Saturday, September 24, 2022
spot_img
HomeExclusive: ,,ამ სიტყვებმა სტიმული მისცა სერიოზული ვარჯიში დაეწყო..." - იუბილარი ჩემპიონის დედა...

Exclusive: ,,ამ სიტყვებმა სტიმული მისცა სერიოზული ვარჯიში დაეწყო…” – იუბილარი ჩემპიონის დედა ქართველ ჰალკიზე

spot_imgspot_img

დღეს, ქართველი სპორტსმენი (მკლავჭიდი), შვიდგზის მსოფლიო და ექვსგზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო „TOP 8“-ს ჩემპიონატის გამარჯვებული (2019, რუმია, პოლონეთი) ლევან საგინაშვილი იუბილარია.

მსოფლიო ჩემპიონს, 34 წელი შეუსრულდა.

რამდენიმე ხნის წინ, ქართველი ჰალკი, Netflix -ის ახალ ფილმში, რეჟისორ სემ ჰარგრეივის ახალ ნამუშევარში Extraction 2 -ში გადაიღეს, რომლის პრემიერა, წლის ბოლოს გაიმართება.

ცნობილია, რომ ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი, კრის ჰემსვორტი ასრულებს.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ 2019 წელს ლევან საგინაშვილი ბრიტანულ-არაბულ ფილმში გადაიღეს.

შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს ქართველმა მკლავჭიდელმა, დუბაიში, King Of The Table 4 -ზე კანადელი დევონ ლარატი უშანსოდ დაამარცხა!

ქართველმა ჰალკმა, მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და ექვსივე რაუნდში აჯობა და შესაბამისად, 6:0 იმარჯვა. ლევანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში უკონკურენტოა. მას უკვე, ოთხი წელია შეხვედრა არ წაუგია.

„პრაიმტაიმი“ იუბილარ „ქართველ ჰალკს“ და ჩემპიონის დედას, ლალი გრძელიშვილს დაუკავშირდა და ჩემპიონის ბავშვობაზე, სამომავლო გეგმებზე და პირად ცხოვრებაზე ექსკლუზიურად ესაუბრა: 

ლევან საგინაშვილი:

მართალია, ჩემი დაბადების დღეა, მაგრამ ჩემი მეგობრის ქორწილში მივიჩქარი. რა თქმა უნდა, კარგი განწყობა მაქვს.

იქნებ დაგებედოს და მალე შენი ქორწილის ამბავიც გავიგოთ!…

რა ვიცი, ვნახოთ, შესაძლებელია.

ანუ, ველოდოთ სიახლეებს პირად ცხოვრებაში? საზოგადოებას აინტერესებს, ვინ იქნება მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანის რჩეული…

ჯერ არ ვიცი, ვნახოთ, ისეთი არაფერი, ცოტ-ცოტა სიახლეებია (იცინის).

გიყვარს შენი დაბადების დღე, გჩუქნიან „ჰალკის“ შესაფერ საჩუქრებს?

ისე რა, განსაკუთრებული საჩუქარი დაბადების დღის, არ მახსენდება.

მოგვიყევი, რა გეგმები გაქვს…

თებერვალში მაქვს დაგეგმილი შეჯიბრი, ვისთან ჯერ არ არის ცნობილი, ნოემბერში გადაწყდება. წლის ბოლოს, ჩემი ფილმის პრემიერა გაიმართება. ჰოლივუდიდან სხვა შემოთავაზება, ჯერ მქონია.

ლევან საგინაშვილის დედა – ლალი გრძელიშვილი:

უთქმელი, გულჩათხრობილი ადამიანია, მაგრამ ყველაფერს ხვდება და აფიქსირებს, ცოტა ეშმაკიც არის (იცინის). ემოციების, პატივისცემის და სიყვარულის გამოხატვა, სიტყვიერად უჭირს, სამაგიეროდ, თავისი საქციელით გაჩვენებს.

მისი წარმატებებიდან გამომდინარე, ფაქტი სახეზეა – საქმე, ლაპარაკის ნაცვლად!…

ზუსტად საქმის და დაუღალავი შრომის შედეგია მისი ასეთი წარმატება, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა. ძალიან თავმდაბალი ადამიანია, არ უყვარს თავისი წარმატებების ზედმეტად აფიშირება, ზოგჯერ ვეუბნები, ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინე საზოგადოების მიმართ-მეთქი.

სულ ვცდილობ, შევუწყო ხელი, როგორ ხასიათზეც არის, მეც იქიდან გამომდინარე ვეკონტაქტები, აქედან გამომდინარე, არ ვჩხუბობთ, არც არასდროს გვიჩხუბია. ძალიან მორჩილი ბავშვი იყო, პატარა რომ იყო, სულ ხელჩაკიდებულები დავდიოდით..

არასდროს უჩხუბია, არ იყო კონფლიქტური ბავშვი. არ მახსოვს ისეთი სერიოზული არაფერი. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია, ჩემამდე არ მოსულა (იცინის).

როგორი იყო ახალშობილი პატარა „ჰალკი“?

დიდი არასდროს ყოფილა, მაგრამ ძვალმსხვილი და ჩასკვნილი ბავშვი იყო – 3,900 გრ. დაიბადა, არც ისე დიდი წონის იყო, მაგრამ ჩემი მეორე შვილიც, ვახო, ზუსტად იგივე წონა იყო.

ცნობილია, რომ ფეხბურთი უყვარდა, რატომ გადაწყვიტა მკლავჭიდში ეცადა ბედი?

ბავშვობაში, მკერდის ძვალი ჰქონდა ცოტა დეფორმირებული და ასაკის მატებასთან ერთად, კომპლექსი გაუჩნდა. თან ერთ-ერთმა ექიმმა უთხრა, ძვალი უკვე დეფორმირებულია და არაფერი გეშველეობაო

ამ სიტყვებმა მეტი სტიმული მისცა და გადაწყვიტა, სერიოზული ვარჯიში დაეწყო, რომ ეს დაეფარა. მანამდე, არც უფიქრია, მკლავჭიდზე. იმდენი ივარჯიშა, რომ ბოლოს ასეთ წარმატებას მიაღწია.

ვინ იყო მისი პირველი მწვრთნელი?

ლევანის პირველი მწვრთნელი, საოცარი ადამიანი – ლადო ხუციშვილია. სწორედ, მისი დამსახურებაა, ლევანის წარმატებული სპორტული კარიერა.

პირველად რომ შეხვდა, მწვრთნელმა უთხრა, განსაკუთრებული მკლავი გაქვს, ისეთი ზომებია, ადამიანებს, წლები სჭირდება, რომ ასეთ შედეგი დადოსო.

ლადოსთან უკვე ნავარჯიშები მივიდა?

არა, ბუნებრივად დიდი ზომის მკლავი ჰქონდა, სრულიად შემთხვევით შეამჩნია მწვრთნელმა, როცა მკლავს უწევდა ვიღაც ბიჭს.

უთქვამს, შენ თუ მე მომყვები, შენგან მაგარი მკლავჭიდელი გამოვაო.  მახსოვს, სახლში რომ დაბრუნდა, აღფრთოვანებული ჰყვებოდა ამ ამბავს, ჩვენც დავეთანხმეთ და ვურჩიეთ დაეწყო ვარჯიში.

წვიმაში, ქარში ყველანაირ ამინდში ვარჯიშობდა და შედეგიც დადო.

როგორია ჩემპიონი, მამასთან და ძმასთან? 

მეგობრული დამოკიდებულება აქვს, მამის რჩევებს ყოველთვის ითვალისწინებს, სულ ეკითხება აზრს.

ძმასთანაც კარგი ურთიერთობა აქვს, არც ბავშვობაში ჩხუბობდნენ. თუმცა, განსხვავებული ადამიანები არიან, როგორც გარეგნობით ისე საერთო ინტერესებით.​ ლევანს რამე თუ უხარია, პირველ რიგში, ძმას ურეკავს, უხარია, რომ მასაც ახარებს.

რა სიახლეებია, ჩემპიონის პირად ცხოვრებაში?

არ ვერევი მის პირად ცხოვრებაში და საკითხებში, თუ ოჯახს შექმნის, რა თქმა უნდა, ყველას გაგვიხარდება, აუცილებლად შეგატყობინებთ, როცა დააპირებს (იცინის).

ლევანს, ფანების მხრიდან, ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, რას ეტყოდით მათ…  

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ასეთი დიდი სიყვარულისთვის, განსაკუთრებით მის გულშემატკივრებს, იმდენი პოზიტივი მოდის საზოგადოების მხრიდან, იმდენს ლოცავენ, რომ შეეწია ლოცვა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge