"ლექსი როცა იბადება, მაშინ ვარ ბედნიერი"

2017.09.08 15:25:57
"ლექსი როცა იბადება, მაშინ ვარ ბედნიერი"

 

დღეს პოეზიაზე  ვისაუბრებთ ; ჩემი რესპოდენტი, ცნობილი  პოეტი ელგუჯა მარღია, გამორჩეულად თავმდაბალი,საინტერესო ადამიანია. ახლახან მისი რიგით მექვსე პოეტური კრებული გამოვიდა... თუმცა  სამი ელექტრონული წიგნიც აქვს სათვალავში( ,,განდევნილები’’, ,,ჰომო დეი’’ და ,,სხვადასხვა დროის ლექსები და მინიატურები’’; იხ: www.saba.com.ge) და რამდენიმე შედგენილი კრებულიც ...ჩვენ მას საგურამოში, ბურიანის  აგარაკზე   ვეწვიეთ. გარემო, სადაც პოეტი კვირაში  ორ დღეს  მაინც ატარებს , იმდენად შთამბეჭდავია,  არ შეიძლება მუზა არ გეწვიოს.

 

–პირველი ლექსი როდის დაიბადა?–

–პირველი ლექსი მეოთხე-მეხუთე  კლასში დავწერე...იაკობ გოგებაშვილის ,,დედა-ენას’’ ეძღვნებოდა..სამწუხაროდ, არც მახსოვს....

–პირველი მკითხველი?– 

–ქართული ენის პედაგოგი, თავადაც პოეტი, მელენტი ფიფია...მითხრა, რომ  მოეწონა... შემაქო და დიდი სტიმული მომცა...

–პირველად სად დაიბეჭდა  თქვენი  ლექსები?– 

– მაშინ ჟურნალი ,,პიონერი’’ და გაზეთი ,,ნორჩი ლენინელი’’ პრესტიჟული გამოცემები იყო...იქ მოხვედრა არცთუ ისე იოლი გახლდათ...სწორედ ჟურნალ  ,,პიონერში’’ დაიბეჭდა პირველად ჩემი ლექსები. რა თქმა უნდა  პარალელურად წალენჯიხის რაიონულ გაზეთშიც  ვიბეჭდებოდი... მერე  უკვე ერთ კრებულად  აიკინძა  სხვადასხვა ავტორის ლექსები და დაიბეჭდა ...ეს ჟურნალ ,,პიონერის’’ სოლიდური და სპეციალური გამოცემა იყო. 

– პროფესია როგორ აირჩიეთ?–

–სიმართლე გითხრა, არ მიფიქრია ჟურნალისტობაზე... მაშინ  მოდაში  ერთ-ერთი  სამშენებლო ფაკულტეტიც იყო და  იქ   ჩაბარებას ვაპირებდი...თუმცა მოხდა ისე, რომ  საბოლოოდ გადავწყვიტე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა.

–რატომ ჟურნალისტიკა?–

–  რაკი  წერა მეხერხებოდა  და პოეზია მიყვარდა, ჩემს მისწრაფებასთან ახლოს იყო ეს ფაკულტეტი. თუმცა ბევრს  ეგონა,   ჩემი არჩევანი თეატრალური ინსტიტუტი იქნებოდა....ხშირად ვიდექი რაიონისა და სხვა სცენებზე წამყვანის ამპლუაში; თუ კვეხნად არ ჩამითვლით, ლექსის მხატვრულ კითხვაშიც გამოვირჩეოდი... 1981 წელს დავამთავრე სკოლა ოქროს მედალზე და იმ დროისთვის ძნელად მოსახვედრ ფაკულტეტზე ჩავაბარე.

–როგორი იყო სტუდენტური წლები?–

–ოცნება რთულად ამისრულდა...იოლი არ ყოფილა ჩემი გასტუდენტება...ბატონი ნოდარ ტაბიძე გახლდათ ჩვენი დეკანი...დიდებული ლექტორების გარემოცვაში ვიყავით...აქტიურად ჩავერთე ,,სტუდენტური კლუბისა’’ და ახალგაზრდა მწერალთა წრის საქმიანობაში...ალმანახ ,,პივერ სხივშიც’’ ვიბეჭდებოდი...პირველი კურსის მერე ჯარში გამიწვიეს.  ეს სატანჯველი იყო, გაქცევაც კი მინდოდა. ერთი სიტყვით,  მოვიხადე ეს სასჯელი. მეორე კურსიდან,პრაქტიკული ჟურნალისტიკა საგარეჯოს გაზეთ ,,ივრის განთიადში“ გავიარე,რომლის რედაქტორი იყო არაჩვეულებრივი ჟურნალისტი ჯემალ ქურხული...შესანიშნავი მწერლის, ბექა ქურხულის მამა...  გაზეთი ექსპერიმენტს ახორციელებდა და   კვირაში ხუთჯერ გამოდიოდა...რაიონული გაზეთისთვის ეს სიახლე იყო...ფაქტობრივად, ყოველდღიურად იბეჭდებოდა...მე და  ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ   თვენახევარში  80 წერილი გამოვაქვეყნეთ...ბატონი ნოდარ ტაბიძე გახარებული იყო ამ ფაქტით და სპეციალური შეხვედრაც მოგვიწყო ჩვენს ფაკულტეტზე...ინფორმაცია ,,სოფლის ცხოვრებაშიც’’ გამოაქვეყნა...გამოდიოდა ასეთი  მრავალტირაჟიანი და გავლენიანი გაზეთიც საბჭოთა პერიოდში...

–რას ეხებოდა ეს წერილები?–

–ვაზს,ვენახს,ღვინოს (იღიმის)

–პირველი კრებული როდის გამოვიდა?-

–პირველი წიგნი გამოვიდა 1993  წელს ...  გამომცემლობა ,,მერანში“  დაიბეჭდა...დაგვიანებით...რატომღაც არ ვჩქარობდი, თუმცა გაცილებით ადრეც შემეძლო...  პირველი კრებულის სახელწოდებაა  ,,როგორც წყვდიადში შემოდის თოვლი’’ .იმ  დროისთვის ყველა სოლიდურ ლიტერატურულ  გამოცემაში  იბეჭდებოდა  ჩემი  ლექსები. უკვე ჟურნალ ,,ცისკარშიც“ ვმუშაობდი.

–მაშინ საკმაოდ პრესტიჟული  და რთული იყო მწერალთა კავშირში  მოხვედრა, თქვენ როგორ მოხვდით?–

–მაშინ  მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი მუხრან მაჭავარიანი იყო,ეს ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი სიხარული გახლდათ... სხდომაზე,  რომელშიც მრავალი ცნობილი პოეტი მონაწილეობდა.  ერთხმად მიიღეს  გადაწყვეტილება ჩემი გაწევრიანების შესახებ...მახსოვს, ვიცდიდი გარეთ, გულის ფანცქალით ველოდებოდი შედეგს...გამოვიდა დათო მაღრაძე,  მომესალმა და მომილოცა მწერალთა კავშირში მიღება...ასევე ტარიელ ჭანტურიამ მომილოცა და მითხრა, აბა შენ იციო... ასევე მინდა გამოვყო,გივი ძნელაძის,რეზო ჭეიშვილის, იორამ  ქემერტელიძის  მხარდაჭერა. ჩემი ამ ადამიანების ურთიერთობის კატალიზატორი ცნობილი პოეტი ირაკლი ბაზაძე გახლდათ...მე მისი მადლიერი ვარ....აცხონოს უფალმა... მან და ზაურ კალანდიამ გამიწიეს რეკომენდაცია...

–თქვენ, როგორც ვიცი, განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდათ მრავალ  ცნობილ  მწერლებთან, მოგვიყევით ამის შესახებ?–

–მართლაც, განსაკუთრებული სიყვარულით მინდა სხვებიც  გავიხსენო... იმათ  გარდა, ვინც დავასახელე... პირველი, ვინც ,,პირველ სხივში’’ დამბეჭდა, რევაზ მიშველაძე იყო...პატივისცემით ვიხსენებ  ნოდარ წულეისკირს, ოთარ ჩხეიძეს... ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სტიმულის მომცემი იყო  ჩემი ლექსების დაბეჭდვა  ჟურნალ ,,ლიახვში’’ ბატონ ოთარ ჩხეიძის ხელშეწყობით და ინიციატივით... მინდა ასევე გამოვყო მიხეილ ქვლივიძე,რომლის წინასიტყვაობითაც  ჟურნალ ,,ნობათში“  ჩემი ლექსები დაიბეჭდა. იმ დროისთვის ჟურნალის რედაქტორი ბაღათერ არაბული გახლდათ. ასევე  დიდი სიამაყით და სითბოთი მინდა გავიხსენო ბატონ რეზო ჭეიშვილი, გენო კალანდია, იურა ბაქანიძე, ნოდარ ადეიშვილი, ავთანდილ ადეიშვილი, ბადრი ჭოხონელიძე, რინოს კვარაცხელია, ჯუმბერ თითმერია, რევაზ ჯაფარიძე, მუხრან მაჭავარიანი, სიმონ შამფრიანი...ბევრი გამომრჩა და მომიტევონ...ჩემი მეგობრები, იმედო ჯახუა, ბადრი გუგუშვილი, თემურ ფირცხალაიშვილი, ზურა ჯაფარიძე...დღესაც მრავალთან ვაგრძელებ მეგობრობას...მადლიერი ვარ ზაურ კალანდიასი, გიზო თავაძის, როსტომ ჩხეიძის, ელგუჯა თავბერიძის, მაკა ჯოხაძის,  იოსებ ჭუმბურიძის, ნინო ვახანიას, თამარელა წოწორიას, მარინა ტურავას, დავით თედორაძის, ვახტანგ ღლონტის, გივი ჩიღვინაძის,  გიორგი ხულორდავას და სხვა მწერლების, ლიტერატორების, ვინც ბოლო დროს დამიდგა გვერდით და ობიექტურად, მიუკერძოებლად  შეაფასა ჩემი კრებულები...

–რამდენი ხნის მერე გამოვიდა თქვენი მეორე კრებული?–

–2001 წელს გამოვიდა ჩემი მეორე წიგნი ,,დუმილის სივრცე“ და დიდი შუალედის  შემდეგ - მესამე წიგნი ,,ნაბადი“, რომელიც გახდა ,,საბას’’ 2012 წლის ნომინანტი...

–თქვენ ბევრს მოგზაურობთ,თქვენ მეუღლესთან ერთად,როგორც ვიცი კოლეგები ხართ? –

–კი, მართლაც ასეა,ჩვენ ძალიან გვიყვარს  ადამიანებთან ურთიერთობა,სხვადასხვა ადათ- წესების გაცნობა, ბუნება.სწორედ, ამ დროს იწერება ახალი სტრიქონები... ამასწინათ ონში სამხარეო მუზეუმში,სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა: ქალბატონი, რომელიც  მხოლოდ ფოტოთი და ჩემი წიგნით  მიცნობდა, მოგვიახლოვდა  და მორიდებით ჰკითხა ჩემს მეუღლეს:  ეს ელგუჯა მარღია ხომ არ არისო...გავიოცე და თან გამიხარდა, რასაკვირველია...ფაქტობრივად უცხო  რაიონში,  ვერ წარმომედგინა,  ,,ნაბადი’’  ასეთი პოპულარული თუ იყო და  ასე ზედმიწევით თუ იცნობდნენ  ჩემს პოეზიას....ცოტა ხმამაღალი განაცხადი გამომივიდა, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს...(იღიმის...)  ეს ქალბატონი ონის ბიბლიოთეკის დირექტორი ანა ერისთავი აღმოჩნდა...დიდებული ადამიანი და პოეტი, ონის რაიონის კოლორიტი...სახელდახელოდ გაიმართა ჩვენი შეხვედრა ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან...ძალიან გულთბილი და ამაღელვებელი შეხვედრა იყო...საჩუქრად გადავეცი ჩემი რობაიების ახალი კრებული ,,საგანძურის რობაი და სხვა’’...დაუვიწყარია ეს შეხვედრა...

–და ყველაზე საინტერესო თქვენს პოეტურ   ბიოგრაფიაში რობაიები,როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?–

– ვერ წარმომედგინა, თუ ოდესმე რობაიებს დავწერდი...მაგრამ  თურმე  ადამიანმა ,,არასოდეს არ უნდა  თქვა, არასოდეს’’... მოხდა ისე რომ, პირველი რობაი ღვინის კლუბთან ჩემმა ურთიერთობამ წარმოშვა... გაწევრიანება მინდოდა...მე არ ვიაქტიურე, თორემ ვინ იყო წინააღმდეგი?...იუმორით  კი ეს შემომეწერა: (იღიმის...)

                                                     ღვინის რობაი

აღარ მიმიღეს ღვინის კლუბში....ვეღარ ვისრულებ 

მე გულის წადილს...ხარბედია რადგან მიწუნებს...

ღვინის სიყვარულს,ღვინის კლუბი განა მასწავლის?–

დალოცვილ ღვინოს ამის გამო ვერ შევიძულებ...

 

ამის შემდეგ გარკვეული შუალედი მქონდა, მაგრამ ჩემდაუნებურად დავიწყე წერა და საკმაოდ  სისტემური  ხასიათი მიიღო...დღეში ორი-სამი რობაიც დამიწერია...პირველ ეტაპზე ვფიქრობდი,   50 რობაი  მაინც დამეწერა და  პატარა კრებული გამომეცა... გავაცანი  პუბლიცისტს, პროფესორ  იოსებ ჭუმბურიძეს,რომელმაც ძალიან მოიწონა ეს რობაიები,მომცა სტიმული და მიბიძგა გამეგრძელებინა.. მირჩია, გადამეგზავნა ბატონ როსტომ ჩხეიძესთან...ასეც მოვიქეცი და ჩემდა გასახარად, ჯურნალ ,,ჩვენს მწერლობაში’’  ბატონმა როსტომმა 70 რობაი დაბეჭდა... ამას მოჰყვა  მისი სატელევიზიო გამოსვლა ,,ერთსულოვნების’’ დილის პროგრამა ,,განთიადში’’ ამ  პუბლიკაციასთან დაკავშირებით, სადაც მაღალ შეფასებას აძლევდა...მისი ინიციატივით გაიმართა აღნიშნული პუბლიკაცის წარდგინება - განხილვა ლიტერატურულ ინსტიტუტში...ამის შემდეგ  იოსებ ჭუმბურიძემ ვრცელი  წერილი  დაწერა ჩემს რობაიებზე, რომელიც  წამძღვარებული აქვს პირველ კრებულს ,,110 რობაი’’. წიგნი  2015 წელს გამოვიდა და გამომცემლობა  ,,საუნჯეში’’ დაიბეჭდა. აქვე მინდა მადლობა ვუთხრა ნინო ვახანიას,თამარელა წოწორიას,მარინა ტურავას,გიორგი ხულორდავას,  რომლებმაც შემიფასეს ჩემი რობაიები და დაიბეჭდა  მეორე(,,ომარ ხაიამ, შემიწყალე ჩემი რობაი’’-,,საუნჯე’’, 2016 წ.) და მესამე (,,საგანძურის რობაი და სხვა’’-,,სვეტი’’,2017 წ.) კრებულებში; მოკლედ, მუზამ არ  გამწირა(იღიმის...)  და 50  ნაცვლად უკვე დავწერე  350 რობაი, აქედან   დასახელებულ სამ კრებულში  შესულია 310 -ზე მეტი რობაი...ალბათ, გავაერთიანებ ერთ სოლიდურ წიგნად და მალე შევთავაზებ პოეზიის მკითხველებს...

–შენი ყველაზე გამორჩეული  რობაი?–

– ყველა  ერთნაირად მიყვარს, თუმცა ხშირად ვკითხულობ  ,,ჩიტის და დოქის რობაის’’. ასევე  ,,მგალობელი შაშვის ორ რობაისა’’ და ,,გადარჩენილი ჩიტის რობაის’’...გამოდის, რომ მიყვარს ტყის ფრთოსნები...აბა, ბუნება მათ გარეშე ვერც წარმომიდგენია...(იღიმის...)

–ბურიანზე რას იტყვი?–

- სწორედ ამ წიაღში,ბურიანში  დაიწერა ჩემი რობაიების უმრავლესობა... ეს არი ადგილი, სადაც სამყაროს ნაწილი ხდები...უღრმავდები საკუთარ თავს...ფიქრისა და აზროვნებისთვის  სანიმუშო ადგილია, მოკლედ...ჩემი მანანას დამსახურებაა...ეძება და იპოვა კიდეც...დღეს უკვე ვერ წარმოგვიდგენია ცხოვრება ბურიანის გარეშე...ხშირად  ვიკრიბებით მეგობრებთან, ახლობლებთან, ნათესავებთან  ერთად...გვახარებს, რომ ყველას მოსწონს...

–როდის ხარ ბედნიერი?–

–ალბათ მაშინ, როცა ლექსი იბადება...ჩვენს  ცხოვრებას ახლავს წამიერი ბედნიერი გაელვებები და ესეც უნდა იმყოფინოს ადამიანმა...მთავარია, ჩვენი თავი მოვმართოთ კეთილი საქმეების საკეთებლად...ღმერთმა სიყვარულისთვის გაგვაჩინა და ბედნიერებაა, რომ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე...ბოლო დროს ამაზეც მაქვს დაწერილი რობაიები:

 

სრულყოფილი ბედნიერების რობაი

,,შეიცან თავი შენი’’(სოკრატე)

გავურბით სიბრძნეს, ვერ ვპოულობთ ჩვენ არკადიას*,

რადგან დავკარგეთ ის, რაც უფლის დიდი მადლია... 

მაინც სად არის სრულყოფილი ბედნიერება?-

როცა სიცოცხლე წუთია და მხოლოდ კადრია...

*არკადია – ეს სახელწოდება სიმბოლურად ნიშნავს სრულყოფილ ბედნიერებას...

 

აღმოცენების რობაი

სანამ აქა ვართ, ჩვენში უნდა ვპოვოთ ედემი,

გულში სიკეთის ღუღუნებდნენ მუდამ მტრედები...

ბოლოს მიწაში უფლისაგან დათესილები,-

უფალმა იცის, ცაში როგორ აღმოვცენდებით... 

იხილეთ ფოტო გალერეა: 

 

 

 

ავტორი: მარიამ პაიჭაძე