,,მე მძულს ეს ეპოქა, მე ის გულს მირევს..''- ალენ დელონის უკანასკნელი ინტერვიუ

2018.02.19 12:28:06
,,მე მძულს ეს ეპოქა, მე ის გულს მირევს..''- ალენ დელონის უკანასკნელი ინტერვიუ

„აქ ყველაფერი ყალბია, არაფრის პატივისცემა აღარ არსებობს, დაპირებულს აღარავინ ასრულებს.

მხოლოდ ფულს აქვს მნიშვნელობა....“ 82 წლის ლეგენდარული მსახიობის ბოლო ინტერვიუ: „მე, დელონი და ჩემი ცხოვრების ინტერვიუ“, 10 იანვარს ჟურნალ Paris Match-ის სპეციალურ ნომერში დაიბეჭდა, რომელიც მსახიობის შემოქმედების 60 წლის იუბილეს მიეძღვნა. ინტერვიუში დელონი საუბრობს თავის კარიერაზე, მეგობრებზე, შეცდომებზე, ოჯახზე, რომელთანაც რთული ურთიერთობა აქვს და იმ ერთადერთ ქალზე, რომელიც ჯერ კიდევ ვერ იპოვა.

 

გთავაზობთ ამონარიდებს ამ ლეგენდად ქცეული პიროვნების ინტერვიუდან: „ცხოვრებას ჩემთვის აღარაფერი მოაქვს. მე უკვე ყველაფერი ვნახე, ყველანაირი გრძნობა განვიცადე. მაგრამ აქ მთავარი მიზეზი ის არის, რომ მე მძულს ეს ეპოქა, მე ის გულს მირევს.“ „მე მძულს ამ ეპოქის ადამიანები. აქ ყველაფერი ყალბია. არაფრის პატივისცემა აღარ არსებობს, დაპირებულს აღარავინ ასრულებს. ერთადერთი - ფულს აქვს მნიშვნელობა. ყოველდღე, დილიდან ღამემდე, მხოლოდ დანაშაული გვესმის. როცა ჩემი აღსასრულის დრო მოვა, ზუსტად მეცოდინება, რომ ამ ქვეყანას სინანულის გარეშე ვტოვებ...“ „ჩემ ირგვლივ იყვნენ და არიან ქალები, მაგრამ არცერთია ისეთი, რომელთანაც სიკვდიამდე ვიცხოვრებდი...“ „მე ვარ არტისტი და არა - მსახიობი. მე არასდროს მისწავლია სამსახიობო ინსტიტუტში.

 

მე ამისთვის არაფერი გამიკეთებია. 14 წლის ასაკში სკოლას თავი დავანებე, მერე ჯარში ვიმსახურე. მე იმ არტისტებს ვეკუთვნი, როგორებიც იყვნენ ჟან გაბენი, ლინო ვენტურა ან ბერტ ლანკასტერი - ძლიერი პიროვნებები, რომლებსაც ფილმებში იღებდნენ. და დღეს შემიძლია, ყოველგვარი მოკრძალების გარეშე განვაცხადო, რომ მე ეს საქმე გამომივიდა.“ „მე არასდროს დამისახავს მიზნად, რომ ასეთი კარიერა მქონოდა. ეს თავისთავად მოხდა. მე არ დავბადებულვარ „ალენ დელონად“. მე დიდი ხნის გარდაცვლილიც კი უნდა ვიყო. მაგრამ ამას უკვე ჩემი ბედისწერა ეწოდება.“ ასეთი ემოციური იყო დელონის უკანასკნელი ინტერვიუ, რომელიც, ვისურვოთ, რომ უკანასკნელი იყოს მხოლოდ თარიღის მიხედვით და გენიალური არტისტი კიდევ ბევრ ფილმში გვენახოს. სხვათა შორის, ამ მომენტისთვის მიმდინარეობს რეჟისორ პატრიკ ლეკონტის ფილმის გადაღებები, სადაც მთავარ როლებში ალენ დელონი და ჯულიეტ ბინოში არიან.