დღეს ანჩისხატის კანონიკურ ასლს დედაქალაქში შემოაბრძანებენ

2017.08.28 12:36:56
დღეს ანჩისხატის კანონიკურ ასლს დედაქალაქში შემოაბრძანებენ

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს ანჩისხატის კანონიკურ ასლს დედაქალაქში შემოაბრძანებენ.

 

ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფის ინფორმაციით, 14:00 საათზე ანჩისხატს რუსთაველის ძეგლთან სხვადასხვა ტაძრის მრევლი დახვდება, საიდანაც ლოცვითი სვლით ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში, მისი დედნის სიახლოვეს დააბრძანებენ. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

 

19 აგვისტოს, ანჩისხატის გზა ტრადიციულად ისრაელიდან, თაბორის მთიდან დაიწყო. ანჩისხატის კანონიკური ასლი მისი დედნის საპატივსაცემოდ იმ ისტორიულ გზას კვლავაც გაივლის, რომელი გზითაც საუკუნეების წინ ჩვენამდე მოვიდა.

 

მესამე ათეული წელი დაიწყო, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანჩისხატის დედანი 1996 წელს მთავრობიდან მოითხოვა ეკლესიის წიაღში დასაბრუნებლად, რომელიც ათეისტური კომინისტური რეჟიმის დროს მოხვდა მუზეუმში.