შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის ბრალდებებს, რომ თითქოს, ის სხვადასხვა დროს, ბელორუსსა და აზერბაიჯანში ,,ეფესბეს“ წარმომადგენლებს პირისპირ შეხვდა, კატეგორიულად უარყოფს.
,,იყო 100 წლისთავი, იყო იუბილე და იყო ყველა, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები იყვნენ პირველი ან მეორე პირები, რომლებიც ულოცავდნენ ბელორუსიის უსაფრთხოების სამსახურს შექმნის დღეს. ასევე, იყო აზერბაიჯანშიც, სადაც ჩავედით ჩვენ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მინისტრმა განმარტა, რომ აღნიშნულ ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,ხელმძღვანელობა ჩამოსული იყო, მიულოცეს ბელორუსიის ხელმძღვანელობას, ასევე, იყო აზერბაიჯანშიც, ჩამოსულები იყვნენ, მიულოცეს, იქ იყვნენ ამერიკის წარმომადგენლებიც, ბრიტანეთის წარმომადგენლებიც, რუსეთიდანაც იყვნენ, კი ბატონო“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
რაც შეეხება გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვახტანგ გომელაური მცხეთის რაიონში ფლობს რესტორანს და რუსეთის წარმომადგენლებს მასპინძლობდა, მინისტრმა უპასუხა, რომ არც რესტორანს ფლობს და არც შეხვედრა ჰქონია.