შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნ ცხედრებს შორის კიდევ 2 რუსთაველის იდენტიფიცირება მოხდა.
ტრაგედიას 49 წლის შორენა ბიჭაშვილი და მისი შვილი, 20 წლის მარიამ მაისურაძე ემსხვერპლა.
ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” გარდაცვლილი ქალის მეუღლემ, დავით მაისურაძემ დაუდასტურა.
“ჩემი გოგოსა და ჩემი მეუღლეს დნმ-ის ანალიზი ემთხვევა. ჩემ გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი და მილიონი პროცენტით ვიცი რომ ჩემია. ასე, რომ ჩემი გოგო და მეუღლე ნაპოვნი მყავს, მიცვალებულები, რა თქმა უნდა. ვეძებ ბიჭს”, – განუცხადა “ინფო რუსთავს” დავით მაისურაძემ.
6 აგვისტოს მოხდა შოვში ნაპოვნ ცხედრებს შორის რუსთაველების 18 წლის სამირა ისაევას და 60 წლამდე მარინა ხორბალაძის იდენტიფიცირება.
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში სამ რუსთაველს 24 წლის კოტე მაისურაძეს, 4 წლის დავით ხორბალაძესა და 40 წლამდე მანანა ჯაჭვაძეს ეძებენ.
შეგახსენებთ, შოვში სტიქია 3 აგვისტოს მოხდა, რასაც დაზუსტებული ინფორმაციით 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16-ს კი ამ დრომდე ეძებენ.