ზაზა სარალიძემ კლინიკა დატოვა და აქციას შეუერთდა

2018.10.30 12:54:35
ზაზა სარალიძემ კლინიკა დატოვა და აქციას შეუერთდა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე სისხლინი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის დავით მამამ, ზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკა უკვე დატოვა.

 

სარალიძე 26 ოქტომბერს რუსთაველზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს და შს სამინისტროში გადაიყვანეს.

 

უწყებაში მიმდინარე გამოკითხვისას ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფებოდა.

 

საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ზაზა სარალიძემ მოკლე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, რუსთაველზე შვილმოკლული მამების აქცია გაგრძელდება.

 

სარალიძე პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ბრძოლას შვილის მკვლელების დასასჯელად გააგრძელებს.

 

შეგახსენებთ რომ ზაზა სარალიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. მის წინააღმდეგ წინასწარი პატიმრობა გამოყენებული არ არის და სასამართლომდე თავისუფალია.  არსებული ინფორმაციით, პროკურატურა გირაოს შეფარდებას მოითხოვს.