"ჩემთვის ყოველი დღე სასწაულია"- მანანა ამყოლაძე

2018.12.07 21:16:26
"ჩემთვის ყოველი დღე სასწაულია"- მანანა ამყოლაძე

„როგორ ჰგავს ეს ფოთოლი იალქნიან ნავს ,უმიზნოდ გასულს გაშლილ ზღვაში, რომელიც არც ერთ ნაპირს არ მიადგება დედამიწაზე.

ნეტავ, საით მიჰყავს ქარს ეს ფოთოლი? ალბათ იქ, საიდანაც თვითონ მოდის. არასაოდეს დავფიქრებულვარ ქარისა და ფოთლების ოქროსფერ სიყვარულზე, მე ყოველთვის მებრალებოდა უმიზნოდ მფრინავი ფოთოლი ქარში, ის კი ვინ იცის რამდენხანს ელოდა გაფრენას იმ უხილავ სამყაროში, სადაც ყოველი დღე სასწაულია,  სიმღერაა,  ფოთლების მიერ ნამღერი. აი, თურმე რატომ ირთვებიან ხეები მზის ფერებში, შემოდგომა ჩემთვის სიკვდილთან მიახლოებას ნიშნავს, ფოთოლთათვის კი სიცოცხლის განახლებას, მარადიული გაზაფხულის დადგომას. რატომ ადამიანი არ მიფრინავს, როცა უყვარს, რა საოცარი სანახავი იქნებიან გაფრენილი ადამიანები, მზისკენ ხელებგაწვდილნი, ამღერებულნი სხვადასხვა ჰანგზე... როგორ მენატრება ამ ჰანგზე სიმღერა, ფოთლების სიმსუბუქე, მზის ხილვა კიდევ ერთხელ... როგორ მომენატრე, როგორ მომენატრე“ _ ამ სიტყვების ავტორი მხატვარი მანანა ამყოლაძე გახლავთ.  შემოქმედი ადამიანები საკუთარ საქმიანობას სხვა ადამიანებისთვის ესთეტიური სილამაზის აღქმას და ბედნიერების მინიჭებას უძღვნიან. მხატვარ მანანა ამყოლაძის შემოქმედება უდაოდ იპყრობს მნახველის გულს და  შთაბეჭდილებების მორევში აქცევს.

 

,,ბრენდნიუსი’’ მის სულიერ სამყროში შეგახედებთ. 

   

  ქალბატონო მანანა, რა ასაკში დაინტერესდით ხატვით?  

 

  სკოლამდე და განსაკუთრებით სკოლის პერიოდში, როცა მასწავლებელმა აგვიხსნა პროპორციები, მაშინვე დავხტე მოცეკვავე ადამიანები, მაშინ ცეკვაზე დავდიოდი. იმდენად მოეწონათ, რომ  სკოლის დერეფანში გამოფინეს სხვა ნახატებთან ერთად.

 

 რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო? 

სიცოცხლის სიყვარული და ყველაფერი, რაც ლამაზია ამ სამყაროში.

 

  სად მუშაობთ ხოლმე?

ჩემ სახლში  _ შუშაბანდში, ზაფხულობით _ იმერეთში, ეზოში.

  

თქვენს ნამუშევრებში პორტრეტები ჭარბობს…

პორტრეტები მართლაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, ანუ ადამიანი, მისი ყოფა, ბავშვობა, სიყვარული. ასევე პეიზაჟი _ ქალაქის ან სოფლის ხედები და ნატურმორტი. იმპრესიონიზმი და ექსპრესიული მხატვრობა მიზიდავს. 

  

 რომელია თქვენი საყვარელი მხატვარი? 

ფიროსმანი, რენუარი.

 

  ახლახანს გქონდათ გამოფენა,  რა გეგმები გაქვთ? 

გამოფენებს ალბათ მოვუხშირებ, რაც შეეხება გეგმებს,  ახალი ხედვით, ახალი შემართებით ახალი ტილოების შექმნაა.   

 

 თქვენს მხატვრად ჩამოყალიბებაში რომელიმე შემოქმედმა ადამიანმა ხომ არ მოახდინა გავლენა?  

ჩემი კლასელის მამა იყო სახალხო მხატვარი ზელიმხან გოგოლაშვილი,, ასევე ჩემი მეგობრის მამა გივი კელენჯერიძე, ისიც სახალხო მხატვარი.  აი, მათ ოჯახებსა და სტუდიებში დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ტილოების ყურება. სკოლის პერიოდში ასევე ხშირად მიწევდა მოსკოვსა და ლენინგრადში კონცერტებით სიარული და პროგრამაში შედიოდა მუზეუმების დათვალიერება. მაშინ მსოფლიო შედევრებს ვეზიარე ორიგინალში, ეს დიდი საჩუქარი იყო და გავლენაც აქედან მოდის. 

 

 გქონიათ პერიოდი, როდესაც უბრალოდ ვერ დაგიხატავთ? 

კი, როგორ არა. 24 წლის რომ ვიყავი, ერთ მხატვარზე წარმოდგენა დამეკარგა და მთელი 10 წელი აღარ დამიხატავს,35 წლისამ ჩემი მეუღლის პორტრეტი დავხატე და გამიკვირდა. მას მერე ასეთი ჩავარდნა არ მქონია. 

 

გაქვთ ისეთი ნამუშევარი, რომელიც განსაკუთრებულად გიყვართ და მას არასოდეს გააჩუქებთ ან გაყიდით?

2 კი, ნამუშევარი _ გალაკტიონის ,,იისფერი თოვლი’’. ეს ლექსი მიყვარს ძალიან და ტილოც, მეორე _ ვარდკაჭკაჭები, რომელიც ჩემს ეზოში დავხატე, იმერეთში.  იქვე მოვწყვიტე და ქოთანში ჩავაწყვე, იმ დროს ჩემი დედ-მამა და ძმა ცოცხლები იყვნენ და ეს ტილო მათ მაგონებს.