ადვოკატი ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს

2018.04.17 13:51:57
ადვოკატი ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს

საქალაქო სასამართლო ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს.

 

სხდომას ბრალდებულის შვილებიც ესწრებიან.

 

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი 20 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

 

ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობა 13 აპრილს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად დასთან იმყოფებოდა. მკვლელობაში ბრალდებული გამრეკელაშვილის მამინაცვალია.

 

როგორც 14 აპრილს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, 1972 წელს დაბადებული ვ. ბ. 2015 წელს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე კი მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

 

წყარო: pia.ge