყავს, მოკლულის 14 წლის შვილი, რომელმაც ნახა, ბაბუამ როგორ მოუკლა მამა. მკვლელობის მიზეზებს ახლა სამართალდამცავები ადგენენ. უკვე დაკითხეს ფაქტის თვითმხილველი არასრულწლოვანი. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
დიდხანს მუშაობდნენ ადგილზე სამართალდამცავები, ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს და უკვე მიასვენეს იმ სახლში, სადაც ტრაგედია დატრიალდა. მეზობლები ამბობენ, რომ მათთვის მომხდარი კონფლიქტის მიზეზი უცნობია. ისინი ძალიან განიცდიან მომხდარს. მათი თქმით, ხმაური და არც გასროლის ხმა არ გაუგიათ.
ფუტკარაძეების მეზობელი:
– ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, ძალიან განვიცდით. მომხდარის მიზეზი ჯერ ჩვენც არ ვიცით და გაოგნებულები ვართ. ახლა მეზობლები ერთად, უბანში ვართ შეკრებილები და არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, რატომ უნდა მომხდარიყო ეს ტრაგედია. დაზუსტებით არავინ ვიცით, რა მოხდა მამა-შვილს შორის. მათ შორის კონფლიქტზე არაფერი გვსმენია. მოკლული ზაურ ფუტკარაძე ბათუმში მუშაობდა, ხელოსანი ბიჭი იყო, მალიარი და რემონტებზე მუშაობდა. ბათუმში ოჯახით იყო წასული, ნაქირავებში ცხოვრობდნენ და შრომობდნენ. ახლა ნარუჯაში 3-4 დღის ჩამოსული იყო, აქ აქვთ თხილის ბაღები და თხილის მოსაგროვებლად ჩამოვიდა. მუშაობდა თხილის ბაღებში, თავის 14 წლის ბიჭთან ერთად.
მომხდარს ბავშვი შეესწრო, ამ ამბის შემდეგ ბავშვი დაკითხვაზე წაიყვანეს და ჯერ არ ჩანს, რომ ვკითხოთ, რა მოხდა. სხვა არავინ იყო სახლში, მამა-შვილი და 14 წლის ბავშვი ჰყავდათ. ზაური მრავალშვილიანი მამა იყო, 4 შვილი ჰყავს.
რეზო 80 წლის არის, ორი წელია ნარუჯაში დაბრუნდა, მანამდე ისიც ბათუმში იყო, მაგრამ ახლა ასაკში დაბრუნდა სოფელში. 24 საათი აქ ვარ და არანაირი კონფლიქტი მას სხვასთანაც არ მოსვლიათ. ინსულტიანი კაცი იყო, ინვალიდი კაცი და რატომ მოკლა შვილი, არ ვიცით. ოჯახის ამბავს ვერ გაიგებ. ზაური მთელ უბანს უყვარს და ყველანი განვიცდით, ყველა აფასებდა.