სოციალურ ქსელში მოდელი ნათია ჩიქოვანი ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ინციდენტზე წერს, რა დროსაც, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მოკლა ძაღლი, რომელსაც ადგილობრივები უვლიდნენ.
მისივე ინფორმაციით, მიმკედლებელს ადვოკატი უკვე აყვანილი ჰყავს და სათვალთვალო კამერების მეშვეობით, ცდილობენ მისი ვინაობის დადგენას.
„21 სექტემბერს, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, საღამოს 9 საათზე, ვიღაც ტიპი გადმოვიდა მანქანიდან და იარაღით ადგილზე მოკლა ჩორტიკა – 10 კილოიანი, პატარა შავი ქუჩის ცუგა, რომელიც დიდი ხანია იქ ცხოვრობს და რომელსაც იცნობდა მთელი უბანი. ჰყავდა ოფიციალური მიმკედლებელიც, ეკეთა საყელურიც.
10 წუთში, ადგილზევე დაიღუპა ჩორტიკა, გულში მიყენებული ჭრილობით, განწირული ტირილის მეტი, ვერაფერი მოასწრეს მასზე მზრუნველმა ადამიანებმა. ჩორტიკა ჭავჭავაძეზე პირველად რომ გამოჩნდა, ქუჩაში მარტო დარჩენილი, ძალიან შეშინებული პატარა ცუგა იყო, რომელიც პირველად ჟუჟუმ, კიდევ ერთმა ჭავჭავაძელმა ცუგამ შეიფარა, დაიმეგობრა და მას მერე განუყრელნი იყვნენ.
აი, ასე დაასრულა ვიღაც არაადამიანმა მათი მეგობრობა და ცხოვრებისეული ფსიქოლოგიური ტრავმა დაუტოვა ძალიან ბევრ, ამ ცხოველებზე მზრუნველ ადამიანს.
კომპანიონი ცხოველის მოკვლა ისჯება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით. ამ მუხლით გათვალისწინებული ყველაზე მძიმე სასჯელი 3 წლამდე ციხეა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ცხოველებს ქუჩაში, აი ასე, უბრალოდ ხოცავენ ადამიანები და ჯერ არც ერთი (!) ადამიანი ამისთვის არ დასჯილა.
ჭავჭავაძეზე კამერები იმდენია, რომ გინდოდეს მაინც ვერსად დაიმალები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არავინ დაუკავებიათ. მიმკედლებლებმა აიყვანეს ადვოკატიც. ელემენტარული სამართალიც რომ საძებარი და სახვეწარია, იმ ქვეყანაში დაბადება ალბათ ყველაზე დიდი სასჯელია ადამიანისთვისაც და ყველა სხვა არსებისთვისაც.“ – წერს ნათია ჩიქოვანი.
მას შემდეგ, რაც ეს შემთხვევა მოხდა, ადგილობრივები წერენ, რომ ჩორტიკას შემფარებელი ჟუჟუ მის პლედში წევს და „თავი აქვს ჩამოდებული“.