დათო ევგენიძემ ორი დღის წინ ხელი ნინო ჟვანიასთან მოაწერა. წყვილმა 18 წელი იცხოვრა ერთად და ახლა გადაწყვიტა ოფიციალური სახე მიეცა ურთიერთობისთვის.
ცნობილი მუსიკოსი ქართულ გამოცემა "პრაიმტაიმთან" ამ თემაზე გულახდილად საუბრობს. მისი თქმით, მეგობრებმა ძალიან იხალისეს „მეგობრის ქორწილში“ მისვლით, შვილებმა, მათთმა მეგობრებმა და შვილიშვილებმა კი, ამ იშვიათი მომენტით იბედნიერეს.
"ახალი ცოლი არ მომიყვანია. მე და ნინამ ერთად ცხოვრების 18 წლის თავზე მოვაწერეთ ხელი. მაშინ, როცა ჯვარი დავიწერეთ, ქვეყნიდან წავედით. ხელის მოწერა გადავდეთ, გადავდეთ... და ახლა, როცა ჩემი შვილი სრულწლოვანი გახდა, არაოფიციალური ქორწინების გამო, გამოდიოდა, რომ ნაშვილები მყავდა. მე კიდევ მინდოდა, ის ჩემი შვილი გამხდარიყო (იცინის). ამიტომ მე და ნინამ ხელი სიამოვნებით მოვაწერეთ.
ამ ვირტუალურ პერიოდში, როდესაც უახლოესი ადამიანები იშვიათად ხედავენ ერთმანეთს და მხოლოდ სოციალური ქსელებით ურთიერთობენ, ამ ჩვენი ქორწილის დღეს, ერთმანეთის ნახვის საშუალება მიეცათ. ყველასთვის ბედნიერი დღე იყო.
პატარა სუფრა აღარ გამოვიდა, მაგიდების დასამატებლად სირბილი მომიწია. არავინ დამიპატიჟებია, სამეგობროში ვთქვი, ხელს ვაწერ-მეთქი. ვისაც ვენატრებოდი და ვუყვარვარ, მოვიდნენ. ძალიან ბევრი ახლობელი გვეწვია. ფაქტობრივად, ქორწილი გამოგვივიდა.
თავი გავიახალგაზრდავე. ჩვენთან ერთად ყველა ბედნიერი იყო. ჩემი თაობიდან უკვე ათწლეულებია ხელის მოწერის რიტუალი, არავის ჰქონია და ყველა მონატრებული იყო ამ ყველაფერს. ყველას ჰქონდა ის სახალისო განცდა, მეგობრის ქორწილში წასვლით რომ აქვს ხოლმე ადამიანს. "მეგობრის ქორწილში" იყვნენ.
ქორწილში ჩემი ბენდი მოვიდა, დავუკარით და დილის შვიდ საათზე დავიშალეთ. იყვნენ შვილის მეგობრები, რომლებიც მეგობრის მშობლის ქორწილში ნამყოფნი არასდროს ყოფილან (იცინის). შვილიშვილები ესწრებოდნენ ბაბუის ხელისმოწერას. ბევრი ორიგინალური ფაქტი იყო, რომელიც იშვიათად ხდება.
საქორწინო მოგზაურობაში როდის მიდიხართო, გვკითხეს. ქორწილის რიტუალი მოგზაურობას "ითხოვს". მე საბერძნეთი მიყვარს. უბრალოდ დასვენებას, ყოველთვის ჯობს, თან ათასწლეულების წინანდელი ისტორიის ნაწილსაც შეეხო.
საჩუქარი დღესასწაულები თვითონ უნდა აჩუქო საკუთარ თავს. მთავარია, სურვილი გქონდეს, თორემ ჩვენი და გარშემო მყოფების ბედნიერება, ჩვენს ხელშია.
სიყვარული მართლა ღვინოს ჰგავს. რაც წლები ემატება და ძველდება, მით უფრო ფასობს. ვერც კი წარმომიდგენია ნინას გარეშე არსებობა", - ამბობს დავით ევგენიძე.