Wizchiz – მდნარი ყველის რესტორანი თბილისში

2018.03.05 13:49:24
Wizchiz – მდნარი ყველის რესტორანი თბილისში

თბილისში, ახალი კვების ობიექტი – მდნარი ყველის რესტორანი Wizchiz გამოჩნდა, რომელიც შვეიცარიული ტექნოლოგიით დამზადებულ, მდნარი ყველის სენდვიჩებსა და ჰოთ-დოგებს სთავაზობს მომხმარებელს. 

 

 

რესტორნის დამფუძნებლები გიორგი გოგიჩაშვილი და ირაკლი ჩაჩანიძე არიან, რომლებმაც ერთ-ერთი მოგზაურობისას აღმოაჩინეს ეს ტექნოლოგია და ქართულ ბაზარზე შემოტანა გადაწყვიტეს. ბრენდის კონცეფცია კრეატიულმა სააგენტო Follow Fox-მა შეიმუშავა, მათ მიერვე დამზადებულმა საიმიჯო ვიდეორგოლმა კი სოციალური ქსელის მომხმარებელი გურმანების დიდი ყურადღება მიიქცია, რის შედეგადაც, როგორც „ვიზჩიზში“ ამბობენ, გახსნის დღესვე, აბაშიძის 82-ში მდებარე რესტორანი მდნარი ყველის ჰოთ-დოგებისა და სენდვიჩების მსურველებს ვერ იტევდა.

 

 

„მე და ჩემმა მეგობარმა, ერთ-ერთი მოგზაურობისას, აღმოვაჩინეთ რაკლეტი, შვეიცარიული ყველი, რომელიც, სპეციალური ტექნოლოგიით, გამოიყენება სხვადასხვა კერძისთვის. ჩვენი მეგობრები ხშირად აზიარებდნენ მსგავს ვიდეოებს, თუმცა, თბილისში ამ გზით მომზადებული კერძები არ იყო ხელმისაწვდომი. ზაფხულში დავიწყეთ იმის გარკვევა, თუ როგორ შეგვეძლო ჩვენი იდეის – ყველის რესტორნის გახსნის განხორციელება და მხოლოდ ერთი კვირის წინ მოვახერხეთ მისი გახსნა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სიახლე იყო ბაზარზე, ვერც ვერავის მივმართეთ დახმარებისთვის და ყველაფრის აწყობა თვითონ მოგვიწია. პირველი ერთი კვირა, ფაქტობრივად, ფეისბუკმა და ვიდეომ მოგვიყვანა მომხმარებელი. პროდუქტზე მოთხოვნამ კი ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. საკვების მომზადებისას არ ვიყენებთ ზეთს, ხორცეული მზადდება გრილზე, ხოლო ყველი სპეციალური აპარატით დნება, ამიტომ, ჩვენი სენდვიჩები და ჰოთდოგები მაქსიმალურად ჯანსაღია. გარდა ამისა, შესაძლებელია სენდვიჩის ინგრედიენტების არჩევაც. რაც შეეხება ყველის სახეობას – ჩვენთან ის არ იყიდება და იწარმოება, ამ ეტაპზე, „ვიზჩიზში“ ვიყენებთ გერმანულ ყველს, დაახლოებით, 2 თვეში კი, უშუალოდ, შვეიცარიული რაკლეტი გვექნება, რომელსაც სპეციალური შეკვეთით ვამზადებინებთ და მხოლოდ ჩვენ გვექნება საქართველოში“, – გიორგი გოგიჩაშვილი, Wizchiz-ის თანადამფუძნებელი.