კონტრაქციისას დაკავებულები გაათავისუფლეს

2018.05.14 13:38:36
კონტრაქციისას დაკავებულები გაათავისუფლეს

 ამის შესახებ 1tv-ი წერს.

 

რუსთაველის გამზირზე, გუშინდელი კონტრაქციის დროს დაკავებულთა ნაწილი ხელწერილით გათავისუფლდა. მათ შორის არის აქტივისტი გიორგი გაბედავაც.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში კონტრაქციის 19 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათი ნაწილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია.

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, გუშინდელი კონტრაქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლოს მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

 

როდის იმსჯელებს სასამართლო ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა საქმეზე, კონკრეტული თარიღი უცნობია.

 

თბილისში 12-13 მაისს თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს, თუმცა ახალგაზრდებმა სამართალდამცველების მიერ კლუბებში ძალის გადამეტების გამო აქციები იმ ღამესვე გამართეს.

 

პარალელურად მიმდინარეობდა კონტრაქციაც, რომელსაც მალევე ქართული მარში შეუერთდა. თხმ-ის აქციის დასრულების მიუხედავად, ნეონაცისტური ჯგუფები პარლამენტის ტერიტორიას არ ტოვებდნენ.

 

ამასთან, მთელი დღის განმავლობაში მათსა და პოლიციას შორის, რომელიც თეთრი ხმაურის აქციას იცავდა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა - ისინი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. პოლიციამ 10-მდე ადამიანი წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა.