გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში ძალოსნობის დარბაზი გაიხსნა

2018.10.22 13:40:43
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში ძალოსნობის დარბაზი გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში 20 ოქტომბერს კახი კახიაშვილის სახელობის ძალოსნობის დარბაზი გაიხსნა. 

 

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოდ სპორტი გორში მაღალ დონზეა განვითარებული, საქართველოში საკმაოდ წარმატებული სახეობა ძალოსნობა ამ რეგიონში აქამდე არ ვითარდებოდა და სწორედ ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს. ზერტში ძალოსნობის დარბაზი გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის და ადგილობრივი ბიზნესმენის თენგიზ ოქრუაშვილის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ამოქმედდა. გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, საქართველოს პარლამენტში გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ხუბულური, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი. დარბაზი საზეიმო გახსნაზე აკურთხა გორის და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ. ზერტის ძალოსნობის კეთილმოწყობილი კერა გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს შემადგენლობაში შევა და მოსწავლეთა პირველ ნაკადსაც მიიღებს. ,,ჩვენთვის პრიორიტეტულია მომავალი თაობის ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნვა და სპორტში მათი აქტიური ჩართვა. ადგილობრივი ახალგაზრდობა უთუოდ დაინტერესდება ძალოსნობით და დარბაზი მალე მიიღებს მოსწავლეთა პირველ ნაკადს. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ მათ მეცადინეობაში. სურვილი გვაქვს რომ ეს სახეობა გორის მუნიციპალიტეტში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული იყოს" – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორმა გიორგი პურიჭამიაშვილმა. ზერტში ამავე დღეს სტუმრებმა დაათვალიერეს ძიუდოს ახალგარემონტებული დარბაზი, შემდეგ კი ზერტის ტაძართან არსებული ხალხური შემოქმედების ცენტრი.

გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ზერტის ძალოსნობის დარბაზის გახსნის საზეიმო ღონისძიებიდან:

 

წყარო: https://www.facebook.com/1573298756053786/photos/a.2131543283562661/2131544100229246/?type=3&theater