ჩემი ქმარი ძალიან დამეხმარა - რას ჰყვება ანუკი მეუღლეზე Forbes-თან ინტერვიუში

2017.12.13 12:43:04
ჩემი ქმარი ძალიან დამეხმარა - რას ჰყვება ანუკი მეუღლეზე Forbes-თან ინტერვიუში

თბილისის მერის მეუღლე ოჯახსა და პროფესიაზე გულწრფელად საუბრობს.

"ჩემი ქმარი ძალიან დამეხმარა, ოცნება ამესრულებინა, ახლა კი ვცდილობ, გამოვიყენო შანსი და სხვა ქალებისთვის და ბავშვებისთვის ბევრი რამ გავაკეთო," - ამის შესახებ კახა კალაძის ცოლმა, ანუკი არეშიძემ ამერიკულ ჟურნალთან Forbes ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, პირველ რიგში არის დედა, შემდეგ ცოლი და სულ ბოლოს - დიზაინერი.

 

"საქართველოში ჯერ კიდევ არის ხალხი, ვისაც საკმარისი საჭმელი არ აქვთ. მათ არ აინტერესებთ მოდა, ან - დიდი პოლიტიკა, მათ მხოლოდ საკვები სჭირდებათ ოჯახებისთვის. დამნაშავედ ვიგრძნობ თავს, თუ ფოკუსირებული ვიქნები მხოლოდ საკუთარ თავზე და დიზაინერობაზე. ყოველთვის, როცა მაღაზიაში შევდივარ, ვგრძნობ ხალხის სითბოს, მათი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. რუსი სუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვა ჩემთვის საქველმოქმედო საქმიანობის ინსპირაციაა," - ამბობს არეშიძე ინტერვიუში.

თბილისის მერის მეუღლე აღნიშნავს, რომ საქართველოში დიზაინერობა ძალიან რთული და რისკიანია, რადგან ქვეყანაში არ არსებობს მაღალი ხარისხის ქსოვილების დამამზადებელი ფაბრიკები და ამიტომ, მათი ჩამოტანა სხვა ქვეყნებიდან უხდებათ. ეს კი, ანუკის თქმით, მათ პროდუქციას ბევრად აძვირებს. "ქართველებს აქვთ საყვარელი ფერი - შავი. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გემოვნება და სტილის შეგრძნება. ქართველების გამორჩევა ყოველთვის მარტივად შემიძლია ნებისმიერი სხვა ქვეყნის ქალაქების მოედნებსა თუ აეროპორტებში," - აღნიშნავს დიზაინერი.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა ანუკის, შექმნას ფეხბურთის ეროვნული ნაკრებისთვის ფორმა, დიზაინერი პასუხობს, რომ ამისთვის მზად არ არის. "სპორტულ ფორმებს ბევრი დიდი დიზაინერი, მათ შორის ჯორჯო არმანი, რალფ ლორენი ქმნიან. ეს ძალიან რთული საქმეა და ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რადგან მთელი ქვეყნის სახეა. ამიტომ, ამ ეტაპზე ასეთი საქმისთვის მზად არ ვარ," - განაცხადა არეშიძემ. ამასთან, კახა კალაძის ცოლი აღნიშნავს, რომ საკუთარი თავით არასოდეს არის კმაყოფილი. "ყოველთვის, ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს, "შემეძლო უკეთ გამეკეთებინა?" ახლა ვიტირებ... ბოდიში, ძალიან დაღლილი ვარ. ყოველთვის ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს და ვამბობ : "ანუკი, შენ მეტი შეგიძლია!"