დასვენება ფერად ოთახებში- ახალი მულტიფუნქციური სივრცე თბილისში

2017.09.04 11:55:40
დასვენება ფერად ოთახებში- ახალი მულტიფუნქციური სივრცე თბილისში

დასვენება ფერად ოთახებში და ინდური სამზარეულო თბილისის ცენტრში - „ზღარბი ჰოსტელი“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე თბილისში.

 

„ზღარბი ჰოსტელი“ ახალი მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც ოთხი თვის წინ აღმაშენებლის ქუჩა #174-ში გაიხნა. „კომერსანტი“ „ზღარბი ჰოსტელის“ დამფუძნებელს ალექსანდრე ნანუაშვილს ესაუბრა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ეს სივრცე საკუთარი სახლის გადაკეთების შედეგად შეიქმნა.

 

„ამ სივრცის შექმნის იდეა იქიდან გამომდინარე გამიჩნდა, რომ თბილისში არ იყო ისეთი ადგილი, სადაც თავს თავისუფლად იგრძნობდი. ჩვენი სივრცე ფერადი იმიტომაა, რომ უკვე ბოლო 30 წელია თბილისი შავია. გარდა ფერადი განათებებისა, აქ ეზოც მოხატულია და დეკორაციები ყველაფერთან ჰარმონიაში მოდის. გვაქვს ბარი, სადაც სხვადასხვა სახის სასმლის დაგემოვნებაა შესაძლებელი. აქ ასევე იხილავთ საგამოფენო სივრცეს. ჩვენთან ხშირად უკრავენ ახალგაზრდა მუსიკოსები.

 

„ზღარბი ჰოსტელი„ მყუდრო ადგილია. ის ტურისტები, ვინც ჩვენ გვსტუმრობენ უკან აუცილებლად ბრუნდებიან. საღამოს ჩვენს ეზოში დროის გატარება ძალიან სასიამოვნო გარემოშია შესაძლებელი. კვირა დღეს სპეციალურად ბავშვებისთვის მოწყობილ ტერიტორიაზე ბავშვებიც ერთობიან.“ - განაცხადა ალექსანდრე ნანუაშვილმა.