2 მაისს თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იწყება

2019.05.01 12:24:37
2 მაისს თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იწყება

2 მაისს თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იწყება, რომელიც 6 მაისამდე გაგრძელდება. ჩვენებები სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება.

 

ჩვენებები ძირითადი ადგილმდებარეობის გარდა ასევე გაიმართება ვერის პარკის საკალათბურთო დარბაზში, დინამოს სტადიონზე, აეროპორტის ანგარში, ზურაბ წერეთლის მონუმენტთან და საბჭოთა არქიტექტურის სხვა გამორჩეულ ძეგლებთან.

 

მოდის კვირეულის ფარგლებში 70-ზე მეტი დიზაინერი საკუთარ კოლექციას მუზეუმში მდებარე საგამოფენო დარბაზებშიც გამოფენს, რომლებიც დროებით მთლიანად კონცეპტუალური ხელოვნების სივრცეებად გარდაიქმნება. 

 

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მოდის კვირეულს, ასზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. თბილისში მსოფლიო მოდის დედაქალაქების ისეთი პრესტიჟული სავაჭრო სახლებიდან, როგორიცაა " Galeries Lafayette ", "Buying office", "Harvey Nichols", Net-a-Porter, Printemps Paris, Liberty London, Moda Operandi, Macondo Store, The Gloss, Browns Fashion შემსყიდველთა უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისს ეწვევიან ცნობილი გამოცემების: Elle, Vogue US, Vogue Italy, Vogue Japan, Vogue Poland, VOGUE Nederland, Vogue Russia, Vogue Czech, Vogue Mexico & Latin America, I-D Magazine, Dazed Magazine, Le Figaro, Conde Nast International, Forbes USA, Marie Claire Turkey, L’Officiel Paris, L’Officiel Turkey, Esquire Turkey, LVMH Group, The Times, Business of Fashion მთავარი რედაქტორები და ჟურნალისტები. 

 

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში 5 დღის განმავლობაში გაიმართება ჩვენებები, შოუები, წარმოდგენები, გამოფენები, მასტერკლასები და ცნობილი ბრიტანელი მოდის მენტორის ელისონ ლოუის (Alison Lowe) ვორქშოპი  საერთაშორისო გაყიდვებში. 

 

კვირეულის  ერთ-ერთ გამორჩეული პერსონა ლეგენდარული იაპონელი არტისტი და დიზაინერი ჰიროში ფუჯივარაა, რომელიც  თავის გუნდთან ერთად და ახალი იდეებით უკვე მეორედ ეწვევა თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულს. მსოფლიოში ქუჩის მოდის ერთ-ერთ პიონერად აღიარებული ფუჯივარა ტოკიოში ყველაზე ცნობილი მოდური უბნის ურა-ჰარაჯუკუს სულისჩამდგმელია. დღეს ტოკიოს ყველაზე კონცეპტუალური ქუჩა, არა მხოლოდ ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი, არამედ თანამედროვე იაპონიის მოდისა და ხელოვნების ცენტრიცაა. 80-იან წლებში პირველი მოდის სახლის "Good Enough"-ის შექმნამდე ჰიროში ფუჯივარა "Nike"-ის და "Levis"-ის მოდური ხაზის დიზაინერი იყო. 

 

2019-2020 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს თბილისში 48 ქართველი და უცხოელი დიზაინერი, მათ შორის რამდენიმე პირველად წარმოადგენს.

 

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება. 

 

 

წყარო: იმედინიუსი