რატომ დაინგრა გიო ხუციშვილის შვილის ოჯახი?

2018.12.03 16:30:38
რატომ დაინგრა გიო ხუციშვილის შვილის ოჯახი?

ნოდარიკო ხუციშვილი „მხოლოდ ქართულის“ ის კონკურსანტია, რომელიც გამოჩენისთანავე მაყურებლის განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს.

 

ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი – მისი მამა, გიო ხუციშვილია და მეორე – მისი გულწრფელი და ლაღი სიმღერა, რომლითაც „რუსთავი 2“-ის მაყურებელი მოხიბლა.

 

„მხოლოდ ქართულის“ გამორჩეული კონკურსანტი დაოჯახებულიც გახლდათ. მისი მეუღლე მომღერალი ელენე კალანდაძე იყო. მათი ქორწინება 2 თვეში დასრულდა და როგორც ელენე სხვადასხვა გამოცემებთან მიცემულ ინტერვიუებში იხსენებდა, ამის მიზეზი ღალატი გახდა.

 

პირადზე, მამასა და სიმღერაზე დღეს ნოდარიკო ხუციშვილი „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად საუბრობს.

 

– ნოდარ, „ცნობილი მამის უცნობი შვილი“ – ასეთი ანონსი გააკეთა „რუსთავი 2“-მა შენზე...

 

– ჰო და ამან ცოტა დააბნია მაყურებელი. ამიტომ განმარტებას გავაკეთებ. აქ იგულისხმებოდა გიოს ცნობადობა მომღერლის კუთხით. სხვა ყველაფერი კარგად არის, ყველა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს (იცინის).

 

– იმ ასაკიდან დავიწყოთ, როცა პირველად შეეხე სიმღერას...

 

– სიმღერა სულ იყო ჩვენს ოჯახში და, შესაბამისად, ადრეულ ბავშვობას უკავშირდება ჩემი ამღერებაც. თუმცა ასე საჯაროდ გამოსვლა არასდროს მიფიქრია.

 

– შენს ძმას, ზუკას ვიცნობდით, როგორ მოხდა რომ აქამდე, როგორც მომღერალი, ვერ გაგიცანით?

 

– ჩემი გადაწყვეტილება იყო, არ მიფიქრია არასდროს სცენაზე გამოჩენა. არ მქონდა მოთხოვნილება რომ სცენაზე მემღერა. სხვა პროფესია ავირჩიე.

 

– რა პროფესიის ხარ?

 

– დამთავრებული მაქვს მარკეტინგის ფაკულტეტი და სხვადასხვა კომპანიებში ვმუშაობ მარკეტინგის მენეჯერად. ბოლო წლებია, ტურიზმში გადავერთე. მიყვარს მთა, ცხენზე ჯირითი. 5 წლის წინათ ერთ-ერთ ჯგუფს გავყევი გიდად. 2 წელი ვიმუშავე გიდად და ახლა თავად ვაკეთებ ინდივიდუალურ ტურებს.

 

– გახსოვს, შენი პირველი მღერა მამასთან ერთად?

 

– მახსოვს. მე რომ პატარა ვიყავი, მამა აფხაზეთში იბრძოდა. მახსოვს, რომ ჩამოვიდა, ვერის ბაღში „ელიტკლუბი“ იყო, იქ ამიყვანეს სცენაზე და გიოს ორი სიმღერა ვიმღერე. ერთი „ლოთიანი“ იყო. მეორე არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს გიოს თვალები, ძალიან ამაყი იყო. მის მერე ზოგჯერ მამუკა ჩარკვიანისა და გიოს დუეტს ვმღეროდით ხოლმე მე და მამა, „თავისი დრო აქვს“... ოღონდ არა დაგეგმილად. სპონტანურად ხდებოდა ყოველთვის ჩემი სცენაზე აყვანა.

 

– გიოს რეპერტუარი ის ჟანრია, რომელშიც საკუთარ თავს ხედავ თუ სხვა მიმდინარეობა უფრო მოგწონს?

 

– არ ვიცი, სუბიექტური ვიქნები თუ ობიექტური, მაგრამ დღესაც მგონია, რომ ისე, როგორც გიო მღეროდა, ვერავინ მღერის და ვერც ვერავინ იმღერებს. ნიჭიერი სამეგობრო ჰყავდა გიოს, ბევრი მღეროდა და მამამ მოახერხა, ასე კარგად აეტანა სიმღერა სახლიდან სცენაზე, ამას სხვანაირი კულტურა უნდა. მე რაც შემეხება, ქართული სიმღერა ძალიან მიყვარს, მაგრამ ჯაზისკენ და ფანკისკენაც ვიხრები.

 

– „მხოლოდ ქართული“ შენი პირველი მუსიკალური კონკურსია?

 

– კონკურსიც პირველია და სცენაც. აქამდე მხოლოდ მეგობრებთან ერთად ვმღეროდი ბენდში, მაგრამ არასდროს მივლია პედაგოგთან, არანაირი გამოცდილება ამ მხრივ არ მაქვს.

 

– თავად გადაწყვიტე, რომ ამ პროექტში მოსულიყავი?

 

– ჰო, მომწონს ეს პროექტი და რაღაცნაირად მომინდა, რომ ეს სიახლე ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. მგონია, რომ გიოსაც ძალიან გაუხარდებოდა.

 

– რას ეტყვი მათ, ვინც ფიქრობს, რომ, სხვა კონკურსანტებისგან განსხვავებით, შენ პრივილეგია გაქვს იმ მხრივ, რომ გიოს შვილი ხარ?

 

– ვეტყვი, რომ სწორად ფიქრობენ. პრივილეგია მაქვს იმ მხრივ, რომ გიოს ხათრით, სიყვარულით შეიძლება კარგად შემაფასონ. მაგრამ ლაივებზე ეს, ალბათ, არ გაჭრის. იქ პროფესიონალი ჟიური ზის, რომელიც შენს სიმღერას აფასებს და არა დედმამიშვილობას. მუსიკალური განათლება არ მაქვს, ვოკალის პედაგოგი არასდროს მყოლია. ასე რომ, სხვა მხრივ პრივილეგიები არ მაქვს.

 

– შესაბამისად, ალბათ, ნერვიულობდი ქასტინგის დროს...

 

– ნერვიულობა არ მახასიათებს, იმიტომ არა, რომ უპასუხისმგებლო ვარ, უბრალოდ, სიმღერის დროს მეხსნება, ნაკლებად ვიძაბები. ეტყობა, გენეტიკურია, არ ვიცი. რაც შიგნიდან ემოციურად მომდის, ისე ვმღერი. მეორე ეტაპზე ცოტა ღელვა იყო, მაგრამ გავლენა სიმღერაზე მაინც არ მოუხდენია.

 

– სოფოს აცრემლებაც მოახერხე...

 

– (იღიმება) მესმის მისი. ჩემი მეგობრის შვილის გამოჩენა ჩემზეც იგივე განცდებს გამოიწვევდა. გიოს ბევრი მეგობარი ჰყავდა, ყველას უყვარდა და ამან მოიტანა ეს ემოციაც.

 

– მას მერე, რაც ეთერში გამოჩნდი, რა ხდება შენს სოციალურ ქსელში?

 

– ძალიან ბევრი თბილი სმს მომდის. რამე უნდა მოვიფიქრო, რომ უყურადღებოდ არავინ დავტოვო. იმდენად თბილი გამოხმაურებაა, მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს. ძალიან მიხარია, თუ გიოს სიმღერასთან ასოცირდება ჩემი გამოჩენა. ის სიტყვები, რომ „გიო ცოცხალია“ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

 

– ძალიან ბევრი მსგავსება დაინახა მაყურებელმა მანერებში, ჟესტებში, ვიზუალში...

 

– ეს გენეტიკაა, თუნდაც თვალის დახუჭვა, მარინამ რაზეც მომცა შენიშვნა. ასე რომ, გიოსთან გააკეთებენ პარალელს თუ ცალკე ჩემი სიმღერა მოეწონებათ, ორივე შემთხვევაში ბედნიერი ვიქნები.