რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს

2017.06.21 16:06:54
რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს

აჭარა ზაფხულის ტურისტული სეზონს სიახლეებით ხვდება. 2017 წლის ტურისტულ სეზონზე სტუმრებს რეგიონში ახალი სასტუმროები, განახლებული საპლაჟო ინფრასტრუქტურა, გაზრდილი საჰაერო ფრენები და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტები დახვდებათ. განახლებულია ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბათუმის დელფინარიუმი.

ბულვარში, ტურისტებს ერთ სტილში მოწყობილი საპლაჟო სექტორი დახვდებათ, თავისი საშხაპეებით, გასახდელებით, ერთნაირი შეზლონგებითა და სანაპიროზე ჩასასვლელი ბილიკებით. იქვე განთავსდება ბანერებიც, რომელზე თითოეული მომსახურების ფიქსირებული ფასი იქნება განთავსებული. შეზლონგისა და ქოლგის ფასი 4 ლარით განისაზღვრება.

სარფის მონაკვეთიდან ჩოლოქამდე დამსვენებლების უსაფრთხოებაზე წელს 135 მაშველი იზრუნებს. შსს განხორციელდა შესყიდვების ციკლი, რის შედეგადაც გარემონტდა არსებული ტექნიკა, ახალი ეკიპირების შესყიდვა განხორციელდა მაშველებისთვის, ისინი აღჭურვილები არიან პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქებით, რაც მაშველებს საშუალებას მისცემს დაზარალებულებს აღმოუჩინონ პირველადი დახმარება.

წელს ბათუმს 4 ახალი სასტუმრო Sky Tower, ვინთემი, „ირე პალასი“ და ,,ბლექ სიი ჰოსტელი“ შეემატა. შესაბამისად, აჭარაში რეგისტრირებული საწოლი ადგილების რაოდენობა 18,950-მდე გაიზარდა.

2017 წლის ზაფხული კულტურული და გასართობი პროგრამების მრავალფეროვნებითაც გამორჩეული იქნება. ქალაქი უმასპინძლებს ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც ბათუმთან ასოცირდება: შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი, ანიმაციური ფილმების ფესტივალი "თოფუზი", კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი და შემოდგომაზე საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF.

აგვისტოსა და სექტემბერში კი ბლექსი არენა, აეროსმიტის გრანდიოზული კონცერტის შემდეგ გორან ბრეგოვიჩისა და ელტონ ჯონის კონცერტებს უმასპინძლებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოსაზიდად მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს წელს 16 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს. შესაბამისად, რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდასაც აღნიშნული ქვეყნებიდან ელოდებიან.