"მის შემოქმედებაში ჩვეულებრივ ნივთს სიღრმისეული გრძნობა აქვს"

2017.11.27 13:21:49

მაია კაკაბაძე  -მხატვარი (დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემიის მულტიპლიკაციის  ფაკულტეტი)

 

მაია კაკაბაძის ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებში თემატიკა მრავალფეროვანია. მის შემოქმედებაში ჩვეულებრივ  ნივთს  სიღრმისეული გრძნობა აქვს მინიჭებული. მხატვარი აბსტრაქციითაც კარგად  გადმოგვცემს  აქტუალურ თემებს, რეალობასა და ბევრის ნაფიქრალ-ნააზრევს .

მაია კაკაბაძე ბავშვთა ხელოვნების ჯგუფ  „არტ-თაობის“ ხელმძღვანელია.  „არტ-თაობა“ სისტემატურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებსა და კონკურსებში, როგორც საქართველოში,   ასევე მის ფარგლებს გარეთ. „არტ-თაობა“ დაჯილდოებულია სხვადასხვა ქვეყნებიდან პრიზებით. ჯგუფის წევრები  არიან საქართველოს გამოჩენილი მხატვრების - თემო გოცაძის, ქეთი მატაბელისა და სხვათა რჩეულები.

 

მაია კაკაბაძე გაიზარდა ფიზიკა-მათემატიკოსების ოჯახში, რატომ აირჩია მხატვრობა?  -ამ კითხვაზე პასუხის გაცემა  მხატვარს უჭირს, თუმცა კარგად ახსოვს  6 წლის ასაკში  ზუსტად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა მომავალში. ეს საქმე კი, სწორედ მხატვრობა აღმოჩნდა. მისთვის სხვა პროფესიული არჩევანი არ არსებობს, თუმცა მხოლოდ არქეოლოგობაზე დაფიქრდებოდა, რადგან  ეს პროფესიაც აღმოჩენებთან ასოცირდება. 

მხატვარს კარგად ახსოვს  და დიდი სიყვარულით მოიხსენიებს  იმ ადამიანებს, რომლებმაც უდიდესი  წვლილი შეიტანეს მის პროფესიულ განვითარებასა და პიროვნულ ზრდაში. 

- ადამიანი, რომელმაც ხატვას მაზიარა  სამხატვრო აკადემიის გრაფიკის კათედრის პროფესორი მურად იამანიძეა. მის სახელოსნოში დავეუფლე ყველაფერს, რაც დღეს ვიცი, მათ შორის პედაგოგის ხელოვნებასაც. ბ-ნ მურადის სახელოსნო რენესანსის პერიოდის მხატვართა სახელოსნოების პრინციპზე იყო აგებული. აქ არ არსებობდა სწორხაზოვანი მიმართულება. ვსწავლობდი ყველაფერს, რასაც ხელოვნება მოიცავს. ამ ადამიანის დამსახურებაა, რომ მე დღეს ფერწერისა და გრაფიკის გარდა ვფლობ კერამიკას, ქანდაკებას, ვიცი ხესა და ლითონზე მუშობის პრინციპები. ეს არაჩვეულებრივი პედაგოგი დღესაც ასწავლის და ზრდის მომავალ თაობებს.  მეც,  ჩემს სამხატვრო  სტუდიაში მოსწავლეებთან ბ-ნ მურადის მეთოდით ვმუშაობ. შემდეგ იყო აკადემია, სადაც მხვდა წილად ბედნიერება მესწავლა ისეთ დიდ მაესტროებთან, როგორებიც არიან:  ალდე კაკაბაძე, ოთარ მუხიგული, გურამ დოლიძე და სხვა.  ჩემი დიპლომის ხელმძღვანელი იყო არაჩვეულებრივი მხატვარი ამირან ისიანი  (დამდგმელი მხატვარი და რეჟიროსი ცნობილი ანიმაციური ფილმებისა "მძლეთამძლე", "წყლის პირველი შროშანი" და სხვა). ორი წლის წინ გავიცანი  ცნობილი მხატვარი -ამირან კუპრავა, რომელმაც გარდატეხა მოახდინა ჩემს შემოქმედებაში, რაც ახალ ნამუშევრებში აშკარად იგრძნობა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი, როგორც შემოქმედის  საზოგადოებისთვის  გაცნობაში შეუფასებელი წვლილი მიუძღვის  ქ-ნ მაია ცომაიას, რომელიც აფასებს ხელოვნებას და უანგაროდ ეხმარება ხელოვან ადამიანებს. ასევე მადლობას ვუხდი პიარ სააგენტო „პროფილის „ ხელმძღვანელს ქ-ონ მანანა გეგიძეს, რომელიც საშუალებას გვაძლევს წარმოვჩნდეთ და გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები დიდი აუდიტორიის წინაშე.  განსაკუთრებულია ასევე  ჩემი მშობლების მუდმივი თანადგომა და დახმარება, ისინი რომ არა, მე დღეს არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ !   

მაია კაკაბაძე სისტემატურად მართავს  პერსონალურ გამოფენებს, ასევე მოსაწილეობს მხატვრებთან ერთად გამართულ ჯგუფურ გამოფენებსა და ფესტივალებში.

ამჯერადაც, 20 დეკემბერს , სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi -ში,   საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის“ მიერ დაგეგმილ, რიგით მე–15  ნაციონალური ბრენდების დაჯილდოების  „ქართული ბრენდის დღე 2017“ ცერემონიალზე  მოეწყობა მაია კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენა.