კავკასიური პოეზიის ფესტივალი „ანაკლია 2019“ 20-23 სექტემბერს გაიმართება

2019.09.11 15:06:23
კავკასიური პოეზიის ფესტივალი „ანაკლია 2019“ 20-23 სექტემბერს გაიმართება

  კავკასიური პოეზიის ფესტივალი  "ანაკლია 2019" 20-23 სექტემბერს ჩერქეზულ-ადიღეური კულტურის ცენტრის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ, რიგით მესამედ გაიმართება. ფესტივალი ტრადიციულად ტარდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ-კურორტ ანაკლიაში და ეძღვნება ზვიად გამსახურიას ხსოვნას. ორგანიზატორებთან ერთად ფესტივალის ორგანიზებაში პარტნიორია საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“. 

ფესტივალზე „ანაკლია 2019“ გამოიფინება ჩერქეზი მხატვრის ჯანტი ბაშის (აშშ) ნამუშევრები, რომლებიც ავტორმა საჩუქრად გადასცა ჩერქეზული კულტურის ცენტრს. ჯანტი ბაში დაიბადა იორდანიაში, ამჟამად ცხოვრობს ნიუ-ჯერსიში. დაამთავრა მოდის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და მუშაობს კომპანია „ბექტონ დიქსონში“ დიზაინის მიმართულების დირექტორად. გამოფენაზე სახელწოდებით „ნართ პატარაზის აღორძინება“ წარმოდგენილია ახალგაზრდა ნართული ეპოსის გმირის დროში მოგზაურობა ჩერქეზეთის წარმოშობიდან ამ ხალხის გენოციდამდე, ანუ ჩვენს ეპოქამდე. ჯანტი ბაში იყენებს გრაფიკას, საზოგადოდ, მისი შემოქმედება ეფუძნება ჩერქეზული მითოლოგიის მოტივებს.

კავკასიური პოეზიის ფესტივალის ფარგლებში ასევე პირველად შედგება კავკასიური თავსაბურავების გამოფენა. წარმოდგენილი იქნება კავკასიის ხალხთა მამაკაცის და ქალის თავსაბურავები.

ანაკლიის ფესტივალზე შედგება კავკასიური პოეზიის კრებულის წარდგენა, რომელიც ერთ წიგნში აერთიანებს ქართველი, ჩერქეზი, აფხაზი, ჩეჩენი, ინგუში, ხუნძი, დარღუელი და ოსი პოეტების ლექსებსა და პოემებს, აგრეთვე მათ თარგმანებს კავკასიელ ხალხთა ენებზე. კრებულის გამოცემის იდეა დაიბადა წინა წლებში ჩატარებულ ანაკლიის ფესტივალებზე და წარმოადგენს კავკასიელ პოეტთა მჭიდრო შემოქმედებითი თანამშრომლობის შეჯამებას.

    მერაბ ჩუხუა- პროექტის დამფუძნებელი, ორგანიზატორი და ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი: „ეს ფესტივალი ხელ უწყობს კავკასიელ ხალხთა შორის მეგობრობას ერთიანობის განცდას და მიზნად ისახავს მჭიდრო მეგობრული ურთირთობების განმტკიცებას. მნიშვნელოვანია, რომ წელს პირველად ამერიკელი მეცნიერები, ჰარვარდისა და პრინსტონის უნივერსიტეტების პროფესორები, გეგმავენ საკუთარი პრეზენტაციების წარდგენას კავკასიურ თემატიკაზე.ანაკლიის ფესტივალზე წარმოდგენილნი იქნებიან კავკასიაში მცხოვრები მწერლები, ლიტერატორები, მუსიკოსები და შემსრულებლები.ფესტივალის „ანაკლია 2019“ სპეციალური სტუმრები იქნებიან შვედი-ქართველი შემსრულებელი საბინა ჭანტურია-ვამლინგი და ოსი-ქართველი მომღერალი დიტო ქისიშვილი.   ტრადიციულად ფესტივალის საპატიო სტუმარია ინგუშეთის სახალხო მწერალი ისა ქაძოევი. „