დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა პირველ ინტერვიუს აძლევს “რადიო თავისუფლებას”, სადაც მომხდარს იხსენებს და დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლულია.
ნატო ხუტაშვილის თქმით, ბავშვს ღებინება სტრესის ფონზე დაეწყო და არა რაიმეს გადაცდენის გამო. ის რამდენიმე საეჭვო ფაქტს ასახელებს, რაც მისი ინფორმაციით აძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ მომხდარი არის მკვლელობა და არა უბედური შემთხვევა.
“ბავშვი შეყვანილია გაუვალ ჯაგებში. იმ ტერიტორიაზე, სადაც ანა ვნახეთ, ხეები ქარის ზემოქმედების შედეგად, ფაქტობრივად, მიწაზე დაწოლილი იზრდებოდა. აი ამ ხეების, ამ მიწაზე დაფენილი ხეების ქვეშ იწვა ბავშვი, გულაღმა, მხოლოდ სულ ოდნავ იყო გვერდზე გადახრილი. როგორ, თუკი საკვები გადასცდა და ამის გამო ღებინება დაეწყო, რატომ იწვა გულაღმა? ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გული ერევა, პირიქით, ცდილობს წაიხაროს. წვეთი მასა არ იყო გარეთ გადმოსული. მხოლოდ პირის ღრუ, ცხვირი და ფილტვები ჰქონდა სავსე.
ეს მიჩენს ეჭვს და არსებობს ვერსია, რომ ბავშვს, სავარაუდო მოძალადემ პირზე ააფარა ხელი და ამის გამო მასა არა პირიდან, არამედ ცხვირიდან გადმოვიდა. ძალიან ლოგიკურია, რომ ბავშვს სტრესის ფონზე დაეწყო პირღებინება და არა იმიტომ, რომ რაიმე გადასცდა. როგორ ღებინება ჰქონდა, იხრჩობოდა და ხის ქვეშ შეწვა? ისეთი ხის ქვეშ, საიდანაც ვერ გამოვა? ეს ხომ აბსურდია. ეს არის ბლეფი. ამას ოჯახი არ დაიჯერებს. ეს არის დამალული გვამი. ეს არის დევნა და ეს არის იძულებით შეთრევა. სამი კომშის ხე იდგა იქ, აი ამ კომშის ხეების ქვეშ იყო შეთრეული. მთელი უბანი წამალზე დამოკიდებულია. უმეტესობას გონება აქვს არეული, ვეღარ ვიგებ, ვის რა შეიძლება მოვკითხო და ვინ შეიძლება იყოს ამის გამკეთებელი. დიდი იმედი მაქვს, რომ ამას გამოძიება გამოიკვლევს, რთული საქმეა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია” – ამბობს ნატო ხუტაშვილი “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში…ნახეთ სრულად ინტერვიუ
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ უახლოეს პერიოდში ცნობენ. აღნიშნულის შესახებ დღეს ოჯახის ადვოკატმა ელისო რუხაძემ განაცხადა.
ადვოკატის განმარტებით, გამოძიება ორ ვერსიაზე, როგორც მკვლელობის, ასევე, უბედური შემთხვევის ვერსიაზე მუშაობს, თუმცა, როგორც რუხაძე განმარტავს, ამ მომენტისათვის რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოკვეთილი არ არის. გოგონასათვის ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები კი, დაახლოებით 10 დღეში იქნება.
ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.