ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
ფრენები
მთავარირელიგიასაუკეთსო საჩუქარი შვილებისთვის - ეს ყველა დედამ უნდა იცოდეს

საუკეთსო საჩუქარი შვილებისთვის – ეს ყველა დედამ უნდა იცოდეს

kompensacia frenebzekompensacia frenebze

“მხოლოდ სახელად კი არ უნდა ერქვას ოჯახს ოჯახი, არამედ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობებითაც უნდა ამართლებდეს ამ სახელწოდებას.“


მოგიყვებით საუკეთესო საჩუქრის შესახებ, რომელიც შეგიძლიათ გაუკეთოთ თქვენს შვილებს – ვისაც გყავთ შვილები და შვილიშვილები და ვისაც შვილები გეყოლებათ გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ოჯახს შექმნით.
ძალიან რთულია იყო მშობელი, რთულია გყავდეს შვილი. არ ვიცი გავუმკლავდებოდი თუ არა ამ ამოცანას, გყავდეს ბავშვი და აღზარდო ისე, როგორც საჭიროა. საქმე ის არ არის, რომ ბავშვი გააჩინო, – ბრძანებს წმიდა იოანე ოქროპირი, – ის ცხრა თვეში მოევლინება ქვეყანას, მთავარი ისაა, რა იქნება შემდეგ, თუკი ბავშვს, ამ პატარა ადამიანს, მარტო დატოვებ. ის ერთადერთი ქმნილებაა, რომელსაც დაბადების შემდგომ საკუთარი ძალებით არ ძალუძს გადარჩენა. ცხოველების უმეტესობა მალევე დგება ფეხზე, იწყებს სიარულს, წიწკნის ბალახს და ასე გადარჩება, ადამიანი კი ერთადერთი ქმნილებაა დედამიწაზე, რომელსაც დაბადებისთანავე თუ არ აიყვანს ხელში მშობელი – დედა ან მამა – და არ აჭმევს, ჩაიხუტებს, დაიცავს და გაზრდის, ის ვერ გადარჩება.
ექიმები იმასაც ამბობენ, რომ არათუ გაჩენის შემდეგ, არამედ დედის წიაღშივე გრძნობს ბავშვი, არის თუ არა იგი სასურველი მისთვის, უყვარს თუ არა იგი დედას, სიყვარულის ნაყოფია ის თუ შეცდომის და ახლა მშობლებს არ სჭირდებათ. ეს ყველაფერი ამძიმებს ბავშვის სულს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ბავშვის მშობლებს უყვარდეთ ერთმანეთი იმ მომენტში, როდესაც იგი ჩაისახება.
ეს მე მითხრა ერთმა ჩემმა მეგობარმა ათენიდან:
– შენ სწრაფად გახდი მღვდელი?
მე ვუპასუხე:
– არა. მე ამის შესახებ დიდხანს ვფიქრობდი, ვმსჯელობდი, ვლოცულობდი. ადვილი არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება.
– არც მე მინდა ბავშვი გავაჩინო მხოლოდ იმიტომ, რომ, უბრალოდ, გავაჩინო. მე მინდა მზად ვიყო იმისათვის, რომ მივცე მას რამე. და იცი, სირთულეს რა ქმნის? როგორ უნდა მივცე მას რამე, როდესაც თავად მე არ მიმიღია და არ მიგრძვნია ცხოვრების განმავლობაში განსაკუთრებული სიყვარული?
ადამიანთა უმეტესობა ისე ქმნის ოჯახს, რომ ბავშვობაში მშობლებისგან თავად არ მიუღია ბევრი რამ. თქვენ რომ გკითხოთ, თუ აღივსეთ დედის, ან მამის, ან ახლობლების სიყვარულით-მეთქი, ზოგიერთი თქვენგანი მიპასუხებს:
– დიახ, მე აღსავსე ვარ მათი სიყვარულით. ჩვენ – მე, დედასა და მამას –შესანიშნავი ოჯახი გვქონდა.
მაგრამ სხვები იტყვიან:
– არა, მე არ აღვსებულვარ სიყვარულით, მე ის ისევ მწყურია. ჩემთვის ჯერ კიდევ არავის უთქვამს, რომ ძალიან ვუყვარვარ. მე მინდა მოფერება, სითბო, სიყვარული, გაგება.
ამის შემდეგ როგორღა უნდა გააჩინო ბავშვი და აღზარდო ჯანსაღად?! აი, ეს არის პრობლემა. თუ შენ აჩენ ბავშვს და გაქვს რაიმე პრობლემა ან გაკლია და არ გყოფნის რამე, ბუნებრივია, რომ ეს ტვირთი შენგან ბავშვს გადაეცემა. შენ იფიქრებ, რომ გიყვარს იგი, სინამდვილეში კი შენი თავი უფრო მეტად გეყვარება. მოისურვებ მის აღზრდას, მაგრამ იზრუნებ არა იმდენად მისი სიკეთისთვის, არამედ იმისთვის, რომ თავად შენ დარჩე კმაყოფილი. მოისურვებ, რომ ის, რაც თავის დროზე შენ არ მიგიღია, მიიღოს შენმა შვილმა.
ბავშვი კი ყველაფერს გრძნობს და ხვდება, როდის უყვარს ის მშობლებს და როდის ცდილობენ ისინი თავის დამშვიდებას, რათა თავიანთი სიმძიმისაგან გათავისუფლდნენ. ბავშვი, რა ასაკისაც არ უნდა იყოს იგი, პატარა არის თუ დიდი, ჰგავს ყვავილს და რა უნდა ყვავილს იმისათვის, რომ გაიზარდოს? მიწა, წყალი, მზე, ჰაერი და გაშლილი სივრცე. იგივე უნდა ბავშვსაც.
როდესაც შვილს აჩენ, მას, პირველ რიგში, სჭირდება, რომ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. ბავშვი შემოდის სახლში (არა აქვს მნიშნველობა, ახალშობილია თუ უფრო მეტი ასაკის) – მაგრამ გრძნობს კი იგი თავს ამ სახლში უსაფრთხოდ? ხედავს, რომ მშობლები მშვიდნი და მოსიყვარულენი არიან?
ერთი ადამიანი მეუბნება:
– ე.ი. ჩვენ არასოდეს არ უნდა ვიჩხუბოთ?
არა, იჩხუბეთ, რამდენიც გინდათ, ჩხუბი ადამიანური რამაა, მე არ მესმის იმ ოჯახების, რომლებიც ამბობენ: „ჩვენ არასოდეს ვჩხუბობთ!“ რა ადამიანები ხართ თქვენ, რომ არასოდეს ჩხუბობთ? სიმშვიდე და სრული წესრიგი მხოლოდ სასაფლაოზეა, სახლში კი შეიძლება ვიჩხუბოთ კიდეც, მაგრამ ჩვენი ჩხუბი კონსტრუქციული უნდა იყოს, სასარგებლო, რათა, თუ ვიჩხუბებთ კიდეც, რამეს მივაღწიოთ და თუ ვიკამათებთ, ურთიერთგაგებამდე მივიდეთ. ბავშვს სულიერად არ აზიანებს ის, რომ მშობლები ჩხუბობენ, თუ ამის შემდეგ მათ უფრო მეტად უყვართ ერთმანეთი. ბავშვი ტრამვირებულია მაშინ, როდესაც ხედავს, რომ სახლში ცხოვრობს ორი ადამიანი, რომელთაც არ უყვართ ერთმანეთი. ბავშვისთვის ეს ტანჯვაა და სწორედ ამის გამო უყალიბდება მას ყველაზე ცუდი წარმოდგენა ცხოვრების შესახებ. ეს მას აგიჟებს, აბნევს და სულს უმწარებს.

საინტერესოა, თქვენი შვილი თუ გრძნობს სახლში თავს მშვიდად, იცის თუ არა რომ „ამ სახლში ყველანი ერთად ვისადილებთ, ერთად დავსხდებით, ვუყურებთ ტელევიზორს, ვისაუბრებთ, ვილოცებთ და გვექნება მშვიდი გარემო“.
ერთმა ბავშვმა მითხრა:
– მე მომწონს ჩემი სახლი, რადგან იქ რომ მივდივარ, ვმშვიდდები.
სხვამ კი საწინააღმდეგო მითხრა:
– მე უფრო ქუჩაში ყოფნა მომწონს, ვიდრე სახლში დაბრუნება. ქუჩაში მე ჩემს მეგობრებს ვხვდები და გვიანობამდე იქ ვრჩები.
– და რატომ იგვიანებ ასე?
– იმიტომ, რომ სახლში ძალიან მძიმე გარემოა და არ მსურს იქ მისვლა.
– მაგრამ შენი ოჯახი ხომ იმით არის ცნობილი, რომ ქრისტიანულია?!
მაშინ მან მიპასუხა:
– მამაო, საკვანძო სიტყვა აქ არის „ცნობილია“. ერთი შეხედვით, ცნობილია, მაგრამ არის კი ის ქრისტიანული? მოდით და მოისმინეთ ჩვენი კამათი, ყვირილი, შეხედეთ ჩვენს ხელჩართულ ჩხუბს… შეუძლებელია ამის ატანა, მირჩევნია გვიანობამდე ქუჩაში ვიყო მეგობრებთან ერთად, ვიდრე სახლში დავბრუნდე, რადგან იქ სული მეხუთება.
ამის შესახებ ვერავინ ვერასოდეს შეიტყობს, ამის შესახებ არ დაწერენ გაზეთებში, არ გადმოსცემენ სიახლეებში. დილით ჩვენ ჩავიცვამთ კულტურულად, წავალთ სამსახურში და ვითამაშებთ სპექტაკლს „ადამიანი კარგი ოჯახიდან“. მაგრამ საკითხავი ის არის, რამდენად კარგი ოჯახი გვაქვს სახლში! ეს ბავშვი უსათუოდ საჭიროებს, რომ შინ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, მას სურს დარწმუნებული იყოს იმაში, რომ დედა და მამა კარგად მოიქცევიან არა სადმე სხვაგან, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობაში!
გსურს კარგი საჩუქარი გაუკეთო შვილს? აი, ერთ-ერთი საჩუქარი – იყავით მოყვარულნი და ერთსულოვანნი, ქმარმა მხარი აუბას ცოლს და ცოლი დაეხმაროს ქმარს, თვალებში უნდა შესციცინებდეთ ერთმანეთს და ურთიერთობას აგვარებდეთ ერთმანეთთან, რათა შვილმა იგრძნოს, რომ მშობლები ერთად მოქმედებენ, და არა ისე, რომ ერთი ერთ მხარეს იწევდეს და მეორე – სხვა მხარეს. ამგვარი რამ დიდ არეულობას იწვევს ბავშვის სულში. ოჯახში ერთიანობისა და მშვიდობის ატმოსფერო უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ იმას მივიღებთ, რაც ერთმა ბავშვმა მითხრა:
– ჩემი მშობლები დაშორდნენ, მაგრამ, მამაო, რამდენიც არ უნდა მასწავლოთ, რომ ამის თქმა არ შეიძლება, რომ ეს ცოდვაა, უნდა გითხრათ, რომ დავისვენე! მე მეტი აღარ შემეძლო, ისინი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ, მაგრამ სინამდვილეში ერთად არ იყვნენ არც სულით, არც გულით და არც სხეულით. მათ არაფერი აკავშირებდათ ერთმანეთთან, ჩვენ, უბრალოდ, ერთ სახლში ვცხოვრობდით. მე უკვე აღარ შემეძლო ამის ატანა, ღამის 3 საათზე წამოვხტებოდი ხოლმე ხმაურისა და ყვირილის გამო, დილით კი გამოცდაზე მიწევდა წასვლა. მამა შეძლებული იყო, მოსამსახურეც კი გვყავდა, მაგრამ ამ სახლში გული გახეთქვაზე მქონდა. ახლა დედ–მამა ერთმანეთს დაშორდა და შემიძლია წყნარად ვიძინო ან ვიტირო. ჩემთვის ეს უფრო უკეთესია, ვიდრე ორად გაყოფილი ოჯახი.
სწორედ ამიტომ გეუბნებით, რომ მხოლოდ სახელად კი არ უნდა ერქვას ოჯახს ოჯახი, არამედ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობებითაც უნდა ამართლებდეს ამ სახელწოდებას. ეს უდიდესი საჩუქარი იქნება თქვენი შვილისათვის. თუ ფულიც არ გაქვს და სიმდიდრეს ვერ უძღვნი შვილს, ან საკუთრებას და ა.შ., ყველა შემთხვევაში უბოძე მას ბედნიერი, ერთიანი ოჯახური ცხოვრება. ეს დიდი დახმარება იქნება მისთვის.
ასევე დიდი საჩუქარია, რომ იყოთ თანმიმდევრულნი, რათა საქმით აკეთოთ ის, რასაც სიტყვით ამბობთ. თავს ნუ მოაბეზრებთ ბავშვებს, ნუ ეტყვით შვილს, რომ იმარხულოს, როცა თავად შენ არ მარხულობ; როგორ შეგიძლია ბავშვს უთხრა არ მოწიოს, თუ თავად ზიხარ და სიგარეტს აბოლებ?! სიტყვები ძალას კარგავენ ცხოვრებაში განხორციელების გარეშე. ბავშვი, – ბრძანებს ღირსი მამა, ბერი პორფირი, – ისმენს არა ყურებით, არამედ გულითა და თვალებით. მათი საშუალებით იგი ხედავს ერთ მთლიანობას: როგორ ცხოვრობ, რას აკეთებ და არა იმას – რას ამბობ შენ… სკოლაში მეც კარგ რაღაცებს ვამბობ, მაგრამ თუ ნერვიულობასა და მრისხანებას დავიწყებდი… აი, რა მითხრა მე ერთმა მოსწავლემ:
– მამაო, განა თქვენც მრისხანებთ ხოლმე?
მე ვუპასუხე:
– და რატომ უნდა ვმრისხანებდე?
– იმიტომ, რომ უკვე წლებია გვეუბნებით, რომ არ უნდა ვმრისხანებდეთ.
აი, თურმე რაში ყოფილა საქმე: ცუდი ის კი არ არის, რომ ვმრისხანებდე ხოლმე, არამედ ის, რომ ვუთხრა ბავშვს არ მრისხანებდეს და ამ დროს კი თავად საპირისპიროდ ვიქცეოდე. არ შემიძლია ბავშვს ვუთხრა „იარე ეკლესიაში“, როდესაც თავად მიჭირს სიარული. ის, რასაც მისგან მოვითხოვ, ჯერ თავად უნდა გავაკეთო.
ამიტომ საუკეთესო საჩუქარი ბავშვისთვის ისაა, რომ ზედმეტად არ დაკავდეთ მისით, არამედ დაკავდით საკუთარი თავით, ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს, გადაეცით ბავშვს საჩუქრად თქვენი სიწმინდე, სულიერი ცხოვრება. ზედმეტად ნუ ამახვილებთ ყურადღებას ბავშვზე, რადგან ის, რასაც ჩვენ ხშირად ვაკეთებთ, მხოლოდ ალიბია ჩვენთვის. ანუ თუ მეუღლეები ვერ უგებენ ერთმანეთს, ან დედა ვერ იკავებს თავს, ის ბავშვზე იყრის ჯავრს, რომელიც სრულიად უდანაშაულოა. თავი დაანებე მას! შეეცადე ქმარი შეიყვარო, იყავი ცოლთან უფრო ახლოს და მოეპყარი მას პატივისცემით. ბავშვი ამას დაინახავს. და თუ თქვენ ოთხშაბათს ოსპს მიირთმევთ, ბავშვი ამასაც დაინახავს. ერთხელ შეხედავს, მეორედ, ათი წელი მიყოლებით და… მარხვაც მისაღები გახდება მისთვის ყოველგვარი სიტყვიერი შეგონების გარეშე.
უდიდესი სიკეთეა, იპოვო სახლში ის, რაც შვილთან გაკავშირებს და არ გაშორებს. ჩხუბი და მუდმივად შენიშვნები არაფერს შეცვლის. მე სასულიერო პირი გავხდი არა იმიტომ, რომ ვიღაც მაიძულებდა, არამედ სწორედ იმიტომ, რომ არავის დაუძალებია მოძღვარი გავმხდარიყავი.
და რის შესახებ ვსაუბრობდით ამის წინ? იმის, რომ ყვავილს სივრცე და ჰაერი ესაჭიროება. როდესაც სხვას სუნთქვის საშუალებას უსპობ, გამოდის არა ის, რაც შენ გსურს, არამედ ამის საპირისპირო. თავი დაანებე შვილს. გიყვარდეს, მაგრამ შეეშვი მას. დაე, დამოუკიდებლად გადადგას ნაბიჯები, პატივი ეცი ამას და გაითვალისწინე, რომ ჩვენ მოზარდებისა და ოდნავ უფროსი ასაკის შესახებ ვსაუბრობთ, რადგან მცირეწლოვანი იმას ჭამს, რასაც თქვენ მიირთმევთ, და სანამ ის საბავშვო ბაღსა და სკოლაში ივლის, ის ეკლესიაშიც ივლის თქვენთან ერთად.
კიდევ ერთი საჩუქარია ბავშვისთვის ის, რომ ასწავლოთ თავად „დაიჭიროს თევზი“ და მაშინ მიირთვას, როდესაც მოისურვებს, მზამზარეულად კი ნურაფერს მიართმევთ ლანგრით, ნურც მზა გადაწყვეტილებებსა და მზა რჩევებს მიაწვდით: „ჭამე!“, „ეს გააკეთე“, „ის გააკეთე!“
ჩემთვის ის ოჯახებია წარმატებული, რომელთა შვილებიც შეგნებულად არიან ქრისტიანები და არა – გარეგნულად მიმბაძველები.
ბერი პორფირი ხშირად იმეორებდა ამას: „ძალას ნუ ატანთ ბავშვებს, ნუ ეტყვით ნურაფერს, უმჯობესია ილოცოთ მათთვის“. გაუკეთე ბავშვს ეს საჩუქარი – ილოცე მისთვის. რამდენ ხანს ლოცულობ შენი შვილისთვის? რამდენად ენდობი მას? ბავშვი შინ არ არის, ის შორსაა, შენ კი უკვე ცუდის შესახებ ფიქრობ, ფიქრობ, რომ მას რაღაც შეემთხვა, რომ ის საფრთხეშია და არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მაგრამ რატომ ფიქრობ ასე? ყოველთვის რატომ ფიქრობ, რომ მას არაფერი შეუძლია? ასე მას წარუმატებლად აქცევ.
შენს შვილს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია – ის შეცდომასაც ბევრს დაუშვებს, როგორც ვუშვებდით ყველანი. ნუთუ არის ვინმე, ვინც ბავშვობაში ანგელოზი იყო? –მოგვიყვეს ამის შესახებ. ან იქნებ არ უცელქია არასდროს? – მოგვიყვეს ამის შესახებ. ერთ–ერთი წმინდანის (თუ არ ვცდები, იოანე კრონშტადტელის) შესახებ ამბობდნენ, რომ მინდორ–მინდორ დასდევდა მამამისი, რადგან ძალიან ცელქი ბავშვი იყო, ის სარდაფებში კასრებზე ონკანს ხსნიდა და ღვინო ძირს იქცეოდა. „რა გამოვა ამ ბავშვისგან?“– ამბობდნენ მის შესახებ, ის კი წმიდანი გახდა.
ბავშვი შეცდომებსაც დაუშვებს, დამოუკიდებელ ნაბიჯებსაც გადადგამს ცხოვრებაში, მაგრამ თქვენ უნდა ენდოთ მას და ეს მან უნდა დაინახოს თქვენს თვალებში: „შვილო, შენ ჩემთვის ძვირფასი ხარ არა იმიტომ, რომ დღეს კარგი ნიშნები მოიტანე სკოლიდან, ან იმიტომ, რომ სანიმუშოდ იქცევი კლასში და არ ცელქობ, – არა, მე შენ მიყვარხარ, მიუხედავად ნიშნებისა, მიყვარხარ იმიტომ, რომ არსებობ“. მაგრამ ზოგიერთი მშობელი სხვაგვარად იქცევა: მუდმივად ეჩხუბება შვილს ან აქებს მხოლოდ კარგის გამო… და რას გრძნობს ბავშვი? „მე მაშინ მაფასებენ, როდესაც მთლიანად შევჭამ საჭმელს, როდესაც მივიღებ მაღალ ნიშანს, როდესაც არ ვცელქობ სახლში, სხვა შემთხვევაში მე მათთვის არაფერი ვარ!“
ამგვარი დამოკიდებულება მცდარია. ჩვენ უნდა ვეუბნებოდეთ ბავშვს:
– შვილო, მე შენ მიყვარხარ, მიყვარხარ იმიტომ, რომ არსებობ, მიყვარხარ შენი შეცდომებისა და ნაკლის მიუხედავად!
ეს დიდებული სიტყვებია – გიყვარდეს ახლობელი ადამიანი, გიყვარდეს ბავშვი ისეთი, როგორიც ის არის. ნარკოტიკსაც რომ იღებდეს, შენ მას უნდა უთხრა:
ნარკოტიკები, რომელთაც შენ იღებ, სულს მიფლეთს, მაგრამ მე შენ მიყვარხარ იმიტომ, რომ შენ არ ხარ ნარკოტიკი. შენ საშინელი ვნება გაქვს, მაგრამ შენი სული არაა ვნება, შენს სულში ღრმადაა დაფარული სულიწმიდის მადლი, შენში დაფარულია ღვთაებრივი ტვიფარი, ამიტომაც მიყვარხარ, თუნდაც ცოდვებში ჩაფლული, შვილო. მიყვარხარ ყოველგვარი პირობების გარეშე, მიყვარხარ ისე, როგორც უყვარხარ ღმერთს, უპირობოდ!
და თუ თქვენ ამას უსაჩუქრებთ თქვენს შვილს, მისთვის ეს იქნება უდიდესი ბედნიერება, დიდი კურთხევა და ძლიერი ძალა აწყმოსა თუ მომავალში. უპირობო სიყვარული – აი, როგორი საჩუქარი უნდა გავუკეთოთ შვილს და თანაც ხშირად, რამდენადაც ეს შესაძლებელია…
დაიმახსოვრე, რომ შენი შვილი არ არის მსხვერპლი, რომელიც სურვილისამებრ შეგიძლია გამოიყენო, არც შენი საკუთრებაა, რომ ისე მოექცე, როგორც შენ გსურს. შენი ნაშობია, მაგრამ არაა შენი საკუთრება. იცით, ერთი წმინდანი რას უწოდებს შვილებსა და მშობლებს? იგი ამბობს, რომ სულის სიღრმეში ჩვენ, ყველანი, ძმები ვართ, სულიერი ძმები და ამიტომ სამოთხეში არ ვიტყვით: „ეს ჩემი დედაა“, „ეს ჩემი შვილია“, „ეს ჩემი მამაა“, არამედ ვიტყვით, რომ „ესაა სული, რომლისთვისაც დედამიწაზე მე ვიყავი შვილი (მამა, დედა), სინამდვილეში კი ჩვენ სულით ძმები და დები ვართ“.
და ღმერთი გეუბნება:
– ბატონო გიორგი (ქალბატონო ელენე), მიიღე ეს სული და აღზარდე შენი ხელით. მიიღე იგი შენს შვილად, რათა მისი საშუალებით ისწავლო სიყვარული, მაგრამ ის არ არის შენი საკუთრება, რომ ისე მოექცე, როგორც მოისურვებ.
შენ მას ფრთებს მისცემ, რომ გაშალოს და გაფრინდეს. და თუ დატოვებს კიდეც იმ სახლს, რომელშიც სიტკბოს იგემებს, იგი დაბრუნდება, დაბრუნდება, როგორც დაბრუნდა უძღები შვილი. რატომ? „იმიტომ, რომ ისეთი სიყვარული, როგორიც ამ სახლშია, ვერსად ვიპოვე. იმიტომ, რომ ყველგან, სადაც კი მივედი, ვიპოვე ფული, გართობა, სიამოვნება, მაგრამ ვერ ვიპოვე ის, რაც იყო სახლში, დედასა და მამასთან“.
და თუ შენ ამას მისცემ შენს შვილს, ნუ შეგეშინდება, როდესაც წასვლას მოისურვებს; გზაც რომ აებნეს, დაბრუნდება. და თუ მართლა აებნევა თავ–გზა, მისი სიყვარული ისწავლე და მის დაბრუნებას დაელოდე.
ბრძოლითა და ძალდატანებით ბავშვის გულს ვერ დაიმორჩილებ. მიუძღვენით მას საჩუქრად პატივისცემა, თავისუფლება, სიმყუდროვე, რა თქმა უნდა, ძლიერ ლოცვასთან ერთად. ეს ისაა, რასაც არ ვაკეთებთ და რისი გაკეთებაც ყველაზე რთულია. არ ვიცი, რამდენ დროს ატარებთ ტელევიზორის წინ, მაგრამ საბერძნეთში ამას დიდ დროს უთმობენ, შემდეგ კი მოძღვრებთან მოდიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ… ერთმა ქალბატონმა მითხრა:
– ლოცვა დავკარგე, ვერ ვგრძნობ ღვთის შეწევნას.
მე ვკითხე:
– რამდენ დროს უთმობ ტელევიზორის ყურებას?
მან მიპასუხა:
– 5-6 საათს მაინც დღეში.
– და შენ გსურს ღვთის შეწევნა იგრძნო? – ვკითხე მას.
მარტივი არ არის თურქულ და ბერძნულ სერიალებსა და მათ მსგავს რაღაცებს შეუთავსო სულიერი განწყობა და ლოცვა. ადამიანი ამბობს: „მე ვუყურებ ყველა სერიალს“, შემდეგ კი შვილის გამო შფოთვა იპყრობს. მე ვუთხარი მას:
– ჩემო კარგო, თუ მცირე ხნით მაინც არ გამორთავ ტელევიზორს შენი შვილის გამო, ოჯახში არაფერი შეიცვლება!
რას გაიხსენებენ შვილები თქვენ შესახებ? ვლოცულობ, რომ მშვენიერი მოგონებები დარჩეთ და მოწიწებით იფიქრონ: „ისინი საუკეთესო მეუღლეები იყვნენ“. თქვენზეა დამოკიდებული, რომ ამგვარი მოგონებები დატოვოთ. და აღსრულდება სასწაული, რომელიც შვილისთვის გსურდათ, თუმცა არა ის, რაც თქვენ გინდოდათ, რადგან მშობლებს თავიანთი გეგმები აქვთ შვილებისათვის, ღმერთი კი სხვაგვარად ფიქრობს. ღმერთი არ იხედება ჩვენს გეგმებში, მას შეუძლია თქვას:
– ძვირფასო მამა (ძვირფასო დედა), ისე არ არის ყველაფერი, როგორც შენ გინდა. შენ გსურს, რომ შენი შვილი შემდეგ წელს გახდეს ანგელოზი! მე კი მას ათი წლის შემდეგ ვხედავ ანგელოზად.
– მაგრამ მე ხომ მაგ დროს ცოცხალი აღარ ვიქნები! – ანუ გვინდა, რომ ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც ჩვენ გვსურს.
ცვლილება, რომლის დანახვაც ასე გვწადია ჩვენს შვილში, ჩვენს ახლობელში, განხორციელდება საჭირო დროს. ეს დიდი საიდუმლოა – საიდუმლოა ისწავლო მისცე ადამიანს დრო, რომელსაც ყველა საჭიროებს ცხოვრებაში. არა ისე, როგორც ჩვენ გვსურს! ჩვენ როგორც გვსურს, ყველაფერი რომ ისე ყოფილიყო… მაგრამ ასე არ ხდება! ცხოვრება მკაცრია, ცხოვრება ტკივილს გვაყენებს, მაგრამ განგვსწავლის კიდეც, ამიტომ ნუ გავჯიუტდებით და ნუ ვიტყვით: „აი, მე ეს მინდა ცხოვრებაში!“ არა როგორც შენ გსურს, არამედ ისე, როგორც ღმერთმა განაგო. მას სურს გადაარჩინოს შენი შვილი, გადაარჩინოს შენი ქმარი, გადაგარჩინოს შენ ანუ გადაგარჩინოთ ყველა. ჩვენი გონება კი უძლურია გაიაზროს რატომ და როგორ ხდება ეს ყველაფერი.
და ნუ ეტყვით მძიმე სიტყვებს თქვენს შვილებს. ზოგიერთები ძალიან მძიმე სიტყვებს ეუბნებიან ბავშვებს, ეჩხუბებიან მათ:
– შენ გამოუსადეგარი ხარ, შენ წარუმატებელი ხარ! შენ ვერაფერს მიაღწევ ცხოვრებაში, შენ ისეთი ხარ, სამსახურსაც კი ვერ იშოვი!
ასეთი სიტყვები ძალზედ მძიმეა შვილებისთვის, რადგან ისინი მშობელთა ბაგეებიდან გამოდიან და დიდ ტკივილს აყენებენ მათ. ამიტომ ხუმრობითაც ნუ იტყვით ამ სიტყვებს, ისინი სახუმარო კი არა, სასტიკი სიტყვებია, რომლებიც კლავენ ბავშვს. ეს მითხრა ერთმა გოგონამ, რომელსაც არ შეეძლო გათხოვება:
– მამაო, როგორ გავთხოვდები, როდესაც ბავშვობიდან საშინელი სიტყვები მესმის სახლში?! იმედგაცრუებული ვარ საკუთარი თავით და, ბოლოს და ბოლოს, დავიჯერე, რომ ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევ.
– ასე რატომ ამბობ?
– ამას ჩემი მშობლები მეუბნებოდნენ: „შენ ასეთი და ასეთი ხარ და ასეთადვე დარჩები!“
მოდით, ნუ გადავიტანთ ჩვენს აგრესიას ბავშვზე. ქრისტიანობა სიტყვები კი არა, ის მცირე საქმეებია, რომელთა შესახებაც ვლაპარაკობთ, და ეს საქმეები აჩვენებენ, ნამდვილად გვიყვარს თუ არა ჩვენი შვილი.
და კიდევ: აჩუქეთ შვილს სულისთვის სასიცოცხლო ძალა, რათა გაღვიძებისთანავე არ ხედავდნენ, რომ გიჭირთ ცხოვრება, რომ ყველაფერს მუქ ფერებში აღიქვამთ:
– ოჰ, რა გავაკეთო დღეს? ისევ რაღაც უნდა მოვამზადო!
და ბავშვი ხედავს, რომ დედა ყოველდღე იმეორებს:
– რა გავაკეთო დღეს? ისევ რამე უნდა მოვამზადო? ნუთუ არ შეგვიძლია ორი– სამი დღე ერთი და იგივე მივირთვათ? ყოველდღე მზადება! ყოველდღე ყიდვა!
და ბავშვი იღებს გზავნილს, რომ ცხოვრება მძიმეა, ცხოვრება დამღლელია, რომ „მშობლები არ იძლევიან სტიმულსა და ცხოვრების სურვილს“.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!