Sunday, October 2, 2022
spot_img
Homeსაქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ ევროკავშირს ირჩევს - NDI-ის კვლევა

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ ევროკავშირს ირჩევს – NDI-ის კვლევა

spot_imgspot_img

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი – NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული ანგარიში რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის წევრობის მხარდაჭერაში მცირედი ვარდნის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა კვლავ ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის ერთგულია. 75 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო გაწევრიანებაში მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას ასახელებს (25 პროცენტი). მსგავსი ტენდენცია მეორდება ნატო-ს მხარდაჭერის შემთხვევაშიც: NATO-ში გაწევრიანებას მხარს 69 პროცენტი უჭერს; უმრავლესობა კი მთავარ ხელშემშლელ ფაქტორებად რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს ასახელებს. ამასთან, მოსახლეობის რეკორდული მაჩვენებელი (62 პროცენტი) ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა და მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითი (56 პროცენტი) არ არის.

ახალი კვლევა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხსაც შეეხო. 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობის უმრავლესობას (62 პროცენტი) სმენია. მათი უმეტესობა (56 პროცენტი) ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა. ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია (71 პროცენტი), თუმცა მხოლოდ 32 პროცენტი მოელის, რომ ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს შეასრულებს. საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართვა მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ მესამედს სჯერა, რომ ხელისუფლება ამ პროცესში აღნიშნულ აქტორებს ჩართავს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის პრესრელიზში.

„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ივნისის მოვლენებს ევროინტეგრაციის პროცესში უკან გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამს, საქართველოს მოსახლეობის გზავნილი ნათელია: ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს ევროინტეგრაციას. ამ საკითხზე საქართველოს მოქალაქეების თანმიმდევრული შეხედულებები პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერებისთვის უნდა იყოს სიგნალი, რომ მათ საკუთარი ძალისხმევა ქართველი ხალხის ამ ურყევი სურვილის ასრულებისკენ მიმართონ. მოსახლეობამ, ასევე, ნათლად დააფიქსირა სურვილი იმისა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უზრუნველსაყოფად, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო სექტორმა ერთობლივად უნდა იმუშაონ. მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო პრობლემების მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური საკითხები ყურადღების ცენტრში მოექცეს“, – აცხადებს NDI საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი.

NDI-ის ცნობით, მათი კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge