ზაფხულში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კონდიცირების საკითხი კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება

2019.07.15 13:53:54
 ზაფხულში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კონდიცირების საკითხი კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზაფხულის პერიოდში კონდიცირების საკითხი კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. სამწუხარო ფაქტია ის, რომ ყვითელი მიკროავტობუსების უდიდეს ნაწილში კონდიცირების სისტემა საერთოდ არ მუშაობს,  ან მძღოლები საწვავის დაზოგვის მიზნით მიზანმიმართულად არ რთავენ.

 

 

მძღოლების ნაწილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ,,თბილისის მიკროავტობუსი” მძღოლებს ავალდებულებს, ნებისმიერი გაუმართაობა ე.წ. ,,გარაჟში” მოაგვაროს, სადაც მომსახურებისთვის გაცილებით მაღალ საფასურს იხდიან.

 

 

 

 

გარდა ამისა, მძღოლები აღნიშნავენ, რომ ავტომობილების გაუმართაობის გამო, გამაგრილებელი სისტემის ჩართვით ძრავს დამატებითი ძალა ადგება და ამ მიზეზით, ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები რამდენიმეჯერ დაფიქსირდა. როგორც მძღოლები ამბობენ, მისი შეკეთების ხარჯებს კომპანია არ ანაზღაურებს.

 

 

რაც შეეხება კომპანიის პოზიციას, „თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, რომ კონდიციონერები თითქმის ყველა მიკროავტობუსში გამართულად მუშაობს.

 

 

 

„მარტო გასულ წელს 700 000 ლარი დახარჯა იმისთვის, რომ ტრანსპორტში გაგრილების სისტემა მოწესრიგებულიყო. ეს სამუშაოები ყოველწლიურად ტარდება, ჩვეულებრივი, სამუშაო პროცესია. ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც დღეში გადის 400 კილომეტრს, მაღალია კოეფიციენტი იმისა, რომ კონდიცირების გარდა, სხვა რაღაცეებიც გაუფუჭდეს. თუ ფუჭდება, ბრუნდება უკან და მის შეკეთებას დრო სჭირდება, “— აცხადებენ „თბილისის მიკროავტობუსში“.

 

 

 

კითხვაზე, რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა წელს მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის მოწესრიგებაზე, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემი ზაფხულის სეზონის ბოლოს შემდეგ გახდება ცნობილი.

 

 

გარდა ამისა, მძღოლები ზაფხულში შეღავათიანი სისტემით მუშაობენ, რაც გაგრილების სისტემაზე ხარჯების სრულად დაფარვის საშუალებას იძლევა.

 

 

 

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრებს მოუწოდებს, კონდიციონერის ჩაურთველობის შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე (032 220-03-40) .

 

 

 

„ცხელ ხაზზე შესულ შეტყობინებას, მონიტორინგის სამსახური მომენტალურად დაუყოვნებლივ ამოწმებს, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია მგზავრის კომფორტული გადაადგილება. თუ მძღოლი მიზანმიმართულად არ რთავს კონდიცირების სისრტემას, ამ დროს შესაბამის სანქციას მივმრთავთ ხოლმე“— აღნიშნავენ „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლები.

 

 

წყარო: კომერსანტი