გუდაურში 2 ახალი სასტუმრო გაიხსნა

2017.03.14 16:28:13
გუდაურში 2 ახალი სასტუმრო გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, გუდაურში ორი ახალი სასტუმრო გაიხსნა. შპს სასტუმრო “გუდაური ინნ" და შპს „ბარაკონი“ სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მხარდაჭერით სასტუმრომ „გუდაური ინნ" დამატებით 60 ახალი ოთახი შექმნა და 36 ადამიანი დაასაქმა, ხოლო აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 500 000 ლარს შეადგენს. შპს „ბარაკონმა“, რომლის პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 440 000 ლარს შეადგენს, ახალ სასტუმროში სახელწოდებით „Quadrum-Gudauri“ დამატებით 14 ახალი ოთახი შექმნა და პირველ ეტაპზე 6 ადამიანის დასაქმება შეძლო. 11 მარტს სასტუმროები "გუდაური ინნ“ და „Quadrum-Gudauri“ მოინახულეს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა, რომლებმაც ადგილზე დაათვალიერეს კეთილმოწყობილი სასტუმროები და გაეცნენ მათ სამომავლო გეგმებს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტში ჩართული ბენეფიციარების რიცხვი შესამჩნევად მატულობს. ახალ პროგრამას უკვე 19 ბენეფიციარი ჰყავს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სასტუმროს მშენებლობის დასრულებასა და ინვენტარით აღჭურვას შეძლებენ.