კანონი მკაცრდება - თევზაობის პირველივე შემთხვევა, შესაძლოა, 4 წლამდე პატიმრობით დაისაჯოს

2019.10.08 13:34:56
კანონი მკაცრდება - თევზაობის პირველივე შემთხვევა, შესაძლოა, 4 წლამდე პატიმრობით დაისაჯოს

თევზის მასობრივად განადგურების თავიდან აცილების მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ელექტროდენით, ელექტროშოკით, ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებებით თევზჭერასთან დაკავშირებით, კანონის გამკაცრებას აპირებს.

ელექტროდენით, თევზაობის პირველივე შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, იმ შემთხვევაში თუ დეპარტამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დეპუტატები მხარს დაუჭერენ.  სასჯელის ვადა კი, შესაძლოა, 6 თვიდან 4 წლამდე პატიმრობით განისაზღვროს.

კანონის გამკაცრება თევზის მასობრივი განადგურების შეჩერების აუცილებლობით არის გამოწვეული. 

"დღეის მდგომარეობით, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით თევზჭერა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ასევე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული სხვადასხვა შემთხვევებში. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ პირი განმეორებით ჩაიდენს ადმინისტრაციული დარღვევის შემდეგ ელექტროდენით თევზჭერის ფაქტს უკვე გამოდის სისხლის სამართლის დანაშაული. ამავე დროს, თუ პირი ელექტროდენით თევზჭერისას დაიჭერს დიდი რაოდენობით თევზს, რომლის ზიანის დაანგარიშების შემდეგ გამოვა მნიშვნელოვანი ზიანი ესეც სისხლის სამართლის დანაშაულია, ასევე, როცა პირი თევზაობს  ელქტროდენით აკრძალულ დროს, ან აკრძალულ ადგილზე. სხვა შემთხვევებში თუ ეს სამი კომპონენტი არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. ჯარიმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში არის 3000 ლარი. ამავე დროს, ელექტროდენის აპარატთან ერთად მოხსენებულია კანონმდებლობაში ასაფეთქებელი, ანუ მომწავლელი  ნივთიერებები და მასობრივი განადგურების თბოსაშუალებები, ანუ ეს სამივე განიხილება, როგორც თევზის მასობრივი განადგურების საშუალება, ვინაიდან ამ მოწყობილების გამოყენებისას გვხვდება, დიდი რაოდენობის თევზის დაღუპვა ან დაზიანება, მაგალითად, ელექტროდენით თევზჭერისას გარკვეულ რადიუსზე ხდება ათეულობით თევზების დაზიანება. თევზის ჭერის ეს მეთოდი არის მძიმე და დიდი ზიანის მომტანი თევზის რესურსისთვის, აქედან გამომდინარე გახდა საჭირო აუცილებლობა იმისა, რომ ელექტროდენის ასევე მომწამლავი და ასაფეთქებელი ნივთიერებებით თევზჭერა გამხდარიყო მთელი წლის განმავლობაში აკრძალული და ამაზე დამდგარიყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა",- განაცხადა ადამიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენა უახლოეს პერიოდში იგეგმება.

"ჯერჯერობით მთავრობაზე არ არის წარდგენილი კანონპროექტი, თუმცა ეს საკითხი საშემოდგომო სესიის დღის წესრიგში განიხილება, უახლოეს მომავალში წარდგენილი იქნება სამინისტროში, რის შემდეგაც უკვე დადგენილ პროცედურებს გაივლის და მოხვდება მთავრობის სხდომაზე. კანონში შეტანილი ცვლილების შემთხვევაში, პასუხიმგებლობა იქნება საკმაოდ მკაცრი. შემთხვევაზე პასუხიმგებლობა შესაძლოა განისაზღვროს 6 თვიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით", - განაცხადა არჩილ ადამიამ "პირველთან" საუბარში.