Saturday, September 24, 2022
spot_img
Home„ჩვენ, ქართველები, ვართ ჰაერი და არა მიწა...“ - მსოფლიოში აღიარებული ფილოსოფოსის, მერაბ...

„ჩვენ, ქართველები, ვართ ჰაერი და არა მიწა…“ – მსოფლიოში აღიარებული ფილოსოფოსის, მერაბ მამარდაშვილის დაბადების დღეა

spot_imgspot_img

დღეს გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის, მერაბ მამარდაშვილის დაბადების დღეა. მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ფილოსოფოსი 92 წლის გახდებოდა.  

არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომის ავტორი ლექციებს სხვადასხვა ქვეყანაში კითხულობდა. 

„ჩვენ, ქართველები, ვართ ჰაერი და არა მიწა. და სანაცვლოსაც ვღებულობთ. როცა 1988 წელს პირველად ჩავედი ამერიკაში, ნორმან კაზექსმა ერთ-ერთ მრგვალ მაგიდაზე მკითხა: “კარგი, მერაბ და, ერთი ეს ამიხსენი, რანაირად დარჩი ცოცხალი მთელი ეს ხანი, როგორ გადარჩი?” რაზედაც ვუპასუხე: „გადავრჩი იმიტომ, რომ ქართველი ვარ.“ – იხსენებდა მამარდაშვილი.

ვისაც მისი ლექციები მოუსმენია, აღნიშნავს მის ხმის ტემბრსა და თხრობის მანერას, რომელიც ნააზრევის კარგად აღქმაში ეხმარება. მამარდაშვილი გამუდმებით ცდილობდა, ახალგაზრდობასთან მჭირდო კონტაქტი ჰქონოდა.

მერაბ მამარდაშვილისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უცნობი ისტორია ფართო საზოგადოებას ნინო დარბაისელმა გააცნო:

“მამარდაშვილის “საუბრები ფილოსოფიაზე” ანუ წიგნი, გამოცემული ზვიადის ნებით. ერთი ამბავი მაწვალებს და არ მინდა, დაიკარგოს.

მე მერაბ მამარდაშვილი ერთ ოჯახში, წვეულებაზე გავიცანი, როცა ახალი ჩამოსული იყო. მას მერე, ახალგაზრდობაში, სულ ვესწრებოდი მის ლექციებს უნივერსიტეტში.

რა დასამალია და ნახევარი არ მესმოდა, იქიდან, რასაც ლაპარაკობდა და მჯერა, მარტო არ ვიყავი ამ მხრივ, მაგრამ ვიწერდი, იმის იმედით, რომ გავიდოდა დრო, მოვმწიფდებოდი ინტელექტუალურად და ამ კონსპექტებს დავუბრუნდებოდი.

მერე დაიწყო ეროვნული მოძრაობა, მერე ხელისუფლებაში მოვიდა ზვიად გამსახურდია, რომელთანაც არაპოლიტიკური, საქმიანი, ახლო ლიტერატურული ურთიერთობა მქონდა.

გარდაიცვალა მერაბ მამარდაშვილი. ზვიადი ხელისუფლების სათავეში იყო.

არ დავმალავ, მისი სურვილით, მაშინ მე გამომცემლობა “მეცნიერების” მთავარი რედაქტორი ვიყავი.
ერთ დღეს აკადემიის პრეზიდიუმში დამიბარეს, ვიღაც ახალგაზრდა ბიჭები დამხვდნენ ჩვენი კურატორის კაბინეტში, ერთი, შავგვრემანი, როგორც მახსოვს, გვარად ბერძენიშვილი იყო ან ქართველიშვილი, მეორე – შედარებით პირთეთრი, ნამდვილად ჩერქეზიშვილი იყო, მგონი თავისუფლების ინსტიტუტიდან.

გადმომცეს დედანი წიგნისა “საუბრები ფილოსოფიაზე” და დამავალეს, გაუხმაურებლად გადამეცა ვინმე არაზვიადისტი რედაქტორისთვის და სასწრაფოდ გაგვეშვა წარმოებაში.

მე გეგმიურ წიგნებს ვერ ავუდიოდი, ასოცდაათამდე ავტორი რიგს უცდიდა. ზემოდან კი მავალებდნენ, ყველაფერი გადამედო და ამ საქმისთვის მიმეხედა. ცხადია, არ გამიხარდებოდა, მაგრამ თავს ზევით რა ძალაა!

საქართველოში სხვა რა იმალება, რომ ეს ამბავი დამალულიყო. ორ დღეში მირეკავს ჩემი ახლო მეგობარი თემურ ქორიძე და მთხოვს გავუარო სამსახურში, თან ის დედანი წავუღო, რომლის შესახებაც გამომცემლობელმა შინაურებმა აცნობეს და რომელშიც ზვიადზე არასასურველი რაღაცეები წერებულა. მართალი გითხრათ, მე იმ დროს ჯერ გაცნობილიც არ მქონდა კარგად დედანი. რამდენიმე გვერდი ვნახე და საშინელი ქართული იყო, აზრს ვერ გამოიტანდი.

საქართველოში მაშინაც და მუდამ, თანამდებობის პირი, უახლოესი მეგობარიც რომ იყოს, თუ გეტყვის გამომიარეო, შენთვის ეს, უკეთეს შემთხვევაში, ერთი კალენდარული დღის დაკარგვას უდრის, მაგრამ მანამდე შინა პრობლემები უნდა მომეგვარებინა. უფროსების უჩუმრად ამას ვერ ჩავიდენდი, არადა, როგორი ამბავია! დედნის მომტანების გარდა, სულ ოთხმა ადამიანმა ვიცოდით.

მეტი გზა არ მქონდა, ყველა მათგანს ცალ-ცალკე შევხვდი და ვუთხარი, რომ ზვიადი დედნის წაკითხვით იყო დაინტერესებული. თქვენ წარმოიდგინეთ, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

მოკლედ, შევაღწიე თემურთან, დედანი გადავეცი და დამპირდა, დღეისსწორს დაგირეკავ და დაგიბრუნებო.
კვირაც გავიდა, ორიც, შიგნით, სამსახურში დანაღმული სიტუაცია იყო, ღამეები არ მეძინა, თემურს ვერ ვუკავშირდებოდი, ბოლოს როგორც იქნა, დამიბარა, შევაღწიე. ზვიადთან დასაკავშირებლად ჰქონდა პირდაპირი, ძველი მოდელის ტელეფონი, რომ დაურეკა, მეც მესმოდა და კიდევ მის მდივან ქალს, თუ არ ვცდები, გვარად დავითურს, ზვიადმა რომ უთხრა, არაფერი შეცვალონ, არაფერი ამოაკლონ, ზუსტად ისე გამოაქვეყნონ, როგორც არისო. ცოტა ხანში ვიღაცამ წიგნი მისაღებში შემოიტანა, მდივანმა ქალმა გადმომცა და ამოსუნთქული დავბრუნდი გამომცემლობაში დედნიანად.

ასე მიეცა მწვანე შუქი წიგნს ,,საუბრები ფილოსოფიაზე”.

ვისაც წაკითხული აქვს ეს წიგნი, დაე, იცოდეს ეს ამბავი: რომ არა ზვიადის ნება, ეს წიგნი დღის სინათლეს ვერ იხილავდა.

… გავიდა დრო, ოთხმოცდაათიანის, ასე პირველი ნახევარია. შემთხვევით, მეგობარს გავყევი რუსთაველის მცირე დარბაზში, სადაც მგონი, მერაბის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო იმართებოდა. იქ იყვნენ ის ჩემი ძველი უფროსები თუ თანამშრომლები, რომლებიც ნერვიულად ელოდნენ ჩემს დაბრუნებას მთავრობის სასახლიდან და რა?!

მიუხედავად იმისა, რომ დაწყებამდე მივესალმეთ ერთმანეთს, ანუ იცოდნენ, რომ ამბის მთავარი მოწმე დარბაზში ვიჯექი, მშვენივრად შეიფერეს ქება-დიდება და ტაში იმის გამო, რომ ზვიადის ზეობის დროს, მისგან საიდუმლოდ გამოსცეს მერაბ მამარდაშვილის “საუბრები ფილოსოფიაზე”. მე ჩემთვის ვტიროდი, სადღაც, ბოლო სკამზე მიყუჟული.

მე გმირი არა ვარ, მე ადამიანი ვარ და ეს ის მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა ადამიანმა არ იცი, რა იღონო და უმწეობა გატირებს.

მოვყევი და გულზე მომეშვა!”, – გაიხსენა  ნინო დარბაისელმა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge