Sunday, December 4, 2022
Aviabiletebi Avia.ge
მთავარისაზოგადოებააი თურმე რას წარმოადგენს თამაზა რეალურად - ეს შოკში ჩაგაგდებთ

აი თურმე რას წარმოადგენს თამაზა რეალურად – ეს შოკში ჩაგაგდებთ

spot_imgspot_img

“ვიფიქრე, ცხოვრება არ გავიუბედურო-მეთქი…”

 

ალბათ ერთხელ მაინც გინახავთ სოციალურ ქსელში ოქროსფერთმიანი თამაზა, რომელიც ვიდეოში ან რამე ამბავს ხალისიანად გვიყვება, ან – ფიტნესს ინსტრუქტორისგან არაჯანსაღ კვებასთან დაკავშირებულ საყვედურებს ოსტატურად იგერიებს, ხალხისგან კი უამრავ დადებით კომენტარს იღებს. გადავწყვიტეთ, თამაზა, იგივე თამაზ ლოხიშვილი, მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო.

 

 

– პირველი ვიდეო მეგობრის სახლში (მუხიანში) გადავიღეთ. მეგობარს ვეჩხუბებოდი, – პოპულარობა არ მინდა-მეთქი… მეორე დღეს იმ ვიდეოს “ტიკტოკზე” 300 ათასი “ნახვა” ჰქონდა. ქუჩაში, 10 ადამიანიდან 4-5 უკვე მცნობდა. მიკვირდა, ჩემი დანახვისას უცნობი ადამიანები რატომ იღიმოდნენ……შემდეგ მეგობარმა ჩემი რამდენიმე ვიდეო სოციალურ ქსელში კიდევ ატვირთა. ხალხი დადებით კომენტარებს მიწერდა, მაგრამ ვიღაცები ყალბ ანგარიშებს ქმნიდნენ, ჩემს ვიდეოს იქ აქვეყნებდნენ და მლანძღავდნენ. ასეთმა ფაქტებმა უკან დამხია. ვიფიქრე, თუ ვიღაცამ მაგინა, პოპულარობა რად მინდა-მეთქი?! მეგობარს ვთხოვე, ჩემი ვიდეოები აღარ “დადო”, თან, შემოსავალიც არ მოაქვს, ხალხი იკრიჭება, მე რა ხეირი მაქვს-მეთქი?! 3-4 თვის განმავლობაში ვიდეოები აღარ გადაგვიღია… მერე, ტრენაჟორების დარბაზში ვარჯიში გადავწყვიტე. მახსოვს, წინადღეს ძვირად ღირებული ძეხვი ვიყიდე. მეორე დღეს კოხტად ვივარჯიშე, დარბაზიდან წამოსული კი ძეხვს გეახელით. მერე სავარჯიშოდ მისულს, ჩემმა ფიტნეს-ინსტრუქტორმა მაკა ხიზანიშვილმა კვებასთან დაკავშირებული შეკითხვა დამისვა. მეც გულახდილად ვუპასუხე, – “სალიამი” “გადავიგდე ყბაში”-მეთქი. მაკამ შენიშვნა მომცა – ჭამას მიშლიდა… ამ დიალოგის ამსახველმა ვიდეომ საზოგადოებაში ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ გაოცებისგან ლამის ყბა ჩამომივარდა (იცინის). მეორე დღეს სახლიდან რომ გამოვედი, ყველა მეკითხებოდა, – მაკა როგორ არის? მომიკითხე. თამაზ, ძმა ხარო… მერე ისე მოხდა, რომ მაკამ ტელეგადაცემაში მიიღო მონაწილეობა და გივი სიხარულიძესთან ერთად იცეკვა. ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში “გავარდა” – მილიონობით “ნახვა” ჰქონდა. ამან ის გამოიწვია, რომ ჩემი და მაკას ყოველ ვიდეოს უკვე ნახევარი მილიონი ადამიანი ნახულობდა. იმ დროს “ტიკტოკზე” აქტიური გვერდი არ მქონია – ამ პლატფორმას მხოლოდ “სქროლვისთვის” ვიყენებდი. როგორც კი გავაქტიურდი, უცებ ჩემი გვერდი 10 ათასმა ადამიანმა გამოიწერა. მაკამ შემომთავაზა – არ გინდა, “ფეისბუკის” გვერდიც “მოხოდოო”? მართლაც გავაკეთე ჩემი გვერდი – “თამაზას სამყარო”. აი, ეს ყოფილა ცხოვრება: 1 თვეში 30 ათასი გამომწერი მყავს… თავდაპირველად, ცუდ კომენტარებს როცა მიწერდნენ, ძალიან ვნერვიულობდი და მათ ავტორებს “ვბლოკავდი”. დაახლოებით 800 კაცი “დავბლოკე”. შემდეგ, უამრავი შეტყობინება რომ მომდიოდა, წაკითხვას თავს ვეღარ ვართმევდი. თან, ვინც ცუდ კომენტარს მიწერდა, მერე კი პირადად გამიცნობდა, ბოდიშს მიხდიდა ხოლმე – შენ შესახებ სხვაგვარი წარმოდგენა მქონდაო. ჰოდა, ბოლოს რვაასივეს “ბლოკი” მოვხსენი: თუ უნდათ, ცუდი კომენტარები დაწერონ. პირადად მე ნეგატიურად აღარავის ვუპასუხებ. არც მქონია შემთხვევა, რომ რეალურად ვინმე მოსულიყო და შეურაცხყოფა მოეყენებინა. შეიძლება, ვიღაცამ მითხრას, – შვილო, რას დაეთრევი, რას ჰგავხარ, პატრონი არ გყავსო?!.

– რატომ, რა არ მოსწონთ?

– ჩემი გრძელი თმა. ამას წინათ ავტობუსში ერთმა ქალმა მითხრა, – სოციალურ ქსელში რაც შენ გამოჩნდი, ბავშვებისთვის თმა ვერ შეგვიჭრია, პატარები გვეუბნებიან, – თამაზას გრძელი თმა რომ აქვს, ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდესო (იცინის)?!. ზოგი მწერს, – შვილო, თმა შეიჭერი, ადამიანს დაემსგავსეო.

– არადა, გიხდება: ჯანმრთელი და ლამაზი თმა გაქვს.

– მიხდება – ერთია, მაგრამ ამ თმის მოსავლელად საჭირო შამპუნებში, ნიღბებსა და მოვლის სხვადასხვა საშუალებაში უამრავი ფული გადავყარე. გამელოტების პროცესის შესაჩერებლად მხოლოდ კარგი შამპუნით დაბანა საკმარისი არ არის. თმის ამოსვლა-გაჯანსაღებისთვის ექიმთან კონსულტაცია, სისხლის ანალიზი, წამლებია საჭირო…

– ოდესმე მოკლე ვარცხნილობა გქონია?

– კი, მაგრამ ბავშვობიდან სულ მინდოდა, რომ გრძელი თმა მქონოდა. მე ხომ წარმოშობით სოფლიდან ვარ, არა? ვერ ვიტყვი, მშობლები რამეს გვიკრძალავდნენ-მეთქი, პირიქით – მე და ჩემს ძმას თავისუფლად, დიდი სიყვარულით გვზრდიდნენ. უბრალოდ, მამას არ მოსწონდა, რომ ბიჭს გრძელი თმა ჰქონდა. მშობლებს დიდ პატივს ვცემდი. მამისთვის რატომ უნდა მეწყენინებინა?.. როცა გავიზარდე, კი ვუთხარი, – მა, მინდა, გრძელი თმა მქონდეს-მეთქი. ცხადია, წინააღმდეგობა არ გაუწევია… თბილისში რომ ჩამოვედი, “გასვეცკება” მომინდა (იცინის). თან, მიყვარს, როცა ვიღაცისგან განვსხვავდები: მაგალითად, საყიდლებზე რომ მივდივარ, შეიძლება, რომელიმე სამოსი მაგრად მომეწონოს, მაგრამ ვიფიქრო – ამას ბევრი იყიდის, მოდი, სხვა რამეს ავიღებ, რასაც ჩემ გარდა, არავინ შეიძენს-მეთქი, და შინ მოვათრევ სტაფილოსფერ ქურთუკს, შარვალს…

– როგორ გარემოში გაიზარდე?

– იცი, ასეთი თავისუფალი, ხალისიანი რატომ ვარ? მშობლები არასოდეს გვზღუდავდნენ. მათთან ერთად შრომა გვიწევდა. იმას კი არ ვგულისხმობ, რომ გვაძალებდნენ – გინდა თუ არა, წამოდით და ჩვენთან ერთად იმუშავეთო! შრომა თავად გვიყვარდა და დედ-მამას ვეხმარებოდით კიდეც. ვენახში ჩვენი კვლები გვქონდა, რომლებსაც თავად ვუვლიდით… მერე მე და ჩემმა ძმამ განათლებაც კარგი მივიღეთ. ჩვენს აღზრდაში ბებიამ – თინათინ რევაზიშვილმა (რომელიც ჩემს ვიდეოებშიც ჩანს ხოლმე) დიდი მონაწილეობა მიიღო. მისი მეუღლის მოსახელე ვარ. როცა დავიბადე, პაპა უკვე გარდაცვლილი იყო. ბებია ჩემზე – მისი მეუღლის მოსახელეზე გადაყოლილი იყო (იღიმის)…

– აღნიშნე, კარგი განათლება მივიღეო. რომელ პროფესიას დაეუფლე?

– სკოლაში სწავლის ბოლო წლებში, კახა ბენდუქიძე სკოლებს შორის რეგიონულ შეჯიბრებებს ატარებდა. ბიოლოგია ძალიან მიყვარდა. ამ საგანში ჩატარებულ შეჯიბრებაში, საქართველოს მასშტაბით საუკეთესო მოსწავლეებს შორის მოვხვდი. დედაჩემი სამედიცინო სფეროში მუშაობდა. გადავწყვიტე, მედიცინის ფაკულტეტზე ჩამებარებინა, მაგრამ მივხვდი – ეს ჩემი სფერო არ იყო: ადამიანები იხოცებიან, მე კი ამის ნახვა და დარდი არ შემიძლია. ჩემი სტილი დოლ-გარმონი და ტაშ-ფანდურია. ვიფიქრე, ცხოვრება არ გავიუბედურო-მეთქი. ამიტომ, ბიოლოგიაში კი მოვემზადე, კარგადაც ჩავაბარე, მაგრამ საბუთები ილიას უნივერსიტეტში, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე გადავიტანე. თავდაპირველად, თეატრალურზე სწავლა მინდოდა, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე და საბოლოოდ, ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ავირჩიე. პიროვნული ზრდისთვის, რეალიზებისთვის აუცილებელია, ადამიანი ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებული იყოს, მყარი ფსიქიკა ჰქონდეს. ვიფიქრე, ფსიქოლოგიის შესწავლა პირად ცხოვრებაშიც ძალიან გამომადგებოდა.

– ფსიქოლოგიის შესწავლამდეც ასეთი კომუნიკაბელური და დადებითი ემოციების აღმძვრელი იყავი?

– საერთოდ, კომუნიკაბელური ვიყავი, მაგრამ იმავდროულად – ძალიან მორიდებულიც. ახლაც ასეთი ვარ. ბებიამ ისე გაგვზარდა, რომ ვიცით – უფროსი ასაკის ადამიანს პატივი უნდა ვცეთ. მაგალითად, 70 წლის ქალბატონმა შეურაცხყოფა რომ მომაყენოს, პასუხსაც არ გავცემ. ჩემი კომპლექსების შესახებაც გეტყვით: სოფლიდან თბილისში რომ ჩამოვედი, ამხელა ქალაქში ცხოვრების გამოცდილება არ მქონდა. სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას, როცა უკანა სავარძელზე ვიჯექი ხოლმე, მძღოლს ვერ ვეუბნებოდი, გააჩერე-მეთქი, რადგან არ მინდოდა, ხალხი შემეწუხებინა. აი, რა კულტურული და ზრდილობიანი ვიყავი (იცინის)… საერთოდ, ხომ იცით, სოფლელი თბილისში რომ ჩამოდის, სულ უნდა, რომ თავისი სოფლელობა დამალოს, რატომღაც, თავისი წარმომავლობა “უტყდება”. პირადად მე ასეთი სიტუაცია არ შემქმნია, რადგან სოფლელობა ძალიან მკაფიოდ მეტყობოდა, ვერ ვმალავდი: ისეთი კილო მაქვს, ყველა ხვდებოდა, რომ “კარენოი” თბილისელი არ ვიყავი. იცი, ამან რა გამოიწვია?.. ახლა ჩემი საუბრის მანერა “ევასებათ”, თან – წარმომავლობას რომ არ ვმალავ, ეგეც მოსწონთ. დასამალი რა არის?! ჩამოსული ვისზე ნაკლები ვარ (იღიმის)?..

– ფსევდონიმად “თამაზა” რატომ აირჩიე?

– ლამის დაბადებიდანვე განსხვავებულობა მიყვარდა. იმას ვგულისხმობ, რომ საკუთარ თავს ვატყობდი, განსხვავებულად ვაზროვნებდი… სკოლაში, ექსკურსიასა თუ კონცერტზე ყოველთვის წამყვანი ფიგურა გახლდით. წარმოიდგინე, “გიორგის” რომ დაიძახებდნენ, 9 კაცი ტრიალდებოდა, თამაზა კი ლამის მთელ რეგიონში მხოლოდ მე ვიყავი… სამსახურშიც, როცა შევნიშნე, რომ 2-3 კაცი ჩემი სეხნია იყო და საუბრისას უკვე ახსნა ხდებოდა საჭირო, რომელ თამაზს გულისხმობდნენ, აღარ მომეწონა. ამიტომ “თამაზა” დავირქვი.

tamaza-mokle-tmit-1666687426.jpg

– რომელ სოფელში გაიზარდე, არ გითქვამს…

– ქსოვრისში (მცხეთა). ჩემს სოფელში 600 კომლია და როცა ჩვენი ინტერვიუ გამოქვეყნდება, მინდა, რომ ეს ჟურნალი ყველამ სახლში გაიყოლოს (იღიმის).

– მშობლიურ სოფელს ხშირად სტუმრობ?

– ძალიან. ხომ შეიძლება, რომ, მაგალითად, ჩემი გრძელი თმის გამო, სოფელში ხალხისგან უარყოფით, დამცინავ დამოკიდებულებას ვგრძნობდე? ასე იმიტომ არ ხდება, რომ ოჯახი გვერდით მყარად მიდგას. თან, კარგი სამეგობრო, სამეზობლო მყავს. ჩვენს ოჯახს სოფელში დიდ პატივს სცემენ.

– დღეს სოციალური ქსელები შენი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა?

– იცი, რა მაოცებს?.. სამეგობროში “ინფლუენსერები” მყავს, მაგრამ არ ვიცი, იმდენ საჩუქარს, გულთბილ დამოკიდებულებას ვინმე თუ იღებს, რამდენსაც მე. დღე ისე არ გავა, რომ საჩუქარი არ მივიღო. განსაკუთრებით ემიგრანტები აქტიურობენ. ორშაბათს მილანიდან ამანათი ჩამომდის… სუნამოებით, შამპუნებით, სხვადასხვა პროცედურით მასაჩუქრებენ. რესტორანში ვახშმობისას რაღაცას მიგზავნიან, პატივისცემის ნიშნად, რაც ძალიან სასიამოვნოა.

– უამრავ მაყურებელს იზიდავ და შენ მიმართ დადებითად განაწყობ. ტელევიზიაში მუშაობაზე არ გიფიქრია?

– ბავშვობაში მინდოდა, რომ ტელევიზორში მეთქვა: გამარჯობა, მე თამაზი ვარ და ამინდის პროგნოზს გაგაცნობთ-მეთქი (იცინის). ტელეეკრანიდან ამინდის პროგნოზის მოწოდების არსებული სტილი არ მომწონს: გოიმურად გვაცნობენ, არავინ უსმენს. ხალხს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაცია ისე უნდა მიაწოდო, რომ კარგი განწყობა შეუქმნა. ტელეწამყვანები ახალგაღვიძებული კატასავით რომ აჭყეტენ თვალებს, მოსაწონია?.. თავად ვერ გაუღვიძიათ და საქართველოს გააღვიძებენ (იცინის)?!. სხვათა შორის, მივხვდი, რომ ლაპარაკის ისეთი მანერა და ხმის ტემბრი მაქვს, რომ ჩემ მიერ მოყოლილი ამბები საინტერესოა. ერთადერთი, ძალიან სწრაფად ვსაუბრობ. სულ მინდა, რომ ნელა ვილაპარაკო, მაგრამ ნელა საუბრისას მავიწყდება, რა უნდა ვთქვა (იცინის)… ამბის საინტერესოდ გადმოცემის უნარი ბებიისგან გამომყვა: ბებიას თხრობის ისეთი ნიჭი აქვს, რომ არ გაინტერესებდეს, მაინც მოუსმენ.

– შენთვის უცნობი ადამიანები საჯარო სივრცეში როგორ გხვდებიან, როცა გცნობენ?

– ამას წინათ მეტროში ჩავდიოდი. ერთმა ქალმა ღიმილით ჩამიარა და მივესალმე. შემდეგ მეორე ქალი შემხვდა ღიმილით (შვილთან ერთად იყო) – ვაიმე, როგორ მიყვარხარო!.. – გაიხარეთ, დიდი მადლობა-მეთქი! – ვუპასუხე. ამასობაში მესამე ქალი შევნიშნე, რომელიც ღიმილით მოდიოდა. – გამარჯობა-მეთქი, – ვუთხარი. – რატომ მომესალმე, ვინ ხარო?!. – გაოცდა. ვიფიქრე, თამაზ, რა მაგრად “აგივარდა თავში”. უკვე გგონია, რომ ყველა გიცნობს-მეთქი (იღიმის)… სხვათა შორის, პოპულარობის მოპოვების შემდეგ გარემოსთან ადაპტირებაში მაკა ძალიან დამეხმარა. მითხრა, როგორ მოვქცეულიყავი. მისგან ბევრი რჩევა-დარიგება მივიღე, რაც ძალიან მეხმარება. ისეთი ადამიანები ჩემთვის მიუღებელია, ვისაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ. ზოგს სოციალურ ქსელში 1 ვიდეო რომ “გაუვარდება”, შეიძლება, მეორე დღეს ქუჩაში რომ შეგხვდეს, “გამარჯობაც” აღარ გითხრას. მე ვერაფერი შემცვლის. ვიცი, საკუთარი თავი ყველას ანგელოზი ჰგონია, მაგრამ კარგად რომ გამიცნობთ, დარწმუნდებით – თავმდაბალი ადამიანი ვარ… ახლახან 1 გოგო ამბობდა, – სოციალურ ქსელში ჩემი გვერდი “დაიბლოკა”, განადგურებული ვარო. მთავარია, ადამიანებს, ჩემს გამომწერებს ვუყვარდე – ეს სიყვარული არ დაიკარგება, თორემ ხვალ ჩემი ყველა გვერდი რომ გაქრეს, გეფიცები, ნერვი არ შემიტოკდება. ასეთ რამეს გულთან ახლოს არ მივიტან. რაც არის – არის, შენ დაუკარ (იცინის)!..

Facebook კომენტარები
spot_imgspot_img
მსგავსი
spot_img

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!