მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტობა სურს

2018.05.30 13:46:31

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, ადამიანის უფლებების დარღვევის და კორუფციის გამო, სანქციები დაუწესონ უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს და მისი უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.

 

ნიდერლანდის ქალაქ ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ აქტიურად თანამშრომლობს ევროპარლამენტთან და ევროპელ პოლიტიკოსებთან, მათ შორის ჰოლანდიელ კანონმდებლებთან, რათა დაარწმუნოს სანქციების აუცილებლობაში. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ევროპამ უნდა გაყინოს პოროშენკოს და მისი უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელთა აქტივები, რადგან მათ ქონება მოპარეს უკრაინელ ხალხს.

 

სააკაშვილი აპირებს მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. პრესკონფერენციას ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილის ბრიტანელი ადვოკატი ჯეფრი რობერტსონი. მისი განცხადებით, სააკაშვილს, რომელიც უკრაინიდან უკანონოდ გააძევეს, სურს დაბრუნდეს და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სათავეში ჩაუდგეს თავის პოლიტიკურ პარტიას.

 

რობერტსონის თქმით, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანამდე აუცილებელია უკრაინაში ყველა პროცედურის დასრულება. მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ივნისში აპირებს თავისი პარტიის, „ახალ ძალთა მოძრაობის“ აქტივისტებს შეხვდეს უკრაინა-პოლონეთის საზღვართან და საარჩევნო პროგრამა გააცნოს.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მას აქვს არა პირადი, არამედ კორუფციასთან ბრძოლის და უკრაინული დემოკრატიის დახმარების ამბიცია.

 

12 თებერვალს, კიევში, რესტორან "სულგუნში" უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და მალევე პოლონეთში გაამგზავრა. ქვეყანაში, საიდანაც ოფიციალური კიევის აზრით უკრაინაში უკანონოდ შეიჭრა.

 

მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2017 წლის 11 დეკემბერს პატიმრობიდან  გათავისუფლდა. მანამდე ის ორჯერ დააკავეს. 26 იანვარს კიევის სასამართლომ სააკაშვილს ღამის საათებში სახლიდან გასვლა აუკრძალა. განაჩენი 6 თებერვლამდე იყო ძალაში.

 

ოდესის ყოფილი გუბერნატორი და პოლიტიკური პარტიის "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი, რომელსაც არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს, უკრაინაში "დამატებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის" სტატუსის მოპოვებას ცდილობდა, რაზეც უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა უარი უთხრა.

 

სააკაშვილმა საიმიგრაციო სამსახურთან ბრძოლა უკრაინულ სასამართლოში განაგრძო, მაგრამ ყველა ინსტანციაში დამარცხდა.

 

14 თებევალს მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს დოკუმენტით, რომელიც მას თავისი მეუღლის ქვეყანამ ნიდერლანდებმა მიანიჭა.