ნაძალადევში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

2019.07.21 10:33:53
ნაძალადევში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ნაძალადევის რაიონში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

 

ნაძალადევის რაიონის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზღვის უბნის IV მიკრორაიონის N6-7 კორპუსების მიმდებარედ, გურამიშვილის გამზ. N33ბ-ში და სანზონის N12-15 კორპუსებთან არსებულ მოედნებზე შეიცვალა ინფრასტრუქტურა, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, განახლდა ფეხბურთის კარები და დამონტაჟდა კალათბურთის ფარები.

 

განახლებული მინი სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან და თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

 

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია სპორტული და დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა. იმისათვის, რომ ბავშვები, ახალგაზრდები უფრო მეტად დაიტვირთონ სპორტული აქტივობებით, საჭიროა მეტი კომფორტული და მოწესრიგებული მოედანი. მიმდინარე წელს სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ სამ მინი სტადიონს, ასევე თბილისის ზღვის სანაპიროზე ვაკეთებთ ქვიშის მოედანს და გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისრულდება სხვადასხვა მისამართზე“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

 

მიმდინარე წლის განმავლობაში სპორტულ მოედნებზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 181 892 ლარი გამოყო.

 

 

წყარო:1tv