" არ შეიძლება ქალი ჩარჩოებში მოაქციო"-ირაკლი მაქაცარიას გულახდილი ინტერვიუ

2017.07.28 11:28:57
" არ შეიძლება ქალი ჩარჩოებში მოაქციო"-ირაკლი მაქაცარიას გულახდილი ინტერვიუ

კინოპროდიუსერი ირაკლი მაქაცარია ქართველმა მაყურებელმა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გაიცნო.

 

32 წლის სასურველი მამაკაცის გული ახლა თავისუფალია. თუ როგორი გოგონებით ინტერესდება ის, ამის შესახებ ჟურნალ “სარკეს” უყვება.

– ირაკლი, როგორი გოგონები იქცევენ თქვენს ყურადღებას?

– 32 წლის განმავლობაში სხვადასხვა გარეგნობის, ასაკის, ეროვნების მანდილოსანი მომწონებია და დავრწმუნდი იმაში, რომ არ შეიძლება ქალი ჩარჩოებში მოაქციო და თქვა, რომ მხოლოდ ქერათმიანი გოგო მოგწონს. ყველანაირი გოგოს მიმართ შეიძლება გაგიჩნდეს გრძნობა ან უბრალოდ სიმპათია.

 

– მაინც რა არის პრიორიტეტი?

– მთავარია, გოგო რამდენად გახსნილი, გულწრფელი და კეთილშობილია. ეს თვისებები თუ აღმოვაჩინე ქალში, შემიძლია პირდაპირ გამოვხატო ჩემი სიმპათია.

 

– გარეგნობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებთ?

– ეს თვისებები გარეგნობასთან ერთად უნდა ჰქონდეს, თუმცა ვიზუალი პრიორიტეტი არ არის. ამაში საკუთარმა გამოცდილებამ დამარწმუნა. სხვა ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქალის თვალის ფერი და სიმაღლე.

 

– თქვენს მეგობარ გოგონას, უკრაინელ ალიონა ლესიკს, რომელსაც ახლახან დაშორდით, ჰქონდა ის თვისებები, რასაც აფასებთ ქალში?

– კი, ნამდვილად ჰქონდა. ძალიან კეთილი გოგოა და ამას ყველა აღნიშნავდა. რაღაც მომენტებში შეიძლება მიამიტიც იყო და ბავშვურიც. ალიონა სუფთა და კეთილშობილია და ალბათ ამიტომაც შევაჩერე მასზე ყურადღება. ერთი წელი გავატარეთ ერთად.

 

– რას ვერ გაუძლო თქვენმა ურთიერთობამ?

– დროს. ვფიქრობ, რომ წყვილს შორის არის პერიოდები, როცა ფიქრობენ, რომ ყველაფერი იდეალურადაა, თუმცა დგება მომენტი, როცა ხვდებიან, რომ ურთიერთობა და გრძნობა აღარ ვითარდება და ჩვენ სწორედ აქ გავჩერდით. ალიონას მიმართ გრძნობები მქონდა, თუმცა ვერ გეტყვით, რომ მასზე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული. დამნაშავის ძიებას აზრი აღარ აქვს. მივხვდით, რომ ეს ურთიერთობა ვერ გაგრძელდებოდა. დაშორების შემდეგ ალიონასთან არ მისაუბრია. ეს არ არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა.

 

– პირად ურთიერთობაში უკვე ხომ არ შეიცვალა რამე და ხომ არ გამოჩნდა სიმპათიის ობიექტი?

– გოგონებისგან ინტერესს ვგრძნობ, რაც ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ამ ეტაპზე არავის მიმართ მაქვს გრძნობები და არც ვინმესთან მაქვს ურთიერთობა.

 

– ადრე თქვით, რომ ცოლად ქართველი ქალი გსურთ. რა თვისებებით გამოირჩევიან ისინი?

– რადგან აქ კარგი მანდილოსნები გვყავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბედნიერების ძიება სხვაგან არ შეიძლება. მთელი ცხოვრება აქ გავატარე და ჩემი ძირითადი ურთიერთობები ქართველ გოგოებს უკავშირდება. ზოგიერთ ქართველ გოგოს ხასიათის სიმძიმე კი აქვს, მაგრამ მათზე კარგის თქმის მეტი არაფერი შემიძლია.

 

– სირთულედ რა მიგაჩნიათ?

– ისევ უკრაინასთან მომიწევს პარალელის გავლება: იქაური გოგოები ურთიერთობის დასაწყისში უფრო კომუნიკაბელურები არიან, რასაც ჩვენს გოგონებზე ვერ ვიტყვი. ეს დისტანცია გადამეტებული მეჩვენება.

 

– ამბობენ, რომ ასეთი ქალები მამაკაცში მეტ ინტერესს იწვევენ.

– მამაკაცს გააჩნია. იმას არ ვამბობ, რომ გოგო მარტივად მისაღწევი უნდა იყოს, მაგრამ სიტუაცია არც ზედმეტად უნდა ჩახლართოს. თუ დავინახე, რომ ქალი საკუთარი თავის წარმოჩენას ისე ცდილობს, როგორიც სინამდვილეში არ არის, ეს ჩემთვის არამხოლოდ გამაღიზიანებელია, მის მიმართ ინტერესი ბოლომდე მიქრება. არც არაქალური ქცევები მომწონს.

 

– “არაქალურ” ქცევებში რას გულისხმობთ?

– გოგო თუ იგინება, გამორიცხულია, მის მიმართ სიმპათია გამიჩნდეს.

 

– ქართველი ქალების გემოვნება, ჩაცმულობის სტილი მოგწონთ?

– ქართველებს იმდენად გემოვნებიანი ქალები გვყავს, ევროპაში ან სხვაგან შეიძლება ვერ ნახოთ. ადამიანი სამოსში თუ თავს კომფორტულად გრძნობს, მისგან ზუსტად ის ენერგეტიკა მოდის, რაც უნდა მოდიოდეს.

გამოწკეპილი და შპილკებზე შემდგარი გოგონები ნაკლებად მიზიდავენ. კი, ესეც კარგია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ღონისძიებაზე ან ისეთ წვეულებაზეა, სადაც დახეულ ჯინსსა და კედში თავს ვერც კომფორტულად იგრძნობს და ასეთი ჩაცმულობა არც გარემოს შეეფერება.

 

– ჩაცმის სტილი ქალის სექსუალურობას განსაზღვრავს?

– სექსუალურობას ჩაცმულობა არ განსაზრვრავს. მოკლე კაბა აცვია თუ გრძელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. გოგოს თვალებში რომ უყურებ და ესაუბრები, მისი სექსუალურობა იქიდან უნდა იგრძნო.

უკრაინაში ღამის კლუბში გამომწვევად აცვიათ იმისთვის, რომ მამაკაცის ყურადღება მიიქციონ. იქ იმდენად დიდია კონკურენცია გოგოებს შორის, შეიძლება თეძოებიდან ამოხტნენ. ჩვენს ქვეყანაში ეს ნაკლებად იგრძნობა და ძალიან მომწონს. 1000 გოგო რომ იდგეს ოთახში, კაცს ის მოეწონება, ვინც მისია.

ქალს შინაგანი სექსუალურობა უნდა ჰქონდეს, რაც ვულგარულობაში არ უნდა აგვერიოს. ქალი ვულგარულია, როცა ის გამომწვევია, რაც შეიძლება ზედმეტმა მაკიაჟმა ან ქცევის მანერამ განსაზღვროს.

ქალში ბუნებრიობას ვაფასებ, თუმცა, თუ თვლის, რომ პლასტიკური ქირურგიის ჩარევა სჭირდება, არც ამის წინააღმდეგი ვარ.