გორში აგვისტოს ომის სახელობის კედელი გაიხსნა

2019.08.07 14:20:09
გორში აგვისტოს ომის სახელობის კედელი გაიხსნა

გორში აგვისტოს ომის სახელობის კედელი გაიხსნა. სტენსილი აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეძღვნება. იდეასა და შესრულებაზე არტისტმა გიორგი გაგოშიძემ იმუშავა. კედელი, რომელსაც ნატყვიარები 11 წლის შემდეგაც ეტყობა, რუსეთ-საქართველოს ომის თემატიკით და სიმბოლოებით არის დატვირთული, რომელიც მნახველს რუსულ ოკუპაციას კიდევ ერთხელ შეახსენებს.

 

თბილისის შემდეგ ეს უკვე მეორე სტენსილია, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინიციატივით შეიქმნა. გახსნას მისი დირექტორი ეკა გიგაური და სხვა წარმომადგენლები, კამპანია „ძალა ევროპაშიას“ მხარდამჭერებთან, მომღერალ გიორგი სუხიტაშვილთან და მსახიობ დუტა სხირტლაძესთან ერთად დაესწრნენ. 

 

„ორი თაობის წარმომადგენელი დავხატე მავთულხლართებთან, რადგან ოკუპაცია ყველა თაობის პრობლემაა. პატარა გოგოს მაკრატელი უჭირავს ხელში, რაც ერთგვარი იმედია, რომ ახალი თაობა შეძლებს ამ პრობლემის მოგვარებას. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს აგვისტოს ომი და მისი შედეგები, ის ადამიანები, რომლებიც შეეწირნენ მას და რომლებიც ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ დღესაც", - განაცხადა გიორგი გაგოშიძემ.

 

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. 

 

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

 

 

წყარო: იმედინიუსი