სოციალური ქსელი უამრავი ადამიანის გულწრფელ და ღრმა ემოციას ინახავს. მათ შორის, მშობლებისას, ვისთვისაც შვილი სულის განუყოფელი ნაწილია. ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე შვილს დაბადების დღეს საოცრად ემოციური პოსტით უპოცავს, რომელსაც უცვლელეად გთავაზობთ:
- ისევ მოხვედი? - მკითხა საიქიოს კარისკაცმა...
- დიახ, - ვპასუხობ და თითქოს მერიდება, ჩემი სიკვდილის გამო რომ შევაწუხე...
- ისევ გული გაქვს გაგლეჯილი?
- დიახ... სულ... სულ დაიწურა სისხლისგან, ნუღარ დამაბრუნებთ უკან...
- რა გააკეთე, რომ სამოთხეში გაგიშვა?
- ჯოჯოხეთი შვება იქნება ჩემთვის...
და მე ვხვდებოდი ჯოჯოხეთში... მტკიოდა ჯოჯოხეთურად,
ჩემს თავთან მარტო რომ ვრჩები, გარდაცვლილი, ჯოჯოხეთში დარჩენილი "მეს" აჩრდილები მოდიან, ხან რომელი და ხან - რომელი.
მახსენებენ, რომ ოდესღაც მოვკვდი, ტვინში მიძვრებიან და სურათებად ალაგებენ ჩემი სიკვდილის ეპიზოდებს... ალბათ ამიტომ არ მიშვებდნენ "მთლიანად" ჯოჯოხეთიდან, რომ მერე აჩრდილებს ეწანწალათ წინ და უკან.
ყოველ ჯერზე შვილების გამო მოვკვდი და მათ გამო დავბრუნდი...
მადლობა, ღმერთო, რომ რამდენჯერმე მაჩუქე ჩემი შვილები...
პირველად მათი დაბადებისას და მერე - ყოველი ჩემი დედამიწაზე დაბრუნებისას...
პატარები რომ იყვნენ, ავად რომ გავხდებოდი და განიცდიდნენ, ვეტყოდი ხოლმე, - უკვდავების წამალს დავლევ და კარგად ვიქნები-მეთქი...
გატყუებდით, დე, უკვდაცების წამალი არ არსებობს, ჩემი უკვდავების წამალი თქვენ ხართ...
ერთი გარდაცვალება დამრჩა და მერე ყველა ჩემი ტკივილი ჩაჯდება ფაზლივით, სულის ამოცლილ ადგილებზე...
მანამდე კი დროებით ნუღარ მომკლავ, ღმერთო...
დაბადების დღეს გილოცავ, დე...
პ.ს. ეს წერილი გახსოვს, დე? ეს რომ დაწერე, მეორე კლასში იყავი... ჩემი ერთ-ერთი გარდაცვალების მიზეზია... მაშინ 2 ლარს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის... ამ წერილმა მომკლა და ხელახლა დამბადა. სტიმული გახდა, რომ დღეს ის ვართ, რაც ვართ" - წერს მარი ჯაფარიძე.