Tuesday, November 29, 2022
Aviabiletebi Avia.ge
მთავარიახალი ამბებინახეთ რა გზა გაიარა ხვიჩა კვარაცხელიამ დიდ წარმატებამდე

ნახეთ რა გზა გაიარა ხვიჩა კვარაცხელიამ დიდ წარმატებამდე

spot_imgspot_img
ხვიჩა კვარაცხელიას კარიერულ ტრაექტორიაზე ზედმეტი საუბარი აღარ ღირს, ქართველმა ვარსკვლავბიჭუნამ ყველას დაანახა, რომ ევროპაში ერთ-ერთი წარმატებული ფეხბურთელის სტატუსის მოსარგებლად ყველაფერი აქვს, თანაც გუნდში მშვენიერი სიტუაციაა, “პარტენოპეი” ლაღ და თავისუფალ ფეხბურთს თამაშობს, ბევრს იტანს, ბევრ მომენტსაც ქმნის და ყოველი შედეგიანი გასროლის შემდეგ ერთ გუნდადაც აღნიშნავენ.

 

ალბათ, ყველას გვახსოვს, როცა ნობელ არუსტამიანთან ჩაწერილი ინტერვიუსას “კვარამ” თქვა, რომ ბაზაზე ცხოვრობს და როცა უნდა, დამატებით ვარჯიშობს. სადღაც ამხელა შრომასა და წვალებას შედეგი უნდა გამოეღო და შედეგიც სახეზეა, გავლენიანი გამოცემები, ლეგენდარული ფეხბურთელები, არცთუ უსაფუძვლოდ, ქართველს

სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად ასახელებენ და რა არის კვარაცხელიას მაქსიმუმი, რასაც ვერ გაწვდება? ჩვენ ეს არ ვიცით. ლეონიდ სლუცკიმ და იური სიომინმა თქვეს, რომ ხვიჩას ზედა ზღვარი არ აქვს და საბედნიეროდ, როგორც ჩანს, ასეა…

 

ვუყურებთ თამაშს და არ ვაკვირდებით, ვინ დგას “პარტენოპეის” პირისპირ, იქნება ეს უმაღლეს ლიგაში ახლად აღზევებული “მონცა”, სკუდეტოს მოქმედი ჩემპიონი “მილანი” თუ ჩემპიონთა ლიგის მეორეადგილოსანი “ლივერპული”, მსოფლიო მედია მარცხენა ფლანგზე მოთამაშე გრძელთმიან ბიჭს აკვირდება, რომელიც მცველებს “ნეაპოლურ ტარანტელაზე აცეკვებს”. ზოგადად, ქართველებს პატარა წარმატებაზეც კი ადამიანის განდიდება გვახასიათებს. ერთი მხრივ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ცუდია, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. შეხედეთ ხვიჩას, როგორ თამაშობს. ნეაპოლში ჩასვლისთანავე გულშემატკივრებმა მესის სახელი დაუმატეს, “კვარადონა” და “კვარაჯო” შეარქვეს, მისი რეაქცია კი არაფერია, საფეხბურთო ხატები, რომლებმაც დატოვეს ისტორია, რომლებმაც შექმნეს დაუვიწყარი ეპოქა… და კვარაცხელიას ამაზე ემოცია არ აქვს, განა იმიტომ, რომ ყურადღებას არ აქცევს, არა, ხვიჩას ეს ყველაზე მეტად სიამოვნებს, არამედ იმიტომ, რომ იცის თავისი ცხოვრების გზა; იცის, როგორც უნდა იმოქმედოს და იცის, როგორ აღმოჩნდეს ოცნების გუნდში, მადრიდის “რეალში”, მოიგოს ჩემპიონთა ლიგა და ქართველებს დაუვიწყარი ემოციები გვაჩუქოს. ნუთუ შეიძლება ამით არ ვიამაყოთ?

 

Sportall.Ge

 

სერია A-ს მე-2 ტურში “მონცასთან” 2 გოლის შემდეგ ფოტოები გავრცელდა, რომლებშიც ჩანს, რომ ხვიჩა წვივსაფარს კოცნის, ზედ კი საქართველოს დროშაა გამოსახული… რამდენად ემოციურია ეს მომენტი, ქართველი ელჩი, რომელმაც ნეაპოლელებს ცხოვრება მის მიერვე გამოგონილი ფერებით გაულამაზა, არ დავაფასოთ? შეხედეთ მეორე კადრს, ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ თითქოსდა უკვე წამყვანი საფეხბურთო გრანდები ხვიჩაზე ნადირობენ და სხვა ჭორების შემდეგ “კვარა” გატანილი გოლის შემდეგ “ნაპოლის” გერბს კოცნის, რითაც გულშემატკივრებს აჩვენებს, რომ ის მათი ერთგულია, რომ ის არსად წავა, სანამ ამის დრო არ იქნება… მათთვის საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ხვიჩა ნეაპოლს აუცილებლად დატოვებს, თუმცა წავა ისეთი სახელით, როგორიც მას შეშვენის, მისი უმშვენიერეს ცხოვრებას კი კიდევ ერთი თბილი ადგილი შეემატება, სადაც მისი დანახვა ყოველთვის გაახარებთ. ალბათ, ბოლო დროს პლატფორმა “ტიკ-ტოკზე” ყაზანის “რუბინის” ოფიციალურ გვერდს გადააწყდებოდით. მათი ვიდეოების 90% ხვიჩაზეა. ჩვენი ბიჭით ისინიც ამაყობენ, ისინიც თავაწეულნი არიან, რადგან ვარსკვლავებით გადაჭედილ საფეხბურთო ცაზე მორიგი ვარსკვლავის გამოჩენაში მათი როლი ძალიან დიდია…

 

Sportall.Ge

 

ბევრი მითქმა-მოთქმა იყო თავიდან, თითქოსდა კვარაცხელიას ნეაპოლში ჯერ ძირითადი ადგილი უნდა გაენაღდებინა, შემდეგ სათამაშო დრო მაქსიმალურად გამოეყენებინა; არ ილეოდა ჭორები, არ ილეოდა ჩასაფრებული ხალხის არადამაჯერებელი სიტყვები. საპასუხოდ ხვიჩამ სერია A-ს სადებიუტო თვეში ხელოვნების პირად მუზეუმში (ამ შემთხვევაში მხოლოდ იტალიის ჩემპიონატს ვგულისხმობ) 5 კომპოზიცია გამოფინა (4 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა) და დამსახურებულად თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო, მაგრამ წინ კიდევ ძალიან ბევრია, ეს მხოლოდ დასაწყისია, ამას მოყვა ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამის “აიაქსის” წინააღმდეგ 2 მატჩში 2 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო… მაგრამ გგონიათ “კვარა” აქ გაჩერდება? თუ კი, ცდებით.

 

ალბათ, ყველას გვახსოვს ის დაწყევლილი მატჩი მაკედონიასთან, რომელიც კვარაცხელიამ კოვიდ 19-ის დადასტურების გამო გამოტოვა. არადა, ვინ იცის… იქნებ… იქნებ მოგვეგო და გვეთამაშა ევროპირველობაზე… მაგრამ არა უშავს, წინა თამაშს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მომდევნო თამაშში მიაღწიო მიზანს, ევროპის ჩემპიონატი კი უკვე ახლოდან მოჩანს. ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის დაპყრობა გადაწყვიტეს – გიორგი მამარდაშვილის ვალენსიური ზღაპარი უფრო და უფრო მშვენიერი ხდება, ხვიჩა – თავისი მაგიით, მიქაუტაძე და დავითაშვილი ორ სხვადასხვა გუნდში და ერთიანი ქართული სისხლით ფრანგებს აოცებენ, ლუკა ლოჩოშვილის გამორჩეული ვარდნები სერია A-ში, ჩემპიონატში, სადაც დაცვა ხელოვნებად იყო აღიარებული… აღარ გავაგრძელებ, რადგან ამ ფორმაციის ეს თაობა მართლაც რომ ბოლო წლების საუკეთესოა…

 

წინ დიდი მიზნებია, ხვიჩა სწორ გზაზეა, კარგ ხელშია და ოცნებები აუცილებლად ახდება…

 

ქართული ფეხბურთის წინსვლა გარდაუვალი ჩანს. ზოგადად თქმულა, ფეხბურთში წარმატებისთვის კარგი მეკარე და გოლის გამტანი გინდაო. გიორგისა და ხვიჩას სახით ორივე მათგანი სახეზეა, სხვები? სხვები თავიანთ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებენ და ჩვენი, ქართველი ერის ოცნება ახდება, სწორედ მაშინ გაერთიანდება ხალხი, როცა ევრო ან მსოფლიოს სარბიელზე ქართული დროშები აფრიალდება და სტადიონზე დამსწრე მცირედი თუ მრავალრიცხოვანი ჯვაროსანი არმია ერთხმად იმღერეს ეროვნულ ჰიმნს.

 

წინ დიდი გზაა… ზღაპრის ბოლო კეთილია…
Facebook კომენტარები
spot_imgspot_img
მსგავსი
spot_img

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!