„ფორსაჟის“ გადაღებების გამო რუსთაველის გამზირის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

2019.08.23 20:28:01
„ფორსაჟის“ გადაღებების გამო რუსთაველის გამზირის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

ცნობილი ჰოლივუდური ბლოკბასტერის „ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდების გადაღებებიდან გამომდინარე, 27 აგვისტოს 00:00 საათიდან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე რუსთაველის გამზირი რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მონაკვეთი გადაიკეტება.

 

თბილისის მერიის ცნობით, რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობა დროებით შეიზღუდება ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, უკრაინკას, ალ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, მესხიას, ვასო აბაშიძის, ჭანტურიას, ჯორჯაძისა და ფურცელაძის ქუჩებიდანაც. ამ მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას შეძლებენ 21:00 საათიდან 07:00 საათამდე. 

 

რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედანთან დასაკავშირებლად  კერძო ტრანსპორტი გაივლის მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩისკენ აუხვევს.

 

ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩის, ასევე თაბუკაშვილის ქუჩის გავლითაც. 

 

დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. რუსთაველის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N124 და N150, ასევე, მიკროავტობუსები N2, N19, N31, N41, N64, N72, N120, N133, 137, N141, N145 და N170 რუსთაველის გამზირიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე ჩაუხვევენ, საიდანაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. ისინი უკუმიმართულებითაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩით იმოძრავებენ. 

 

ავტობუსები N20 და N23, რომლებიც ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის გავლით გია ჭანტურიას ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნისკენ მოძრაობენ, მოტრიალდებიან თავისუფლების მოედანზე, ბარათაშვილის ხიდით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავლენ, რის შემდეგაც გაივლიან ხეთაგუროვის ქუჩას და ზაარბრიუკენის მოედანს დაუკავშირდებიან.

 

რაც შეეხება N6, N10, N15, N118, N140 და N149 მიკროავტობუსებს, ბარათაშვილის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე შეუხვევენ, ჭანტურიას ქუჩის გავლით ათონელის ქუჩას დაუკავშირდებიან და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.  

 

თბილისში ჰოლივუდური ბლოკბასტერის "ფორსაჟი 9" გადაღებები 19 აგვისტოსდაიწყო. დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. უკვე გადაიკეტა ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილი - მეტროს სადგურ "სამედიცინო უნივერსიტეტიდან" სადგურამდე "დელისი". 27 აგვისტომდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემოვლითი გზით იმოძრავებს. ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება საღამოს 21:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე. 

 

„ფორსაჟი 9“-ის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, აქედან 425 ადგილობრივი პერსონალია. საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსეროკომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს. ფილმის გადაღებები პარალელურად მიმდინარეობს აშშ-ში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. კონტრაქტის სხვა დეტალები, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და Universal Pictures−ს შორისაა გაფორმებული, ჯერჯერობით არ საჯაროვდება. საქართველოში პირველი ჰოლივუდური ფილმის გადაღება 20 სექტემბერს დასრულდება.

 

 

წყარო: იმედინიუსი