"გაჩეჩვას ნამდვილად ვერ ავცდები..."

2017.11.20 13:06:48
"გაჩეჩვას ნამდვილად ვერ ავცდები..."

როგორ და ვისთან ერთად ცხოვრობს ქეთი ხუციშვილი, რის გაკვეთილებზე დადის და რატომ დაენგრა მეორედ ოჯახი, ჩემი რესპონდენტი თავად გიამბობთ. 

 

ვარჯიში, ინგლისური ენა, დახვეწილობის კურსები, სიმღერა, ცეკვის გაკვეთილები, ყრდელის ბიზნესი, ქმარი, თაყვანისმცემელი – ოლო და ახლა უკვე ინტერესის ობიექტი – ფროდო. თავად მსახიობი ამბობს, რომ გაჩეჩვას სერიალში ვერ ასცდება. 

 

ინტერვიუ შედგა საკონდიტრო ბუტიკში „ბალტაზარ შერი“.

 

 – ქეთი, ვარჯიში დაიწყე, გავიგე...

 

– თავიდან სახლში ვვარჯიშობდი, მაგრამ პროფესიონალურად დავიწყე დარბაზში ინსტრუქტორთან, მივხვდი, რომ ეს არაფერია. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ სულ უმოძრაობას, სახლში ვარჯიში ჯობია. ხელ-ფეხს მაინც ვიქნევდი (იცინის). მას მერე, რაც ლუნა გავხდი, სპორტულ დარბაზს მივაშურე. ახლა მგონია, რომ ეს ადგილი ჩემთვის, მეორე კი არა, პირველი სახლია. დღეში, სამ საათს ვატარებ დარბაზში და ეს ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის.

 

 – შენი ზედმეტი კილოგრამები არ გვახსოვს, რატომ გადაწყვიტე პროფესიონალურად მოგეკიდა ვარჯიშისთვის ხელი?

 

– რაც წლები მემატება, მუღამში ვარ, რომ ასაკის მიუხედავად, მაგარ ფორმაში ვიყო. ახალგაზრდობას ვებღაუჭები თითქოს. ჩემს ფოტოებს რომ ნახულობენ, მეუბნებიან, ძალიან არ დაიკუნთოო. არც მე მიყვარს ზედმეტად დაკუნთული ქალები, მაგრამ სხეულის გამკვრივებისთვის აუცილებელია ვარჯიში.

 

 – ინგლისურზეც ხომ არ დადიხარ ლუნასავით?

 

– არა.

 

-დახვეწილობის კურსებზე?

– (იცინის) მე უნდა გავხსნა დახვეწილობის კურსები საქართველოში, ახლა მომივიდა ეგ იდეა...

 

 – არ დაიჯერო, არავინ ივლის... ახალგაზრდობას ვებღაუჭებიო და სერიალში იმდენი თაყვანისმცემელი გყავს... მაგრამ შენ მაინც ფროდოს დაადგი თვალი...

 

 – ჰო, გრძნობებში გადავვარდი. ხომ მიყურებთ, ქმართანაც ვეღარ ვაკონტროლებ გრძნობებს. 

 

 – ოლო დაიკარგა, სად არის?

 

– ოლო მაგარი კაცია, სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, უყვარს და შესციცინებს თვალებში ლუნას, რაც შეუძლია ჩუქნის, კარაქის ბიზნესი აჩუქა და რა მოითხოვა? არაფერი. არის თავისთვის.

 

 – თავიდან ლუნაც ეპრანჭებოდა ოლოს...

 

– კი, კი, ახლაც ეპრანჭება, აბამს თვალებით, იყენებს, მგონი. 

 

 – ქმრის არ ეშინია ლუნას?

 

– არა. სულ ვფიქრობ ხოლმე, რატომ არ ვშორდები. ალბათ, იმიტომ, რომ შვილების მამაა, თან მეცოდება. ქართულ რეალობაშიც ხომ გვაქვს ასეთი ოჯახები, რაც ჩემთვის რეალურ ცხოვრებაში მიუღებელია. 

 

 – შენს ნამდვილ თაყვანისმცემლებზეც მოგვიყვები? წარმოუდგენელია, ვინმეს არ ეპრანჭებოდე...

 

– სულ ვიპრანჭები, რატომაც არა.

 

 – ერთი პერიოდი ამბობდნენ, ლუნა გათხოვდაო...

 

– ვიცი, რასაც მეკითხები, გაიპარა ინფორმაცია... იყო ასეთი, კი, ვაღიარებ, მეგონა...

 

 – გეგონა, რომ გათხოვდი?

 

– იყო ადამიანი ჩემს ცხოვრებაში და მერე გავარკვიე, რომ ის არ იყო ჩემი ადამიანი. 

 

 – როგორ, ხელი მოაწერეთ, ჯვარი დაიწერეთ და დაშორდით?

 

– ოხ, ნინო, რა კითხვებს მისვამ... ძალიან მალე დამთავრდა ყველაფერი, როგორ სწრაფადაც დაიწყო, ისევე სწრაფად დამთავრდა. ალბათ, უნდა გამევლო ესეც. ესეც უნდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. იყო ბედნიერი დღეებიც და ნერვიულობაც. 

 

 – როდის გამოჩნდა, როცა ლუნა გახდი?

 

– ჰო, ზუსტად იმ პერიოდში. მალევე მივხვდი, რომ არ უნდა ვყოფილიყავი ამ ადამიანთან და დავიშალეთ. ახლა არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს, მოკითხვის დონეზეც კი.

 

 – ასე მარტივი ხომ არ არის ოჯახის დანგრევა, როგორ გადაიტანე?

 

– ოჯახს ვერც დავარქმევ ამას, ხომ გითხარით, ძალიან მალე დამთავრდა ყველაფერი. გაგიკვირდებათ და მე ადვილად გადამაქვს. თუ დამიჯერებთ, მესამე დღეს აღარ მახსოვდა.

 

 – ერთ-ერთ ინტერვიუში მიყვებოდი, შვილის მამასთანაც არ მაქვს კონტაქტიო...

 

– იგივეს გაგიმეორებ, არც ვიცით, სად არის. საერთოდ არ ჰქონია ურთიერთობა შვილთან.

 

 – შვილზეც მომიყევი...

 

– გიორგი 15 წლის არის. შვილი როგორ ვაქო, მაგრამ კარგი ბიჭია. მგულშემატკივრობს, უხარია ჩემი პოპულარობა, მაგრამ ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. წასვლა უნდა ევროპაში, იქ განათლების მიღება, ოღონდ რა პროფესიას აირჩევს, ჯერ არ ჩამოყალიბებულა. მეგობრები ვართ მე და ჩემი შვილი, არაჩვეულებრივი ხასიათი აქვს.

 

 – კიდევ ვინ ცხოვრობს თქვენთან ოჯახში?

 

– მე და ჩემი შვილი. კიდევ მამაჩემი მოდის ხოლმე ხშირად.

 

 – დიდი გამოხმაურებები აქვს ხოლმე შენს სიმღერებს სერიალში. ეს პროფესიონალურ დონეზეა?– არა. უბრალოდ, მუსიკალური ოჯახი გვქონდა. დედა კარგად უკრავს ფორტეპიანოზე, გიტარაზე, ბავშვობიდან სამ ხმაში ვმღეროდით ხოლმე მე, დედა და ჩემი და, რომელიც ახლა აღარ არის ცოცხალი... მოყვარულის დონეზე მეც ვუკრავ გიტარაზე. 

 

– ქეთი, ვის წაიყვანდი დახვეწილობის კურსებზე, ვის სჭირდება ცნობილი ქართველებიდან?

 

– ვაიმე, დედა, ჩემი სიკვდილი, გინდა მიმახრჩოს ვინმემ (იცინის)?

 

 – მინდა, რომ მტრები გაგიჩინო...

 

– ჯერ ისედაც რამდენი გადავიკიდე ამ ფროდოს გამო. ჯერ ჩემი ქმარი, ხომ ნახე, ლამის მცემა მანქანაში. მერე ეს ჩემი ოლო რას იზამს, თუ გამიგო, მგონი, ხვდება რაღაცებს და დოჩიმ თუ გაიგო, საერთოდ არ ვიცი, რა მელოდება. გული მიგრძნობს, მაგრად მცემენ. ძალიან მაინტერესებს, რა მელოდება ამ სერიალში. ჯერჯერობით ვარ ასე ყურებამდე შეყვარებული.

 

 – იმედს ვიტოვებ, რეალურ ცხოვრებაშიც რომ იქნები შეყვარებული, ჩვენს მკითხველს ექსკლუზიურად გააცნობ შენს რჩეულს...

 

– პირობას გაძლევ, ნინო, რა იცი, იქნებ მეჯვარეობასაც გამოჰკრა ხელი. 

 

 – სიამოვნებით. 

 

წყარო: primetime.ge