Monday, October 3, 2022
spot_img
Home"იძინე მშვიდად ჩემო კეთილო და ნიჭიერო ადამიანო... ყოველთვის ჩემს გულში დარჩები" -...

“იძინე მშვიდად ჩემო კეთილო და ნიჭიერო ადამიანო… ყოველთვის ჩემს გულში დარჩები” – რეზო ჩხიკვიშვილი მიშა გომიაშვილთან უკანასკნელ თანამშრომლობაზე

spot_imgspot_img

მიშა გომიაშვილის ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარია სერიალი “სეანსი”,  HBO-ს ამერიკული სერიალის – In Treatment-ის ქართული ანალოგი, რომელიც Nova Productions-ის მიერ იყო ადაპტირებული.

მსახიობმა ერთ სერიაში ფსიქოთერაპევტის პაციენტის მამის როლი შეასრულა.  ერთ სერიაში, თუმცა სავსებით დასამახსოვრებლად, მისთვის ჩვეული მაღალი კლასით. 

მან ამ თემაზე ერთ-ერთი უკანასკნელი ინტერვიუც “პრაიმტაიმს” მისცა.

მიშა გომიაშვილი: ძალიან მომეწონა მიხეილის როლი, ძალიან საინტერესოდ არის დაწერილი, ძალიან საინტერესო იყო მუშაობა. ეს არ იყო ჩვეულებრივი როლი, ან ჩვეულებრივი, რიგითი სამუშაო, რომელიც აქამდე მქონია. ძალიან გული მწყდება, რომ დრო ცოტა გვქონდა და არ მოგვეცა საშუალება, რომ უფრო ღრმად და ბოლომდე ჩავწვდომოდით ყველაფერს და უფრო მეტი გვეთქვა, რისი თქმაც გვინდოდა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი წინ არის და კიდევ მომეცემა საშუალება, რომ ისევ ამ როლზე ან მსგავს როლზე ვიმუშაო თინა გურჩიანთან ერთად.

ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროცესით, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩემი ახლო მეგობარი და შესანიშნავი არტისტი რეზო ჩხიკვიშვილი იყო ჩემი პარტნიორი და ძალიან საინტერესოა მასთან მუშაობა. და მეორეც ერთი, რაც შეეხება რეჟისორს, თინა გურჩიანს – ეს ჩემი პირველი ნამუშევარია მასთან და დარწმუნებული ვარ, რომ არა – უკანასკნელი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს და გამიჩნდა თინასთან ბევრი, ბევრი პროექტის გაკეთების. სხვათა შორის, ჩემი ასე აგდება ძალიან რთულია, როგორც თინამ “ამაგდო” მასთან მუშაობის სურვილით. იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება. თინა იმ რეჟისორთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში, ჩემს ფილმოგრაფიაში სულ რამოდენიმე იყო – 2-3-4, მაქსიმუმ 5, ვისთანაც ყოველთვის მექნება მუშაობის სურვილი და სიხარულით დაველოდები როლს. და ძალიან მიხარია, რომ თინა, როგორც რეჟისორი, გავიცანი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ვიმუშავებთ, რადგან, თუ შეიძლება ასე ითქვას, თინა “ჩემი რეჟისორი” აღმოჩნდა. ის ჩემებურად ფიქრობს და ერთი მიმართულებით გვესმის და ვფიქრობთ, როგორ და რა არის კინო.

“პრაიმტაიმთან” თავის მეგობარსა და კოლეგას იხსენებს გერმანიაში მცხოვრები რეზო ჩხიკვიშვილი. აი, როგორ ემშვიდობება ის მიშა გომიაშვილს. 

რეზო ჩხიკვიშვილი: თანავუგრძნობ მიშას ოჯახს, მეგობრებს, მთელ თეატრალურ სამყაროს. კიდევ ერთი დარტყმა და ტკივილი ქართულ საზოგადოებას. სიამაყით ვიხსენებ მასთან ერთად გატარებულ შემოქმედებით პერიოდს. 

“ყავა და ლუდი”, “სამოსელი პირველი”, “სეანსი”… თუ ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა სერიალ “სეანსში” შედგა, სადაც მისი ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, მისი ნიჭი და პროფესიონალიზმი, რომლითაც უხვად იყო დახუნძლული, მთლიანად ფარავდა ყველა პრობლემას. გადასაღებ მოედანსა თუ სცენაზე კაშკაშებდა როგორც ვარსკვლავი.

იძინე მშვიდად, ჩემო კარგო, კეთილო და საოცრად ნიჭიერო ადამიანო. მიყვარხარ და ყოველთვის ჩემს გულში დარჩები.

მიშა გომიაშვილი 61 წლის ასაკში დღეს, 12 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლის თქმით, მას ფილტვზე პრობლემები ჰქონდა და კლინიკაში მკურნალობდა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge