ტიფანის ფეხბურთს ვასწავლიდი, გოგო რომ არ იყოს

2018.07.13 23:50:49
ტიფანის ფეხბურთს ვასწავლიდი, გოგო რომ არ იყოს

თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან იმ ძაღლის შესახებ ყვება, რომელიც თებერვალში ცხოველთა მონიტორინგის ცენტრიდან მერიაში წაიყვანა. მაშინ ტიფანი ჯერ კიდევ ლეკვი იყო.

 

„ჩემი დამოკიდებულება ცხოველების და განსაკუთრებით ძაღლების მიმართ ყველამ კარგად იცის. თვითონ ტიფანის რაც შეეხება, თქვენ გახსოვთ, როგორი პატარა იყო, როდესაც წამოვიყვანეთ თავშესაფრიდან. ძაღლს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. დღეს ძალიან კარგად არის. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს კაბინეტში გაიზარდა. ყოველდღიურად, სამჯერ ის სეირნობს იპოდრომის ტერიტორიაზე, ასევე ყოველდღიურად მოდის მასწავლებელი, კინოლოგი, რომ გაწვრთნას. ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას ჩემთან ერთად ადის წყნეთში. გოგოა, თორემ, ფეხბურთის თამაშსაც ვასწავლიდი ნამდვილად”, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელიც მერიის ტერიტორიაზეა გადაღებული, სადაც თავშესაფრიდან აყვანილი ძაღლი ტიფანისთვის პატარა სახლია გაკეთებული.

 

დედაქალაქის მერს სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ძაღლს მერიის წარმომადგენლები უყურადღებოდ ექცევიან და ცხელ დღეებში ბეტონზე გაკეთებულ გალიაში ჰყავთ გამოკეტილი.