ტაქსების დაახლოებით 30-მა პროცენტმა ვერ დააკმაყოფილა მინიმალური სტანდარტი, რაც საჭიროა მგზავრთა გადაყვანისთვის

2019.10.02 11:55:03
ტაქსების დაახლოებით 30-მა პროცენტმა ვერ დააკმაყოფილა მინიმალური სტანდარტი, რაც საჭიროა მგზავრთა გადაყვანისთვის

 კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ტაქსების რეფორმასა და მათ სტანდარტებზე ისაუბრა.

"პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი და მათი დაყოფა A და B კატეგორიად.

როგორც იცით, ტაქსები სავალდებულო ტექდათვალიერებას ექვემდებარებიან წელიწადში ორჯერ და სწორედ ამ მიზეზით, მათთვის მუნიციპალიტეტმა ერთი წლის განმავლობაში ამუშავა ვაუჩერის პროგრამა, რაც ითვალისწინებდა ავტომანქანის ფერის უფასოდ შეცვლას და ინტერიერის ქიმიურ წმენდას. ეს ვაუჩერები გამოიყენეს იმათ, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა. ეს მათი ნება იყო.

 

ძალიან დაბალი ინტენსივობა დაფიქსირდა ტაქსის ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერების გაცემისას, მიუხედავად იმისა, რომ მისი მიღება არანაირ ვალდებულებასთან და პირობასთან არ იყო დაკავშირებული. ტაქსის ნებართვის მფლობელს შეეძლო მისულიყო და სრულებით უფასოდ მიეღო ეს ვაუჩერი.

ამაზე ჩვენ საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა ნებართვის მფლობელებთან, მიდიოდა აქტიური საკომუნიკაციო კამპანია როგორც SMS-ებით, ისე საინფორმაციო ბუკლეტების და მედიის საშუალებით.

საბოლოო ჯამში, რეფორმა შედგა და მინდა მოვუწოდო ნებართვის მფლობელებს, რომ თუ მათ სურვილი აქვთ ქუჩიდან აიყვანონ მგზავრები, მათ უნდა დააკმაყოფილონ A კატეგორიის სტანდარტები, რომელიც დადგენილია მუნიციპალიტეტის მიერ, სხვა შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 200 ლარის ოდენობით", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების დაახლოებით 30-მა პროცენტმა ვერ დააკმაყოფილა მინიმალური სტანდარტი, რაც საჭიროა მგზავრთა გადაყვანისთვის. შესაბამისად, ტაქსის მომსახურებაში რჩება მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 70-71 პროცენტი. ამ რაოდენობის ნახევარზე მეტს კატეგორიზაცია უკვე გავლილი აქვს, ხოლო დანარჩენი ამ ეტაპზე გადის.

1 ოქტომბრიდან თბილისში თეთრი ფერის ტაქსების რეგულაცია ამოქმედდა, რეგულაციის მიხედვით, ტაქსი თეთრი ფერის, 4-კარიანი, მარცხენა საჭიანი ავტომობილი უნდა იყოს. 

 

 

 

წყარო: imedinews