ხორავაზე მომხდარი მკვლელობის უახლესი დეტალები ხდება ცნობილი

2018.07.27 14:04:40
ხორავაზე მომხდარი მკვლელობის უახლესი დეტალები ხდება ცნობილი

კურიერმა ახალი დეტალები გაარკვია:

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია ძალოვან უწყებას მიმართავს. ბოლო დღეებში გამოკითხული არასრულწლოვნებისგან მიღებული ინფორმაცია, სავარაუდოდ, საქმის ვითარებას ცვლის.  

 

„კურიერისთვის“ ცნობილი ხდება სასტიკ მკვლელობაში საქმის სკანდალური ფიგურანტის, მიხეილ კალანდიას მონაწილეობასთან დაკავშირებით ახალი გარემოებები. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომისიის წევრები საჯაროდ არ საუბრობენ და არც ადასტურებენ.

 

„კურიერის“ ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში გამოკითხულმა არასრულწლოვნებმა კომისიის წევრებს დავით სარალიძის მკვლელობაში მიხეილ კალანდიას მონაწილეობა დაუდასტურეს. როგორც ცნობილი ხდება, დაზუსტებულია იარაღი, რომელსაც, სავარაუდოდ, კალანდია იყენებდა. ის, სავარაუდოდ, კუსტარულად დამზადებული ცივი იარაღი იყო.

 

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრებმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ახალი ვერსია გამოიკვეთა, რომელიც მტკიცებულებებით არის გამყარებული და შსს-მ ის უნდა გადაამოწმოს.

 

კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა კომისიის მუშაობის პროცესში, დეპუტატები არ აკონკრეტებენ.

 

„ვიცით ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს ინტენსიურად სხვადასხვა ვერსიაზე. ვიცით ის, რომ მათაც აქვთ გარკვეული სახის გარემოებები, რომელიც მათ გამოკვეთეს. ვნახოთ, საუბარია ერთსა და იმავე გარემოებებზე თუ სხვადასხვა ტიპის გარემოებებზე,“- განაცხადა კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა.

 

დროებითი საგამოძიებო კომისიის ბრიფინგს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების ცნობით, პირები, რომელთაგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეც კომისიამ ისაუბრა, შსს-ს გამოყოფილი საქმის ფარგლებში უკვე გამოკითხული ჰყავს.

 

უწყების ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგად მოპოვებულია გარკვეული ინფორმაცია, რომლის გადამოწმების და სხვა პირების პასუხისგებაში მიცემისთვის შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.